სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

პუბლიკა

სომხეთმა ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის მას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის დარღვევასა და სომეხი ხალხის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

როგორც „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური წერს, ამის შესახებ გაეროს სასამართლომ ხუთშაბათს განაცხადა.

სარჩელში სომხეთი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანი ათწლეულების განმავლობაში დევნიდა სომხებს და აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ წარმოებული ანტისომხური პოლიტიკის გამო, სომხები სისტემატურად განიცდიდნენ დისკრიმინაციას, ხდებოდნენ წამებისა და მასობრივი მკვლელობების მსხვერპლი. სომხების დევნის მოტივი კი მათი ეთნიკურობა იყო.

„ეს პრაქტიკა კიდევ ერთხელ გამოვლინდა 2020 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის აგრესიის დროს არცახის რესპუბლიკისა [მთიანი ყარაბაღი] და სომხეთის წინააღმდეგ… შეიარაღებული კონფლიქტის დროს აზერბაიჯანმა სერიოზულად დაარღვია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენცია ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“, – ნათქვამია სარჩელში.

სომხეთი სარჩელით ასევე ირწმუნება, რომ სამხედრო მოქმედებების დასრულებისა და სამშვიდობო რეჟიმის ამოქმედების შემდეგაც კი აზერბაიჯანმა განაგრძო სომეხი ტყვეებისა და მძევლების მკვლელობა, წამება და დამცირება.

სომხეთი მოითხოვს სასამართლოსგან, რომ დაუყონებლივ მიიღოს ზომები ამ დისკრიმინაციის შესაჩერებლად და სასამართლოს დასრულების შემდეგ პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს დაეკისროს.

აზერბაიჯანი კი საპასუხოდ ამტკიცებს, რომ სასამართლოში მათი სარჩელიც შეტანილია და 30-წლიანი ოკუპაციისა და დისკრიმინაციის გამო თავად სომხეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა პრესსპიკერის ლეილა აბდულაევას თქმით, აზერბაიჯანმა „სომხური ოკუპაციის“ დასრულების შემდეგ შეაგროვა საჭირო მტკიცებულებები, რომ სომხეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევისთვის.