USAID-ის ხელმძღვანელი: უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის

პუბლიკა

USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებით, რუსული კანონის ადგილი ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვის თავისუფლებაზე. ამის შესახებ მან დღეს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიციირებული კანონის საკითხი წამოიჭრა.

“ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტის კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მის შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო. ფუნდამენტურად, უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არა მხოლოდ აღიარებული, არამედ ასევე – დაცულიც”, – განაცხადა მან „ამერიკის ხმის” ცნობით.

რუსულ კანონზე დღეს სენატში განცხადება გააკეთა სენატორმა ბენ კარდინმაც. მან თქვა, რომ კანონთან დაკავშირებით ესაუბრა საქართველოს ელჩს და გაუზიარა შეშფოთება, რომ ამან, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.