წულუკიანმა სამუშაო კაბინეტი ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გადაიტანა

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკუთარი სამუშაო კაბინეტი კულტურის სამინისტროს შენობიდან ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გადაიტანა, – ამის შესახებ „პუბლიკასთან“ სამი სხვადასხვა რესპონდენტი საუბრობს.

რესპონდენტის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი სამინისტროს შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. მისივე ცნობით, წულუკიანთან ერთად მუზეუმის შენობაში მისი მოადგილეებიც გადავიდნენ.

მეორე რესპონდენტი ამბობს იმასაც, რომ კულტურის მინისტრი მანქანების პარკინგისთვის  ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოს იყენებს, რომელიც სამუზეუმო სივრცეა და წესით, სამუზეუმო სივრცეში მანქანის პარკირება არ უნდა იყოს დაშვებული და შენობის ჭიშკარი ყოველდღე არ უნდა იღებოდეს.

„ამ ადამიანმა არ იცის, რას ნიშნავს სამუზეუმო სივრცე. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპონატის გადატანის ან და სხვა მიზნით შიდა ეზოში მანქანის შესვლა იყო საჭირო, ამისთვის სპეციალურად განცხადება იწერებოდა, რომ ეზოში მანქანის შესვლაზე ნებართვა გაცემულიყო. ახლა მუზეუმის ჭიშკარი მუდამ ღიაა, რაც დაუშვებელია“, – განაცხადა მან.

ამავე შენობაშია ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის კაბინეტიც. მის მიმართ მინისტრმა სხვადასხვა ბრალდება არაერთხელ გააჟღერა.

„პუბლიკის“ კორესპონდენტი იმყოფებოდა ჯანაშიას მუზეუმთან, სადაც კულტურის სამინისტროს ბანერია განთავსებული, თუმცა კარი დაკეტილი დახვდა.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს, თუ რა მიზეზით გადავიდა მინისტრის კაბინეტი ჯანაშიას მუზეუმის შენობაში, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურმა ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.