28 მაისი
მთელი ღამე წვრილად წვიმდა; დილამდე ჟინჟღლავდა. განგაშის ხმაც გაცილებით ახლოდან ისმოდა. ჩვენი გუშინდელი სიმთვრალისა და ომახიანი ბრავადისგანაც აღარაფერი დარჩა, იმის მიუხედავად, რომ წვიმამ გადაიღო და წვიმას გაჰყვა განგაშის სიგნალიც… კიევში მზემ გამოანათა და ვალერა სერგეევის ეზო, მდინარე დნეპრის სანაპირო და მთელი უბანი ნაწვიმარი მაისისა და გაზაფხულის გადასარევი სურნელით და თავბრუდამხვევი არომატით გაჯერდა…
რაღაც უცნაური ცა არის უკრაინაში – ქართული თუ საოცრად ღრმაა ღრუბლიან ამინდშიც კი, უკრაინის ზეცა სივრცეშია გაშლილი, მისი მიწასავით; თითქოს ცდილობს, გადასწვდეს მის უკიდეგანო სტეპებსა და ველ–მინდვრებს. ბოლომდე გადაეფაროს და დაიცვას მისი ტერიტორია და მოსახლეობა (და ახლა არ დამიწყოთ, ზეცა ყველგან ერთიაო; ვისაც ცა და ატმოსფერო ერთმანეთში გერევათ, სჯობს, თვითონვე გამეშვათ)…
ტელევიზორში უკრაინელი სამხედრო ექსპერტის – ოლეგ ჟდანოვის გამოსვლას ვუსმენთ. 19 დღეა, უკრაინაში ვართ და დღემდე, ყველაზე მეტად რაც მომწონს და მეტიც, მშურს კიდევაც, თუნდაც სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით, ეს არის აბსოლუტური სიმშვიდე, გაწონასწორებულობა და ორგანიზებულობა… არც ერთი ზედმეტი სიტყვა; არავინ არ ფართიფურთობს, არ პანიკობს; არავინ არ ჩხუბობს უაზროდ, არ ცრუობს, არ ჩქმალავს პრობლემებს, შეცდომებს, წარუმატებლობას – ყოველ შემთხვევაში, რასაც მე ვუყურებ, ასეა… ქვეყნიდან ვერც ერთი ზრდასრული მამაკაცი ვეღარ გადის… სროლა არ შეგიძლია, სხვანაირად დაეხმარე სამშობლოს – სანგარი გათხარე, პური გამოაცხვე, დაწერე, გადაიღე, სატელევიზიო რეპორტაჟი გააკეთე; შენს საქმეს მიხედე, მოკლედ… ყველა ცდილობს, თავისი საქმეს მიხედოს…
როგორ არ გაგახსენდება ჩვენი აფხაზეთის ომი, რომელიც ორი რამით გახლავთ უნიკალური: ერთი იმით, რომ ომი წააგო მხარემ, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია; მეორე კი, იმით იყო უნიკალური, რომ ქართული სამხედრო შენაერთები, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ქართული არმია უკვე არსებობდა, მთლიანად მოხალისეებისგან იყო დაკომპლექტებული. ყოველ შემთხვევაში, მე არც ვიცი და არც გამიგია, აფხაზეთის ომში ვინმე გაეწვიათ, ძალით წაეყვანათ, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ, დეზერტირობისთვის გაესამართლებინათ და ა. შ. (აგერ ამერიკელებმაც კი, თავიანთი ცნობილი მოკრივე და კუმირი მუჰამედ ალი, ვიეტნამში წასვლაზე უარის გამო, უკვე 1968 წელს დეზერტირობის მუხლით გაასამართლეს და 5 წლით აუკრძალეს რინგზე გასვლა, რითაც, ფაქტობრივად, მთელ კარიერას უნგრევდნენ…) მეტიც, ზუსტად ვიცი, რომ საბრძოლო ოპერაციებზე გასვლის წინ მეთაურები თანამებრძოლებს ეუბნებოდნენ: „ძმებო მურტალ შუხურში გავდივართ; შეიძლება, ბევრი ჩვენგანი ვერც დაბრუნდეს; ვისაც გული ცუდს გიგრძნობთ ან ცუდი სიზმარი ნახეთ, დარჩით, ნუ წამოხვალთ, ვინც მაგრა ხართ, წავედით…“ აი, ასეთი იყო ქართული ომი, ალბათ, ანალოგია არცა აქვს მსოფლიოში… არც არავინ არ რჩებოდა – ვინ იტყოდა, მეშინია და მამიდაჩემი ბოზიაო, მაგრამ მაინც იყო ასეთი შემთხვევებიც: აეგრე, წამოხვალ, ჯიგარი ხარ, არა და, როგორც გინდა… სამაგიეროდ, შენი დრო რომ მოვა, 21-ე საუკუნეში, დაწერ ან მოჰყვები ტოქშოუებში, როგორი უაზრო ომი იყო, როგორი ნარკომანები იყვნენ, შენ კი უფრო ჭკვიანი აღმოჩნდი და იმთავითვე მიხვდი…
იყო ასეთი ისტორიები და დამოკიდებულება, ომთანაც და ერთმანეთთანაც; კიდევ უფრო მეტი, ომში დისციპლინის დარღვევისთვის ერთ–ერთი სასჯელი იყო ომიდან გაგდება (!) ანუ ფრონტის ხაზიდან და ცეცხლიდან გარიდება. თავის წიგნში – „მესამე განზომილება“ ჯაბა იოსელიანი იგონებს, რომ „მხედრიონისგან“ აღებულ აფხაზურ სოფელში პოლიცია შეუშვეს, წესრიგის დასამყარებლად. ამ პოლიციის რაზმს ღამით რაღაც მოეჩვენა თუ შეეშინდა და, მოკლედ, ეს სროლით, სისხლითა და მსხვერპლით აღებული სოფელი ასე ერთი ტყვიის გაუსროლელად დატოვეს. არც არავის შეუტევია ისე გამოიქცნენ და სულ სირბილით ჩამოვიდნენ ოჩამჩირეში. გაბრაზებულმა ჯაბა იოსელიანმა, პოლიციის მთელი რაზმი ასე ყველას დასანახად მოაწყო, ეჩხუბა, აგინა, შეარცხვინა და შემდეგ ასე დასაჯა: ჩააბარეთ იარაღი და დაიკარგეთ აქედან, თქვენი ფეხი აღარ ვნახო; თქვენ რა ღირსები ხართ, სამშობლოს იცავდეთო… მენტებმაც, რა თქმა უნდა, აღარც გაამეორებინეს – დაალაგეს იარაღი და ახლა ენგურის ხიდამდე ირბინეს შვებით… ვიმეორებ, ეს ამბავი თავად აქვს აღწერილი ჯაბა იოსელიანს თავის „სამ განზომილებაში“. ის პოლიციელები კარგი, „ძაღლობის“ ნაომარი არ გაიშვას არსად, მაგრამ თავადაც ვერ ხვდებოდა, რომ, ფაქტობრივად, სამხედრო ტრიბუნალს გადასაცემი ხალხი გაუშვა… და ვერც მიხვდა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან… შევარდნაძის ღალატისა და რუსეთის ვერაგული ხრიკების გარდა, ასეთმა ამბებმაც განაპირობა ჩვენი აფხაზეთის ომში დამარცხება, რუსეთის წინააღმდეგ.
უკრაინაში ასეთი რამ გამორიცხულია. ახლაც ოლეგ ჟდანოვი სრულიად მშვიდად და საქმიანად განიხილავს ომის მიმდინარე მოვლენებს – ამ ეტაპზე ყველაზე მძაფრი ბრძოლები სუმი–ხარკოვის გზაზე, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევერნოდონეცკთან, რომელსაც ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრება, ლისიჩინსკთან, ბახმუტთან და სამხრეთით მარიუპოლის დაკავების შემდეგ ზაპოროჟიეს მიმართულებით მიმდინარეობს… პირველი კატასტროფული მარცხის შემდეგ, რომელიც კიევის მისადგომებთან, ირპენთან, ბუჩასა და ხარკოვის მისადგომებთან იწვნიეს და მარიუპოლში ბატალიონ „აზოვის“ გმირული და თავზეხელაღებული წინააღმდეგობის შემდეგ – „აზოვსტალში,“ რომელიც ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იგერიებდა რუსების იერიშებს, რუსეთის არმიამ რადიკალურად შეცვალა ტაქტიკა. რეზერვები მოიშველია და ფრთხილად, ნაბიჯ–ნაბიჯ, მთელი თავისი საარტილერიო, საავიაციო და სარაკეტო ჯარების რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებით დაიწყო უკრაინის მიწის და მისი დამცველებისა და მცხოვრებლების დაუთოვება და განადგურება. რაც უნდა მოძველებული იყოს ეს ტექნიკა, რაც უნდა გვეცინებოდეს ჯავშანმანქანაში ჩამდგარ „ტაბურეტკებზე“, ეს ჟანგიანი ტექნიკა მათ უთვალავი აქვთ. ამ საწყობების შემოვლა მხოლოდ მანქანით არის შესაძლებელი. ისეთ ურიცხვ რაოდენობაზეა ლაპარაკი, როდესაც ეს მოძველებული ჯართი შენზე მოდის, ნამდვილად აღარ გეცინება, აღარც მონჯღრეულ ტაბურეტკაჩადგმულ ჯავშანმანქანაზე და აღარც „კირზავოი საპოგებზე“. ჯერ კიდევ დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის, ბორის ჯონსონის დიდი წინამორბედი უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: „კი, რუსები ბარბაროსები, ბალვანები და იდიოტები არიან, მაგრამ, როდესაც ეს ბარბაროსი იდიოტები შენს გასანადგურებლად წამოვლენ, მხოლოდ ღვთისა და მასზე ლოცვის ანაბარა რჩები…“ „ი პოვერნიომსა მი კ ვამ სვოეი აზიატსკოი როჟეი…“ – ამ მუქარანარევი სიტყვების ავტორი არც ლენინია, არც ტროცკი, არც ვოროშილოვი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც სტალინი… სამწუხაროდ, ამ სიტყვების ავტორი პოეტი ალექსეი ბლოკია…
ყველაზე საშინელი, რაც ამ ომში მოხდა და ხდება, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გაყვანილი 200 000-მდე მშვიდობიანი მცხოვრები – ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან (ყურებს არ დავუჯერე და ჩვენს მასპინძელ ვალერი სერგეევს ორჯერ ვათარგმნინე უკრაინულიდან. კი, ნამდვილად სწორად გაიგე – 200 000 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები ჰყავთ გაყვანილი და თითქმის 20 000 დაღუპულიო)… უბრალოდ, წარმოიდგინეთ, თქვენი შვილები, დედები, მამები ცოლები, და–ძმა ასე რომ დახვეტონ და რუსეთში უკრან თავი, ზუსტად ისევე, როგორც შუა საუკუნეებში თათარ–მონღოლები მიერეკებოდნენ თოკჩაბმულ ტყვეებს მონებად გასაყიდად ან მუშახელად. სად უნდა ეძებო ასე როსტოვიდან ვლადივოსტოკამდე შენი ოჯახის წევრები და სისხლი და ხორცი ან ვის უნდა მოჰკითხო?.. ჩვენი ქართველებისა და უკრაინელების კი არა, საკუთარი დედ–მამა და შვილები არ უნდათ და არ კითხულობენ ტყვეობაში… ამის უბრალოდ წარმოდგენა და ბოლომდე გაცნობიერებაც კი საკმარისია, რომ ტვინში სისხლი ჩაგექცეს…
და ეს ხდება შუაგულ ევროპაში, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში, მთელი მსოფლიოს თვალწინ და კიდევ იმაზე მიდის ლაპარაკი, ომი გვინდა თუ არა… ემანდ, გაზი და ნავთობი არ გაძვირდეს, რუსეთი არ გაბრაზდეს, არ გაღიზიანდეს და სულ არ გაგიჟდეს. იქნებ, როგორმე ამ კანიბალ და მართლა პარანოიკ პუტინს სახე შეუნარჩუნდეს; აქეთ ეს ჩვენი ჭკუანაკლულები მაინც რუსეთის ერთმორწმუნეობაზე გელაპარაკებიან – ასეთი „პრავასლავნიე….“ ეგენი „პროვასლავნიე“ კი არა „ბომბოსლავნიე“ იყვნენ, არიან და იქნებიან. პუტინის კი არა, კიდევ ჩიკატილოსა და სისხლიანი ჯეკის სახისა და ღირსების შენარჩუნებაზე იდარდონ და მადარდონ ახლა… არა, ძმაო, თუ ეს სამყარო და მათ შორის ადამიანიც მართლა ღმერთის შექმნილია და თან სახედ თვისად, აშკარად არ გამოსვლია უფალს არც ერთი და არც მეორე…
ამ დამზაფვრელი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ პოეტებისა და ბარდების შეხვედრა კი არა, გუშინდელი ქეიფის, გიტარისა და ყიჟინის გამოც კი სინდისის ქენჯნა გვაწუხებდა და იმის განცდა, რომ მაინცდამაინც არც ჩვენ გამოუვედით ამ დალოცვილ ღმერთს… აღარანაირი განწყობა არ გვქონდა და ბალთაზარის „ლხინი ჟამიანობის ჟამს“ მსგავსი შეგრძნება არ გვტოვებდა, მით უმეტეს, გოგას – თავისი მტკივანი ყელითა და წუხილით, რომ მაინც და ჯიუტად ცოცხალი იყო. თუმცა ვერც ჩვენს კეთილ მასპინძელს – ვალერი სერგეევს, ვერც დიმიტრი დოლგოვსა და ვერც გოგას სხვა მეგობრებს ვერ გავუტეხდით ხათრს. მით უმეტეს, რომ ჩვენზე გაცილებით მეტი ჰქონდათ გადატანილი და მაინც იკრიბებოდნენ გოგას პატივსაცემად, ერთმანეთის სანახავად და სულის მოსათქმელად… ისეთი სიტუაცია იყო, რა, როცა ვეღარ იგებ, წასვლა სჯობია თუ წაუსვლელობა და რომელი უფრო უარესია… მით უმეტეს, გაჭირვებაში, ომსა და უბედურებაში ქეიფი, ხუმრობა, ტაშ–ფანდური, ცეკვა–თამაში და კუნტრუში მართლა ქართველების მოგონილია…
მშვენიერი ხალხი დაგვხვდა; მზე ჩახჩახებდა; კიევურ გაზაფხულზე უკვე მოგახსენეთ და ეს წყეული ომი რომ არა, ვერც წარმოიდგენდით, რაც ხდებოდა ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის თავს… ჩვენც, ჩვენი წილი ბოთლები და ხარჯი (როგორც ჩემს მშობლიურ დედულეთში – კახეთში ამბობენ ) შევმატეთ საზოგადოებას…
ბუნებრივია, აქაც, ძირითადად, ომზე ლაპარაკობდნენ, ომზე კითხულობდნენ ლექსებს და ომზე მღეროდნენ. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო – ვინც კი კიევში წერდა, მღეროდა და, საერთოდ, არტთან ჰქონდა საქმე, თითქმის ყველა აქ იყო. და, რა თქმა უნდა, ყველა ერთმანეთს იცნობდა, გოგას ჩათვლით… აქ იყვნენ კიეველი უკრაინელები, ებრაელები, რუსები, ბერძნები… თქვენ წარმოიდგინეთ, კიეველი კორეელი და ჩინელიც კი – ყველა ერთი ჭირითა და სატკივრით გაერთიანებული და აქ, ამ პატარა მინი–ფესტივალზე მართლა იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ადამიანები მაინც ერთნი ვართ, რომ არც ისე ცუდები ვართ და იქნებ, ცოტათი, სულ ცოტათი, მაგრამ მაინც გამოუვედით იმ დალოცვილ ღმერთს…
ვისხედით და ვსვამდით. ყველა უკრავდა, ჩემ გარდა; სამაგიეროდ, მე ვსვამდი ყველას მაგივრად. გოგამაც სუ ფეხებზე დაიკიდა ყელის ტკივილი და დაუკრა და იმღერა… და იმღერა და დაუკრა. და ყველა თავისას დარდობდა, იხსენებდნენ უკეთეს დროს, ეარშიყებოდნენ და ეფლირტავებოდნენ დიდი ხნის უნახავ გოგოებს, რომელთაგან ბევრს ბავშვობიდან იცნობდნენ, ზოგს რომანიც ჰქონდა და… მე კი ვსვამდი და ვფიქრობდი, როგორი ცხოველი ძალა აქვს ამ ოხერ სიცოცხლეს და ცხოვრებას, როგორი დაუცხრომელი და როგორ ვერ და არ ეგუება სიკვდილს, როგორ არ ნებდება, როგორი უცხოა და როგორ ვერ აღიქვამს, როგორ არ იღებს, როგორ ებრძვის სიცოცხლე სიკვდილს, რაც ძალი და ღონე აქვს, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე…
კიდევ კარგი, კვლავ კომენდანტის საათმა გაგვყარა, თორემ ისეთ ეშხში შევედით, ისევ „წითელ პარასკევამდე არ ავიშლებოდით“ და დილით ისევ სინდისის ქენჯნა შეგვაწუხებდა, ამ ომის დროს რა დროს რომანსები, პოეზია, სასმელი და გოგოებიაო…
მივდიოდით ღამეულ კიევში, ძიაძია ვალერა, გოგა და მე… მე ორივეს გიტარა მეკიდა, როგორც ყველაზე ჯეელს; თან დაკვრა მე არ ვიცი და ვატარო მაინც, კაცო…
მოვდიოდი და რავი, ცოცხლები ვიყავით რა…
უკრაინის ჩაბნელებული ცა კი ისევ რაღაცნაირად ფართოდ და საიმედოდ გადაფოფრებოდა თავის მიწას…