თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო გაფარჩაკდებით, გონს მოეგეთ - კალაძე ოპოზიციას

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ბევრი ტყუილი გავრცელდა მეტროს ტენდერის თაობაზე და სურს, განმარტებები გააკეთოს.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 11 მარტს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მეტროს რუსულ კომპანია „მეტროვაგონმშენთან“ 170 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ეს კომპანია კი, მისივე თქმით,  საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს.

კალაძე განმარტავს, რომ მერიის ინიციატივით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადაფინანსებით თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა განხორციელდა. მისი თქმით, როდესაც ამგვარ პროექტს აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, შესყიდვები ყოველთვის ხორციელდება ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესყიდვების წესების შესაბამისად, ასე იყო მეტროს ვაგონების შესყიდვისას გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაშიც. კალაძე ამბობს, რომ  თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა ორგანიზაციის მერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ.

„მინდა, ხაზი გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს, ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში, საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა აქვს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რამდენიმე ეტაპია და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენც, როგორც ეს დადგენილი არის, მათი წესების მიხედვით მოგვიწია მათი წესების გავლა.

2021 წლის ნოემბერში უკვე გამოვლინდა გამარჯვებული აღნიშნული კომპანია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ იცით, რომ პირდაპირ ომს და სანქციებს უკავშირებდნენ ამ ყველაფერს და რამდენი სიბინძურე მოვისმინეთ, რამდენი არასწორი განცხადება მოვისმინეთ, ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან და მე მგონი ყველა კარგად ხედავს ამ ქვეყანაში, რომ, სამწუხაროდ, მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე, თემების გამოგდებაზე, სიყალბეზე და მერე გამოდიან დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან და ცხადია, როდესაც ასეთი სიცრუე არის, მათი დღის წესრიგი მერე არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩემო კარგებო, რომ ნულები ხართ, თუ ასე გააგრძელებთ კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და კიდევ უფრო გაფარჩაკდებით. გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც არის რეალური და ნამდვილი“,- განაცხადა კალაძემ.