მართლა ძალიან უცნაური დამთხვევა იცის ამ ვითომ მარტივმა წუთისოფელმა. ზუსტად 20 წლის წინ, 1999 წლის ოქტომბერში შევედი პირველად პანკისის ხეობაში. ეს იყო ჩემი ე.წ. „ცხელ წერტილებსა“ და „კონფლიქტურ რეგიონებში“ წანწალის პირველი „საბრძოლო ნათლობა“. და ის რეპორტაჟი „დილის გაზეთში“ დაიბეჭდა.
მაშინ, 20 წლის წინ, როდესაც ჩეჩნეთის მეორე და კიდევ უფრო სისხლისმღვრელი და სასტიკი ომი, სულ რაღაც, ერთი თვის დაწყებული იყო, ასე მარტო და უპატრონოდ პანკისის ხეობაში რომ შესულიყავი ან „ლომკისგან“ სასიკვდილოდ გატანჯული და განწირული ნარკომანი უნდა ყოფილიყავი, ან თავზეხელაღებული გიჟი.
მე ნარკომანი არ ვყოფილვარ. ყოველთვის სასმელი მერჩივნა. ნარკოტიკი მხოლოდ ხილად, ისიც ძირითადად ანაშა, იგივე თრიაქი, პლანი ბატონო, რომელიც ახლა ლამისაა პარლამენტის სხდომაზეც ააფეთქონ, საზავო მოლაპარაკებაზე დამსხდარი აპაჩების, სიუს ან იროკეზების ტომის ინდიელებივით.
ძმები ზაალიშვილები, ინგლისელი ბიზნესმენი პიტერ შოუ, დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი – ეს იმ წლებში პანკისის ხეობაში გატაცებული ხალხის საკმაოდ არასრული ჩამონათვალია. ნაკლებად ცნობილი ფაქტები და ადამიანები კიდევ სხვა იყო. არ ყოფილა საქართველოში, კავკასიასა თუ მთელ რეგიონში მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი კრიმინალური, თუ პოლიტიკური საქმე, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ პანკისის ხეობისთვის არ დაეკავშირებინათ, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობით დაწყებული, უსამა ბინ ლადენის, ავღანეთის თორა ბორას მთებიდან, პანკისის მთებში გამოჩენის ვერსიით დამთავრებული. ამ პატარა ფშავური, ქისტური და ოსური სოფლებით მოფენილ, სულ რაღაც, 14 კილომეტრის სიგრძის ხეობას BBC, CNN და Euronews სიუჟეტებსა და რეპორტაჟებს უძღვნიდა. მაგ ბოზისშვილმა პუტინმაც საქართველო სამხედრო თვითმფრინავებით პირველად სწორედ პანკისის ხეობაში დაბომბა და რუსული საჰაერო აგრესიის პირველი მსხვერპლიც იმ დღეს პანკისის ტყეში შეშაზე სატვირთო მანქანით წასული ახმეტელი ბიჭები იყვნენ. ხშირი იყო შეიარაღებული შეტაკება ახმეტა-დუისის გზაზე და მსხვერპლიც, როგორც ძალოვნების მხრიდან, ასევე ადგილობრივ ქისტ ბიჭებშიც.
ახლა რომ ვუყურებ, 24 წლის ბიჭს თავში რომ გიქრის, თორემ სად მივდიოდი? თან მარტო, თბილისი-ჯოყოლოს სამარშრუტო ტაქსით. კაციშვილს არ ვიცნობდი. გზაში დამაღამდა. ბარჯისხევთან წყალზე რომ გავჩერდით, ახმეტამდე წამოსულმა თუშის ბიჭებმა მითხრეს, თუ ქისტი მასპინძელი და ძმაკაცი არა გყავს, არ შეხვიდე, შარში გაეხვევი, თან ღამდება, რამე ხათაბალას არ გადაეყარო, წამო ჩვენ გიმასპინძლებთო. მთიელების ქიშპი მოგეხსენებათ, თანაც ასეთ დროს, მაგრამ შემრცხვა უკან დახევის, გამიტყდა რა… შეგეშინდა, გადაუხვიე, წაყევი ამ უცხო ხალხს ჩანჩალით, სამადლოდ ღამე გაგათევინონ!… მეც ხომ მთიული ვარ არა?… ან ის თუშის ბიჭები რას იფიქრებდნენ – საღოლ, მაგარი ბიჭიაო?… თუ თავი არა გაქვს, სად მიდიხარ, ამ ხალხის იმედზე და ანაბარას წამოხვედი?… შენს ქვეყანაში, შენს მიწაზე, ჰა, თავი-ბოლო ამაზე უარესი რა უნდა მოგივიდეს, ამ სირცხვილზე?…
ბედი უნდა ყველაფერს, მაგის დედა ვატირე რა, რომ მაშინ არ იყო ეგრე მოდაში და მეინსტრიმული: – „ვაიმე და მეშინია, მეშინია, მიშველეთ და ეგზისტენციალური ლირიკა…“ არ ითვლებოდა რა ახალ სიტყვად. არ იყო საინტერესო. აი, ეგეთი ბნელები ვიყავით და დენიც ხომ არ იყო! პანკისში დენი სად იყო? თბილისში ჭირდა.
წავედი და შევედი. იყო ამბები, განა არ იყო. როცა რამე არ მომწონდა, ყოველთვის პირდაპირ ვამბობდი, მაგრამ ეს უფრო ჩვენი, შიდა ფხოვურ-ვაინახური გარჩევები იყო, რასაც თავადვე ვაგვარებდით და ვალაგებდით. მთავარი იყო ნდობა და ერთგულება და ეგ სიკვდილის მერეც ეგრე იქნება. მაგას არ მოვშლით. სწორედ ამიტომაც, არის რაღაცები, რასაც არასდროს არ დავწერ, და არც „მასმედიური აქტუალურობა“ და არც „რეზონანსული გაჟღერებადულობა“ არ მენაღვლება ასი წელი. აი, ეგ კიდევ ჩვენებური, კავკასიური რომანტიკა და ლირიკაა, ჩვენ საკუთარი ფასეულობები გვაქვს, ძველი და ბარბაროსული და მორჩა.
გამიმართლა. გაურგაშვილებთან მოვხვდი, დუისში არა, წინუბანში. სიბნელეში მხარი ამექცა, ალაზანი სხვაგან გავტოპე და დუისის ნაცვლად წინუბანში ამოვყავი თავი. მახსოვს, ალაზნის ჭალაში დაკარგული, ცალკე წვიმისგან, ცალკე ალაზნისგან დაჟიებული და სველი, ჩემივე ხმას ვიწერდი დიქტოფონში, თუ ცოცხალი ვერ გავაღწევდი, ხმა მაინც რომ დარჩენილიყო. მერე მბჟუტავი ლამფა დავინახე, იქით წავედი და ხომ გეუბნებით, გამიმართლა. გაურგაშვილების სახლში მოვხვდი – პანკისში ცნობილ ტოტიას ბიჭებთან, ეელასთან და ალაუდინასთან. თავიდან მათაც ნარკომანი ვეგონე – როგორც მოგახსენეთ, იმ წლებში დანარჩენი საქართველოდან მხოლოდ ნარკომანები ან გიჟები შედიოდნენ ამ ხეობაში, მაგრამ, როდესაც შეციებულმა არყის ბოთლი მოვიდგი და წამალი წამლადაც არ მიხსენებია, ისინიც მიხვდნენ, რომ არ ვიყავი ნარკომანი…
იმ ღამის მერე ოცი წელია, ვძმაკაცობთ. ფაქტობრივად, მათი თეიფის – საგვარეულოს წევრი ვარ და ამ გაურგაშვილებთან, პანკისის ხეობასა და დანარჩენ საქართველოსთან ერთად, ყველა ის უბედურება გამოვიარეთ, რაც ამ წლებში მომხდარა – შევარდნაძის ძაღლების თარეში პანკისის ხეობაში, თარგამაძის მიერ ხეობის, ახმეტის რაიონისა და ლამის მთელი კახეთის წამალზე შესმა, იქაურობის აგენტებით გავსება, განუკითხაობა, ქაოსი და არეულობა, რამაც სულ ადგილობრივი, მშვიდობიანი ქართველი, ქისტი და ოსი მოსახლეობის კისერზე გადაიარა. ამას დაამატეთ ორი უსასტიკესი ომი პანკისელი ქისტების ისტორიულ სამშობლოში – ჩეჩნეთში, რუსეთის ბომბებსა და „ჩერნოკოზოვოს“ საკონცენტრაციო ბანაკებსა და ჯოჯოხეთურ წამებას გამოქცეული ქალები და ბავშვები, როდესაც პანკისის ხეობის ქისტურ სოფლებში თითო სახლში 15-დან 35-მდე ლტოლვილი და გაუბედურებული ადამიანი ცხოვრობდა. აქვე იყვნენ, გროზნოსა და ბამუტის ალყაგამოვლილი, ხელ-ფეხდაგლეჯილი ჩეჩენი მებრძოლები და მათი საველე მეთაური იბრაჰიმ მახაური, რომელმაც, რომ გაიგო, მთიული ვიყავი, თვალები გაუბრწყინდა: „როდსტვენნიკ, ია ტოჟე ვაშ, მოი პრადედ სულეიმან იზ დუშეტიო“ – თუშეთი კი არა, დუშეთი – რაიონული ცენტრი ახსოვდათ. ხორცები ჰქონდა ამოგლეჯილი ჭურვის ნამსხვრევებისგან. ეწეოდა და სვამდა 90-იანი წლების მებრძოლის ყაიდაზე. მაშინ სალაფიტურა ისლამი ჯერ კიდევ არ იყო მომძლავრებული. ეგეც ჩემს თვალწინ მოხდა, დაღესტნის აულებიდან, ბოთლიხიდან და ანწუხიდან დაიწყო გავრცელება სალაფიტურმა „სუფთა ისლამმა“ და მალე მთელ ჩრდილო კავკასიაში მოიკიდა ფეხი. იქიდან კი პანკისშიც გავრცელდა. ჩემმა ქისტმა ძმაკაცებმაც, ერთბაშად, ერთიმეორის მიყოლებით აიკრძალეს მოწევა და დალევა, ყურანი გადაშალეს და მეჩეთებში შებრუნდნენ.
მერე იყო ჯარის შემოსვლა შევარდნაძის დროს და ბლოკპოსტების ჩადგმა მატნიდან დუისამდე და თვითონ ხეობაში.
ხო, მანამდე, 2000 წლის დეკემბერში კიდევ ერთი დიდი კრიზისი იყო – ტყიდან ახმეტელი ვალერა სამხარაძე გაიტაცეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. საპასუხოდ კახელებმაც ერთი ამბავი დაატრიალეს. საქმის გასარჩევად ჩამოსული კახა თარგამაძე თავისი ხალხიანად კინწისკვრით გაყარეს ახმეტიდან, მაგრამ საბოლოოდ ეს შეხლა-შემოხლაც მშვიდობიანად დამთავრდა.
სამწუხაროდ, ამ ბლოკ-პოსტების ჩადგმას და ძალოვნების ოპერაციას მსხვერპლიც მოჰყვა – ერთ-ერთ შეტაკებას გუმაშვილი შეეწირა.
მერე იყო ლაფანყურის სამარცხვინო „სპეცოპერაცია“, როდესაც 2012 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მიხეილ სააკაშვილმა და მისმა „ნაცმოძრაობამ“ ეს ბიჭები ჯერ შეკრიბეს, მათი ნაწილი ევროპიდან ჩამოიტყუეს, მერე კი ღალატით ჩახოცეს ლაფანყურის ტყეში, დაღესტნის საზღვართან. პირველად სწორედ აქ გაისმა ცალხელა ახმედას – ახმედ ჩატაევის სახელი, რომელმაც შეტაკებაში ფეხიც დაკარგა. მერე ამ ბიჭების ცხედრების გადაცემაზეც კი უარს ამბობდნენ, სპეკულირებდნენ, უტიფრად აცხადებდნენ, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და მათთვის გათხრილი სამარეებიც კი, სამარეები კი არა ორმოებიაო! საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ კი არა, ერთ-ერთ მათგანთან, ბაჰაუდინ ალდამოვთან ერთად დუისში ქორწილში ვარ ნამყოფი.
არასოდეს პანკისის ხეობა ასეთი გაოგნებული და გამწარებული არ მინახავს, როგორც ლაფანყურის ე.წ. „სპეცოპერაციის“ დროს, როდესაც თითქმის ერთკვირიანი სამარცხვინო ვაჭრობის შემდეგ მიცვალებულები ღამის 5 საათზე შემოვლითი გზებით ამოატარებინეს, მანამდე კი ჭირისუფლებს ემუქრებოდნენ, აშანტაჟებდნენ და გლოვის ნიშნად ჭიშკრის გაღებას უკრძალავდნენ.
მალე სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ამ და სხვა ცოდვების გამო პასუხი მიიღო. დაწანწალებს ახლა და დროდადრო თავს იმხნევებს – „დავბრუნდებიო!“…
სად დაბრუნდება, როცა აქ თავისნაირი და თავისზე უარესი ჩათლახები დატოვა – ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“. ამათ კიდევ აიღეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს შუაღამისას სახლში შეუცვივდნენ და სრულიად უდანაშაულო, მძინარე 19 წლის ბიჭი ლოგინში დაუხვრიტეს. ამის შემდეგ კი სამარეების ორმოებად გასაღებისა არ იყოს, წელიწადნახევრიანი ე. წ. „გამოძიების“ შემდეგ რამდენიმე ვიდეოკადრი დადეს ვითომ მტკიცებულებად, სასიკვდილოდ გამეტებული თამერლანი მაღაზიაში ორ ბიჭთან ერთად მობილურს როგორ ყიდულობს და, თურმე, ის ბიჭები რაღაცებში გარეულები ყოფილან… მეტი ვერაფერი ნახეს. ამისთვის შეუცვივდნენ მაჩალიკაშვილებს ოჯახში და ერთადერთი გვარის გამგრძელებელი პირდაპირ ლოგინში, ბალიშზე მოუკლეს და ბოდავენ ახლა, ვეღარ გაურჩევიათ, ბავშვს მობილური ეჭირა ხელში თუ ხელყუმბარა. საშინელი, უპატიებელი დანაშაული ჩაიდინეს, როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახის, ისე პანკისის ხეობისა და მთელი საქართველოს წინაშე. ამ დანაშაულის აღიარების გამბედაობაც არ ჰყოფნით და საერთოდ ხმა აღარ აქვთ ამოსაღები.
მერე იყო 2019 წლის 21 აპრილი, როდესაც ქისტის ბებოებმა რბოლით ჩამოავლევინეს პოლიციელებს გრძელი ალაზნის ჭალა და მთელი თბილისი და საქართველო ნერვიულობასთან ერთად სიცილს ვერ ვიკავებდით და გულიანად ვგულშემატკივრობდით ამ ჯოხმომარჯვებულ ქისტ ბებოებს. ვინც ამ ხეობას ვიცნობთ, ყველამ ვიცოდით და ვგრძნობდით, რომ ეს მხოლოდ ჰესები კი არა, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში დაგროვილი ტკივილი, წყენა და შეურაცხყოფა იყო და ამოხეთქა.
თუმცა, თავისთავად, ეს გაუთავებელი ჰესომანია არანაკლები პრობლემაა და ამ დღეს პანკისელმა ქისტებმა, დანარჩენი საქართველოს საზოგადოების ჯანსაღ ნაწილთან ერთად, რეალურად შეუნარჩუნეს ეს ულამაზესი ხეობა საქართველოს და ვიღაც დედაატირებული ინვესტორების ჰესებს, „ტრუბებს“ და მაყუთს არ გადააყოლეს. და ამ დღეს ყველანი მაგრად გადავრჩით ამ არეულობას კიდევ ახალი მსხვერპლი რომ არ მოჰყვა – ღმერთმა არ ინება. და დარჩა ორი გრანდიოზული კადრი – როგორ აწვდიან წყალს ქისტები მათივე ნასროლი ქვებით დაზიანებულ სპეცრაზმელს და მეორე, როგორ გამოჰყავთ ქართველ სპეცრაზმელებს მათ მიერვე აკოჭლებული ქისტი ხელით და კადრში მათ ხმა: „ორნი მოდით და თქვენი კაცი გაიყვანეთ!“… მაინც სხვანაირი ქართულ-ქისტური ჩხუბი გამოვიდა, ჩვენ რომ ვჩხუბობთ ხოლმე, ისეთი!.. მაგრამ გადავრჩით და ეს სულ უნდა გვახსოვდეს!
საერთოდ, მთელი საქართველოსა და კერძოდ პანკისის ხეობისადმი პოლიტიკოსების, უკლებლივ ყველა ხელისუფლების დამოკიდებულება, შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირიდან“ დაწყებული, სააკაშვილის „ნაცებითა“ და ივანიშვილის „ქოცებით“ დამთავრებული (ამ სამივე პოლიტიკურ პალიტრაში ერთი და იგივე სამარცხვინო სახეების ტრიალი კიდევ ცალკე თემაა), მხოლოდ ერთ რამეს მაფიქრებინებს: ქართული პოლიტიკური ე.წ. „ელიტის“ იდიოტიზმს, ნაძირლობას, ლაჩრობას და სისასტიკეს საზღვარი არა აქვს!… და თავხედობას!…
1850-იანი წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ვაინახური თეიფი – მაისთო, მელხი, დიშნი, ჰილდიჰაროი, ძირითადად, საქართველოს მოსაზღვრე მთიანი ჩეჩნეთის, ლაამროის საგვარეულოები (ლაამ ჩეჩნურად – მთა) პანკისის ხეობაში ჩამოსახლდნენ, არც სიტყვით, არც საქმით, არც იარაღით, საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯი არ წაუდგამთ. არ არსებობს ქისტი, ქართული სუფთად რომ არ იცოდეს, პირიქით რუსეთთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ორასწლიანი ომის ყველა ბრძოლასა და შეტაკებაში მონაწილეობდნენ, 1921 წელს, 1924 წლის აჯანყების დროს „აქტიურად იბრძოდნენ პოლკოვნიკ ქაიხოსრო „(ქაქუცა) ჩოლოყაშვილის რაზმში – დათიკო ფარეულიძე, ჰააკეი აჭაშვილი, ბაღაკაშვილი, ციხესაშვილი, გაურგაშვილი – მათი საერთო ფოტოც კი ინახება პანკისის ხეობაში. პანკისელი ქისტები აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთთან აფხაზეთის ომში, 1992-1993 წლებში, ძირითადად, იბრძოდნენ ახმეტის მოხალისეთა ბატალიონში. ბევრნი ომობდნენ 2008 წლის 5-დღიან ცხინვალის ომში, ისევ რუსეთთან… და ძალიან სწყდებათ გული, როდესაც ყველას ახსოვს ჩეჩნების მონაწილეობა აფხაზეთის ომში რუსეთის მხარეს და თითქმის არავინ იცის, და არავის ახსოვს, რამდენი პანკისელი ქისტი ომობდა თავისი სამშობლოს – საქართველოს მხარეს, თუნდაც სულ ახლახან ბერლინში რუსებისგან მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის სახით და რამდენი ქისტია კიდევ მზად, დაიცვას თავისი სამშობლო. მეტიც, ხშირად პანკისელ ქისტებს აყვედრიან ჩეჩნების მონაწილეობას აფხაზეთის ომში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში (ეს ე.წ. „სოციალური ქსელები“ კიდევ ცალკე მარაზმი და ცალკე ამბავია), რაც ძალიან დიდი უსამართლობაა. ეს იგივეა, 1944 წლის 23 დეკემბერს ვაინახების დეპორტაციისთვის, სტალინის, ბერიას ან გვიშიანის ეთნიკურად ქართული წარმომავლობის გამო, პასუხი მე და თქვენ მოგვთხოვონ. მაგალითად, გვიშიანმა მარტო იმიტომ, რომ ხალხის ციმბირში გადასახლებას ვეღარ ასწრებდა, ტექნიკური მიზეზების გამო, მთელი სოფლის, ხაიბახის მოსახლეობა, მათ შორის ფეხმძიმე გოგოები, ფარდულებში შეყარა და ცოცხლად ამოწვა. მე პირადად ამ ჯოჯოხეთურ ცოდვას ნამდვილად ვერ ავიღებ თავზე!.. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვაინახების დეპორტაციამდე 20 წლით ადრე, სწორედ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის აჯანყების დროს, იმავე სტალინმა ჩემი წინაპარი ქურხულები, თითქმის მთელი ოჯახი ამომიწყვიტა, რადგან ამ რუსული, სიცრუითა და დესპოტიზმით სავსე საბჭოთა კავშირში ცხოვრება არ გვინდოდა.
მეორე მხრივ, ასევე ძალიან ცოტამ იცის ის ფაქტიც, რომ ამ სასტიკი დეპორტაციის დროს, იმავე 1944 წელს, ქართველმა მეცნიერებმა, ისტორიკოსებმა და ინტელიგენციამ, თავიანთი თავისუფლებისა და სიცოცხლის რისკის ფასად არ მისცეს პანკისელი ვაინახების – ქისტების გადასახლების უფლება და მათი დამსახურებით, იმ წლებში (1944-1956) ერთადერთი მკვიდრი ვაინახური დასახლება კავკასიაში მხოლოდ პანკისის ხეობაშიღა იყო შემორჩენილი.
და ამასობაში 20 წელიც გავიდა. პანკისის ხეობისა და მთელი საქართველოს 20 წელი. ერთად გავჭაღარავდით მე და ქისტი ტოტიას ბიჭები, ეელა და ალაუდინა. ამ 20 წელიწადში პანკისზე იმდენი მაქვს დაწერილი, ერთი წიგნი ნამდვილად გამოვა. რეპორტაჟების გარდა, პანკისელი ქისტები ჩემს ჩანაწერებში, მოთხრობებსა და რომანშიც დარჩნენ: „ჩანაწერები 1993-2014“, მოთხრობები – „აჭარელი“ და „წინა დღეს“, რომანი „სამოთხიდან გაქცეულები“. ეს წიგნები სხვადასხვა ენაზე ითარგმნა, სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის ნომინანტები და გამარჯვებულები არიან, ამიტომ ახლა ლიტვაში, ჩეხეთში, პოლონეთსა და იტალიაში მიწევს პანკისის ხეობასა და ვაინახებზე მოყოლა.
აღარც ვაპირებდი პანკისზე რამის დაწერას, განვმეორდები-მეთქი. არ განვმეორდი იმდენი აქვს დატოვებული ამ დალოცვილ ხეობას. ერთი სათაურს მოვპარავ საკუთარ თავს – „ჩემი პანკისის ხეობა“ და ეგ არის!..
„თუ პანკისი ჩემი სახლია“ დავარქვა?… უცნაური ის არის, რომ მთელი ამ განსაცდელისა და ტრაგედიის მიუხედავად, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მე, პირადად, არსად ისე უსაფრთხოდ არ მიგრძვნია თავი, როგორც ამ სხვანაირად დამუხტულ, ულამაზეს ხეობაში, ჩემს გაურგაშვილებთან.
ვერა ვარ?… შეიძლება!
აკი მოგახსენეთ, 20 წლის წინ, 1999 ოქტომბერში, პანკისის ხეობაში რომ შესულიყავი ან ნარკომანი უნდა ყოფილიყავი, ან გიჟი-მეთქი.
ხოდა, ჩემი საბურთალოელობის მიუხედავად, სიცოცხლეში ნარკომანი არ ვყოფილვარ.
სოვ ქერისტე ფხიე, გურჯიე ლაამრო!
და პანკისი ჩემი სახლია!