მოგვაკითხეს. გოგას თანამებრძოლისა და ჩემი მეგობრის, არჩილ ხოფერიას ვაჟმა – ჯამბულ (ჯაბა) ხოფერიამ დაგვირეკა. მას აფხაზეთის ომში დაღუპული ბიძის, არჩილ ხოფერიას ძმის სახელი ჰქვია. 23 მაისის ჩანაწერებში, როდესაც დათო აბულიძის – „თუშის“ და სხვა ქართველი მეომრების ამბებს გიყვებოდით, რომელმაც ასევე ძმა დაკარგა აფხაზეთის ომში, უკვე გითხარით, რომ ქართველი მებრძოლების უმეტესობისთვის, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ეს ერთგვარი პირადი ვენდეტა გახლავთ და არა მხოლოდ ქართული შურისძიების, არამედ ლამის ოჯახური სისხლის აღების სახეს იღებს. რუსეთს ვისი სისხლიც მართებს, „მხედრიონი“ იქნება (როგორც აბულიძისა და ხოფერიას შემთხვევაში), ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდიის ვეტერანები თუ მიშა სააკაშვილის მომხრე სამხედროები, მთელი განსხვავებების, სიმპათია–ანტიპათიის მიუხედავად, ამ საკითხში უდავოდ და უპირობოდ არიან გაერთიანებულები. რუსებს კი ძალიან უნდათ და ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში ძალიან ცდილობდნენ, მათ მორჩილ მასპინძლებად – ხაჭაპურების მცხობლებად, მემწვადეებად და პირში დანაგაჩრილ ლეკურის მოცეკვავეებად ვექციეთ, ხელში ყანწებითა და იდიოტური სადღეგრძელოებით: „ადანა მალენკაია პტიჩკა…“ „ვიპიმ, ზა ტო…“ „ჩახოხბილი…“ „ვინო“… „ჩურჩხელები“… დაბოლოს: „დევოჩკა, დევოჩკა, ჩტო ვი ვეჩერომ დელაეტე?..“ მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც არ გამოუვიდათ, ბოლომდე ვერ დაგვავიწყეს, თოფის ამღები და მეომარი ერი რომ ვიყავით, ვართ და ვიქნებით!.. ასე რომ „მი გრუზინი ნაროდ ნე ზლაპომიატნიი… ვოტ ატამსწიმ ზა ვსიო ი სრაზუ პოზაბუძემ, აპიატ ბუდემ გავარიტ ტოსტი ი პლისაც სებე ლეზგინკუ…“
პირველ საათზე შევხვდით და, რა თქმა უნდა, ჩვენს მეტრო „სლავუტიჩთან…“ ეს სლავუტიჩის უბანი ლამის ჩემი საბურთალოსავით მშობლიური გახდა… ჯაბამ სახელგანთქმული „აზოვის“ ბატალიონის მეთაურები და დამფუძნებლები უნდა გაგვაცნოს და თუ მოვახერხეთ, ირპენშიც უნდა შევიდეთ. სწორედ იმ ირპენში, კიევის დასავლეთით, სადაც ბუჩასთან ერთად რუსეთმა დესანტი გადმოსხა და ჩრდილოეთიდან, ბელორუსიის მხრიდანაც შემოუტია. კიევის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ და ამ დღეებში ყველაზე გააფთრებული ბრძოლები სწორედ ირპენში მიმდინარეობდა. ლამის ყოველ წუთას და ყოველ საათს ელოდნენ კიევის დაცემას… უზარმაზარი სისხლის, მსხვერპლისა და თავდადების ფასად კიევი გადაურჩა რუს დამპყრობლებს… თუმცა იქ შესულ უკრაინელებს რუსი სალდათების მიერ დატრიალებული ენით აუწერელი ჯოჯოხეთი დახვდათ, რომლის შემზარავი კადრები, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით იხილა. რუსებმა აქ (დიახ, სწორედ რუსებმა და მათ ეთნიკურ წარმომავლობას – ბურიატები იყვნენ მანჯურები, ჩუვაშები თუ იაკუტები – არანაირი მნიშვნელობა არა აქვს; ამ ყველაფერზე რუსეთის სახელმწიფოა პასუხისმგებელი და არა რომელიღაცა კომის ან ბურიატის ავტონომიური რესპუბლიკა) საშინელება დაატრიალეს და, პირდაპირი მნიშვნელობით, მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი მოაწყვეს. მასობრივი დახვრეტა, მასობრივი სამარხები, წამება, გაუპატიურება, სახლებში შევარდნა, უბრალო გამვლელების დაცხრილვა და ყველანაირი უბედურება… თუმცა რუსებისათვის ახალი არც არაფერი მომხდარა – ამასვე სჩადიოდნენ გაგრასა და ცხინვალში, სოხუმსა და გალში, გუდერმესსა და სამაშკში, გროზნოსა და ახალ ატაგიში, ვილნიუსსა და ბაქოში, ყანდაჰარსა და პრაღაში, ბუდაპეშტსა და ქაბულში…. და ისევ იგივე გულისამრევი თავის მართლება და ბინძური ტყუილები, რომ – „ეს პროვოკაციაა…“ „რუსეთის სახელის გატეხას ცდილობენ…“ „თვითონ დაბომბეს თავიანთი ქალაქები; თვითონ დახოცეს თავიანთი ხალხი…“. უბრალოდ, ახლა ეს სიცრუე ნაკლებად გაუვიდათ – უკრაინა ევროპის შუაგულია, ევროპის უდიდესი ქვეყანა და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებითა და სოციალური ქსელით, ინფორმაცია გაცილებით ხელმისაწვდომია და გაცილებით სწრაფად ვრცელდება.
ჯაბა ყოფილი სპორტსმენი – მორაგბე და ძალოსანია. იმხელა გადმოვიდა მანქანიდან, პირველი რაც გავიფიქრე, ჯვარი სწერია და ამხელა როგორ იბრძვის, ან ტყვიას სად ემალება, ან ჭურვის ნამსხვრევებს–მეთქი. როგორც ყველა გოლიათი და ჯანიანი ბიჭი, უზომოდ კეთილი, ღიმილიანი და გულიანი ჯეელი გამოდგა. თან უკრაინელი თანამებრძოლი ანდრეი სემენჩენკო ახლდა. მანქანით იყვნენ. ანდრეი საჭესთან იჯდა. დრო აღარ დაგვიკარგავს და აწ უკვე მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული, მარიუპოლის ორთვიანი ბრძოლების მთავარი გმირის – ბატალიონ „აზოვის“ შტაბ–ბინისკენ დავიძარით, ამ ბატალიონის ერთ–ერთ ხელმძღვანელსა და დამაარსებელ ვადიმ პალიისთან შესახვედრად.
კარგა ხანს ვიარეთ. კიევი მართლა უზარმაზარი ქალაქია. გზად განთქმული საფეხბურთო კლუბის, კიევის „დინამოს“ ბაზაც შემოგვხვდა; თითქმის გავედით ქალაქიდან და ცოტა ხანში მწვანეში ჩაფლულ, ტყეში ჩაკარგულ ბატალიონ „აზოვის“ შტაბ–ბინასაც მივადექით.
მივადექით და იქვე, მიმღებ–გამშვებ პუნქტთან, ე.წ. „კაპეპეზე“ – „კონტროლნა პროპუსკნოი პუნკტ“ – სერიოზულ შარშიც გავეხვიეთ. ჭიშკართან შეიარაღებული სამხედროების ორი დაჯგუფება ერთმანეთს საკმაოდ ხმამაღლა და აგრესიულად ეკამათებოდა. ჩანდა, რომ თავს იკავებდნენ, მაგრამ ნებისმიერ წამს, ერთი არასწორი ან ზედმეტი მოძრაობის გამო, ერთ გადაბრუნებულ სიტყვაზე შეიძლებოდა, ერთმანეთისთვის ფეხებში ავტომატის ჯერი მიეშვათ და მერე ყველაფერი მომხდარიყო…
რა თქმა უნდა, ასეთ დროს ჩვენ არავინ გველოდა და ასე საბედისწეროდ აღმოვჩნდით უდროო დროს, უადგილო ადგილას.
ჩვენმა გამოჩენამ, რა თქმა უნდა, ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ვერც ერთი მხარე ვერ მიხვდა, ვინ ვიყავით, ვისკენ და რას ვაპირებდით… ფაქტობრივად, ოთხივე დაგვაკავეს. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, 14 მაისის შემდეგ, როდესაც ქართულმა პასპორტებმა პირდაპირ არ გაჭრა და მაინც ძალიან ყურადღებით გადაგვამოწმეს. სამაგიეროდ, გაჭრა ჯაბა ხოფერიას პირადობის მოწმობამ. ახლაც არ ვიცი, რა დოკუმენტი აჩვენა („ქსივა“, როგორც ჩვენს ბიჭობაში ვეძახდით) და ბუნებრივია, არც მერე მიკითხავს, მაგრამ აშკარად სხვა თვალით შემოგვხედეს და კონტაქტზეც გამოვიდნენ. ორნი იყვნენ – კაცი და ქალი… მკაცრ, ცივ, თავაზიან და ოფიციალურ ტონზე აშკარად ეტყობოდათ, რომ უშიშროებას წარმოადგენდნენ, არც პოლიციელებივით უხეშად და ნაძალადევი „გონორით“ ცდილობდნენ აყვანას და შიშზე აგდებას და არც სამხედროებივით, საკუთარ თავსა და უპირატესობაში დარწმუნებულები და ამავე დროს რაღაცნაირი უშუალო და ხუმრობანარევი ინტონაციით არ გვესაუბრებოდნენ…
„ვისთანაც თქვენ მობრძანდით, ის ბატონი ოფიცერი დროებით დაკავებულია და დაკითხვაზე იმყოფება… როდის და რით დასრულდება დაკითხვა, წინასწარ ვერ გეტყვით. როდესაც გათავისუფლდება, თუ გელოდებოდათ, თავად დაგიკავშირდებათ. თქვენ შეგიძლიათ, დაელოდოთ; შეგიძლიათ, მიბრძანდეთ; როგორც გნებავთ… დიაკუიუ და ბუდ ლასკა…“
„ბუდ ლასკა“ კი არა, იმ ქალისთვის ხომ საერთოდ ზედ არ შემიხედავს და იმ ტიპის უცნაურ, ნაცრისფერდაკრულ სახეზე რაღაცნაირად, წვრილად, მურტლად მიხაზული შავი ბლანჟე არც არასოდეს დამავიწყდება…
ჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი ამბავი იყო: როდესაც სახელმწიფო, საკუთარ გამორჩეულ მეომრებს ერჩის… აქ ისედაც უამრავი მითქმა–მოთქმა არსებობს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხვდა „აზოვის“ ბატალიონი რუსების ალყაში; რატომ ვერ მოხერხდა მათი გამოყვანა ალყიდან თითქმის 100 დღის განმავლობაში; რატომ არ იყო არც ერთი მცდელობა ამ ალყის გარღვევისა. ამ ომის რუსეთზე გამარჯვებით დასრულების შემდეგ (დიახ, მხოლოდ ასე – ომის გამარჯვებით დასრულების შემდეგ), ალბათ, უამრავი, ლეგიტიმური და საკმაოდ მკაცრი კითხვაც გაჩნდება…
საერთოდ, მეომრის, გმირისა და საზოგადოების, ქვეყნის, სახელმწიფოს ერთმანეთთან დამოკიდებულება ყოველთვის ძალიან რთულია და რთული იყო ანტიკური ხანიდან მოყოლებული – ქართული თუ ბერძნული მითები და ფოლკლორი რომ გავიხსენოთ (ამირანი, გახუა მეგრელაური, ხოგაის მინდი თუ პრომეთე, ჰერაკლე და აქილევსი); თანამედროვე ეპოქით დამთავრებული – ბოლშევიკური რუსეთის განცხადება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე: „ზა სტაროე სპასიბა, ზა ნოვოე ატვეჩაი“; ცნობილი ამერიკული „ვიეტნამსკი სინდრომი“, რომელსაც ჰოლივუდმა ფილმების მთელი საგა მიუძღვნა („აპოკალიფსი დღეს“ „რკინის სამკუთხედი“ „კამპუჩიის ექსპრესი“ „რემბოს“ ტრილოგია). რუსეთ–საქართველოს აფხაზეთის ომის დამთავრების შემდეგ რუსეთის იმპერიამ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ხელით ქართველ სამხედროებსა და აფხაზეთის ომის ვეტერანებზე, საერთოდ, ნამდვილი ნადირობა მოაწყო (გიორგი ყარყარაშვილი, პაატა დათუაშვილი, ნიკუშა კეკელიძე, ზაზა ვეფხვაძე, გია სვანიძე, გია ვაშაკიძე, გოჩა ესებუა, აკაკი ელიავა), ხოლო, ვინც რაღაც სასწაულით ცოცხალი გადარჩა, მათი მარგინალიზაცია და დისკრედიტაცია დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ კრემლისა და მოსკოვის აგენტურისა და რეზიდენტების მიერ აგორებული შავი პიარი დღემდე გამართულად და კარგად მუშაობს…
როგორც ჩანს, მსგავს პრობლემასა და დილემას, როდესაც პოლიტიკურ ორომტრიალში სამხედროებს რევენ და შემდეგ, პირდაპირი ან ირიბი მნიშვნელობით, სწირავენ, ბოლომდე ვერც უკრაინა ასცდა… და ეს დაპირისპირებაც, ალბათ, დღეს, რუსეთ–უკრაინის ომის დროს არ დაწყებულა – უკვე 2014 წლის მოვლენებიდან მოყოლებული, დღეს უკვე განთქმული და მებრძოლი ბატალიონები, „პრავიი სექტორი“ „აზოვი“, „კარპატსკიი სიჩი“ „აიდარი“, მაინცდამაინც ვერ რიგდებიან ამ ნაირ–ნაირ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებასთან და, თავის მხრივ, პოლიტიკოსებიც შიშნარევი ეჭვით უყურებენ შეიარაღებულ და უკვე სასტიკ ბრძოლებში გამობრძმედილ მეომრებს…
საერთოდ, იმ უპირატესობასთან ერთად, რაც უკრაინამ ამ ომში გამოავლინა (ორგანიზებულობა, სიდინჯე, დისციპლინა, მწყობრი მოქმედება, ომის ხელოვნების ცოდნა), მრჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინა ახლა გადის იმ გზას, რაც საქართველომ უკვე გამოიარა 90-იან წლებში (იმ შედეგებიდან ღმერთმა დაიფაროს, თუმცა, ამ შემთხვევაში, თავისუფლად შეუძლიათ საქართველოს ავკარგიანი გამოცდილების გამოყენება და გააზრება) და აქ მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ, რომ ლამის 2014 წლამდე ლენინის ძეგლები ედგათ თითქმის ყველგან, მათ შორის, ისეთ დიდ და მნიშვნელოვან ქალაქში, როგორიც ხარკოვია… ძეგლის ჩამოგდება, თუნდაც სატანის ძეგლის, ადვილია, აი, იმ სატანისგან – ბოლშევიკური და საბჭოთა იდეოლოგიისგან თავდახსნა კი, როგორც აღმოჩნდა, არც ისე იოლია და ძალიან დიდ დროს, ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს…
ჩვენ კი დავაღწიეთ თავი ამ დაკითხვებს და გაუგებარ ამბებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბატალიონ „აზოვის“ მეთაურთან კიდევ კარგა ხანს მოუნდებოდნენ ვითარების გარკვევას… „აზოვის“ შტაბ–ბინის მიმღებ–გამშვებ პუნქტთან ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჯერ კიდევ დანაღმულ ირპენში წავსულიყავით და იქ დავლოდებოდით „აზოვის“ მეთაურის, ვადიმ პალიის ზარს…
ირპენისკენ მიმავალთ ზარი შუა გზაში დაგვეწია და, რა თქმა უნდა, უკან მივბრუნდით.
ვადიმ პალიი ბატალიონ „აზოვის“ შტაბის წინ დაგვხვდა თანამებრძოლთან ერთად, რომელშიც წეღანდელი კონფლიქტის ერთ–ერთი მონაწილე ამოვიცანით. საკმაოდ სიტყვაძუნწად, ორიოდე სიტყვით მოგვითხრო წეღანდელ ინციდენტზე, თუკი მებრძოლი ოფიცრის დაკავებასა და ერთსაათიან დაკითხვას უბრალოდ ინციდენტი შეიძლება ვუწოდოთ – არაფერია, ომია და ომში ყველანაირი გაუგებრობა შეიძლება მოხდესო… რა თქმა უნდა, ჩვენც აღარ ჩავძიებივართ. ომში ყველა იმას ამბობს, რისი თქმაც უნდა და ამით იმასაც გეუბნება, რისი თქმაც არ სურს ან რისი თქმაც საჭიროდ არ მიაჩნია. გარეგნულად სრულიად მშვიდად ეჭირა თავი, ბევრის მნახველი და ცხოვრებაგამოვლილი კაცის მელანქოლიური სიმშვიდე ჰქონდა. მსხვილი, კარგად ჩადგმული, შეკრული ბიძა იყო, ადვილად რომ ვერ გატეხდი და დიდადაც ვერაფრით გააკვირვებდი. მის თანამებრძოლსა და მეგობარს, რომელიც წეღან „კაპეპეზე“ ჩხუბობდა და ხელი ავტომატისკენ გაურბოდა, უფრო ეტყობოდა გამოყოლილი მღელვარება…
„აზოვის“ ბატალიონის ჩამოყალიბებაც ისევე სპონტანურად მოხდა, 2014 წლის მაიდნის მოვლენებისა და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რესპუბლიკების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ დეკლარაციის შემდეგ, როგორც სხვა ბატალიონების, სადაც, ძირითადად, ძველი მეგობრები, პატრიოტულად განწყობილი თანამოაზრეები და თანამებრძოლები გაერთიანდნენ… ჩვენს შემთხვევაში ასეთები ანდრეი ბაბიცკიი და ევგენიი პროკოპენკო იყვნენ…
ჩვეულებრივად დავსხედით და დავილაპარაკეთ: – რას ვშვრებით? ვაპირებთ რამეს? ერთად ვართ?… და დაიწყო!.. ასე შემოგვიერთდნენ სულ სხვადასხვა ხასიათის, ეროვნების, რწმენისა და პროფესიის ადამიანები: უკრაინელები, ქართველები, ებრაელები, ყირიმელი თათრები… ექიმები, მასწავლებლები, მხატვრები… რომელთაც ერთადერთი რამ აერთიანებდათ – უკრაინისა და, საერთოდ, თავისუფლების სიყვარული და იმპერიალიზმის დესპოტიისა და ტირანიის სიძულვილი… ასე შემოგვიერთდა უკვე 2014 წელს ქართველი გია ქუფრაშვილი, ცხინვალისა და აფხაზეთის ომის ვეტერანი, რომელიც სულ მალე ჩვენს ინსტრუქტორად და ერთ–ერთ ლიდერად იქცა… ახლა დაჭრილია და მკურნალობს…“
ხომ არაფერს გახსენებთ?.. წინა დღეებში უკვე შევეხეთ ამ თემას… ზუსტად ასე იქმნებოდა პირველი ქართული შეიარაღებული ფორმირებები. ოღონდ, გაცილებით უფრო ადრე, თითქმის 25 წლის წინ, 1988-1989 წლებში… და მაშინაც ასევე მეგობრები, თანამებრძოლები, თანამოაზრეები და ყველა ფენისა და წოდების, ბიოგრაფიის ადამიანი ერთიანდებოდა ამ საბრძოლო ფორმირებებში: ყველა, ვისაც გული ერჩოდა – პროფესორი, რაგბისტი, ქუჩის ბიჭი, მხატვარი, ფიზიკოსი, ალპინისტი, მოჭიდავე, რეჟისორი, პოეტი, მდიდარი, ღარიბი, ლამაზი, უშნო (რეზო ინანიშვილის შედევრი – „ანანურელი ულამაზოები“) და მათაც ერთი იდეა აერთიანებდათ: თავისუფლება, ერთგულება, სამშობლოს სიყვარული… მერე ეს შეიარაღებული ფორმირებები ებრძოდნენ რუსეთის იმპერიას, ერთმანეთს, ისევ რუსეთის იმპერიას, ისევ ერთმანეთს და ამ ბრძოლების ქარ–ცეცხლში გაჭაღარავდნენ, გაიმარჯვეს, დამარცხდნენ, გაიმარჯვეს, გაწყდნენ და სწორედ მათ დაერქვათ 90-იანების თაობა, რომლებიც გამწყდრები და მაინც მკვდრეთით აღმდგარები ახლა აქ იბრძვიან, უკრაინაში… იბრძვიან ისევ იმ იდეისთვის – თავისუფლებისთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის, სამშობლოსათვის… იბრძვიან ისევ იმის წინააღმდეგ, რის წინააღმდეგაც თავიანთი ბიჭობიდან მოყოლებულნი იბრძოდნენ – რუსეთის იმპერიის, დესპოტიზმის, ძალმომრეობის, ტირანიის… ეს არის ბრძოლა, სადაც, ამდენი მარცხის მიუხედავად, ომში გამარჯვება ჩვენ უნდა დაგვრჩეს!.. სხვა გამოსავალი, „სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია!..“
ოღონდ, ამ გამარჯვებისთვის აუცილებელია, უკრაინამ ჩვენი საბედისწერო შეცდომები არ გაიმეოროს, მხოლოდ რუსეთის იმპერიას ებრძოლოს და არავითარ შემთხვევაში – ერთმანეთს… არადა (ღმერთმა ქნას, ვცდებოდე), ამის ნიშნები თითქოს დავინახე და ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ადრეც ვთქვი, ტყუილად ვეხუმრებით რუსეთის იმპერიას და მის გამანადგურებელ ძალას… მათზე გამარჯვება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი და არა მარტო უკრაინისა და საქართველოს შიგნით, არამედ მთელი ევროპის – მათ შორის საქართველოს, უკრაინის, ბალტიისპირეთისა და მთელი კავკასიის ერთიანობა–გაერთიანებას ვგულისხმობ… სხვანაირად ძალიან გაგვიჭირდება!.. აი, მითქვამს მე – 2022 წელს, 29 მაისს და აჰა – „აღდგომა და ხვალეო!..“ მაგრამ რაკი სანჩო პანსასავით ქართულ ხალხურ ანდაზებს მივყავი ხელი, ერთი კახურიც უნდა ჩავატარო: „ყვავი (პუტინი) აღდგომაი ვერ მეესწრო და ღირსიც არ იყოო…“
ირპენში შევედით… შევედით და პუტინთან დაკავშირებით სულ სხვა კახური, გაცილებით ღრმა და მრავალსართულიანი სენტენციები გამახსენდა…
ირპენი ჯერ ბოლომდე არ არის განაღმული, ამიტომ წინ ჯაბა ხოფერია და ანდრეი სემენჩენკო მიგვიძღვიან, თუმცა ჩვენ მაინცდამაინც ვერ ვფრთხილობთ – გოგამ სასწრაფოდ ვადიმ გეფტერისეული კამერა დააძრო, მეც მობილურზე ჩავრთე ვიდეო და ნანგრევებში დავიწყეთ სიარული (ირპენის ისევე, როგორც უკრაინის სხვა ცხელი წერტილების სხვა ვიდეო და ფოტომასალა ფბ–ზე ჩემს გვერდზე დევს)…
უნდა გითხრათ, ამ ნგრევას და უბედურებების მასშტაბს ვერანაირი ვიდეო და ფოტო ვერ გადმოსცემს… ისევე, როგორც ტელევიზორში ნანახი შემაძრწუნებელი კადრები რეალურად მომხდარი საშინელების 10 პროცენტსაც ვერ ასახავს… არც ერთი შენობა მთელი არ დარჩენილა; ზოგი საძირკვლიან–ბალავარიანად იყო დანგრეული… ასფალტზე ყოველ 3-5 მეტრში 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნი იყო ნარახუნები და მისი ნამსხვრევებით იყო დაცხრილული და დაფაცხავებული გარშემო ყველაფერი – სახლები, ღობეები, დამწვარი, საბურავებდაშვებული, დისკებზე მდგარი მანქანები… საოცრად იავარქმნილი იყო მთელი დასახლება… ახლად გათხრილ, მიწაჩაშლილ სანგრებსა და ბლინდაჟებში მორიდებით იწვერებოდა გაზაფხული ბალახი – თითქოს ბუნებაც კი ებრძოდა ამ უაზრო და ამაზრზენ სისასტიკეს… ყოველი მხრიდან იყო დაცხრილული დიდი მართლმადიდებლური ტაძარი, რომელსაც, როგორც დაჭრილ კაცს ნეკნები, ისე გამოსჩროდა ძველი, ბრტყელი აგურები. დანგრეული იყო სამრეკლო და, რაც ყველაზე სიმბოლურია, იქვე მდგარი, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ძეგლი და ობელისკი…
გადავიღეთ და ჩავედით დნეპრზე გადებულ უზარმაზარ ხიდზე, რომელიც თავად ირპენის დამცველებმა ააფეთქეს, რომ მტრისთვის მდინარე დნეპრის ფორსირებასა და ირპენის გავლით კიევში შეჭრაში ხელი შეეშალათ. ირპენის ეს ხიდი დღეს უკვე აქაურობისა და კიევის გმირ დამცველთა უტყვ სიმბოლოდ და ძეგლად არის ქცეული. იქვე ხელუხლებლად არის დარჩენილი რუსი ოკუპანტის ტანკისტის ფორმა, მდინარეში ჩაყრილი, აფეთქებული სამხედრო ტექნიკა, სამოქალაქო ტრანსპორტი; იქვეა გაკრული უკრაინის დაფლეთილი ნაბრძოლი დროშა…
ძალიან არ მიყვარს, სადაც მოუხვდებათ, იქ რომ ტოვებენ თავის უკვდავსაყოფად ავტოგრაფებს: „აქ იყო ომარა… მიშა… გრიშა… “ რავი, ომარა არა, ნახალოვკელი ტასო კიდევ… ვინა ხარ, ხო?.. ვის დაეკარგე?.. აქამდე მხოლოდ ორ ადგილას მქონდა ასე ხელი მოწერილი: პირველად – 2000 წლის სექტემბერში, როდესაც ოსეთ–ინგუშეთის საზღვარზე, „ჩერმენის“ ცუდად განთქმულ ბლოკპოსტზე ამიყვანა რუსეთის „ფეესბემ“ და ვლადიკავკაზის „კაპეზეში“ „კამერა პრედვარიტელნოვა ზაკლუჩენია“ მიკრეს თავი – „ოქტიაბრსკიი რაიონ – კარცა“… იქ საქართველოთი და ქართული ანბანით დაინტერესებულ ინგუშებს ვუყვებოდი (რუსების ციხეში ვლადიკავკაზში – ისე, ქართულად და ინგუშურად ძაუგი, ძაუჯიყაუ ჰქვია – ქართველები და ინგუშები უნდა ვყოფილიყავით, ცხადია; ალექსანდრე ყაზბეგიდან მოყოლებული ასეა) და ნიმუშად ორსართულიან ნარებზე ამძვრალმა პირდაპირ საკნის ჭერზე მივაწერე ქართულად – „ბექა ქურხული…“ მეორედ – ერთი წლის შემდეგ, 2001 წლის აგვისტოში, როდესაც „დილის გაზეთიდან“ მივლინებით წასულებმა, ზურა ხაჭაპურიძემ და მე ფეხით გადავიარეთ სვანეთის სოფელ ჭუბერიდან ასევე ავად ნაცნობი ჭუბერის უღელტეხილი. ის უღელტეხილი, რომელზეც მთელი გოლგოთა გამოიარა აფხაზეთის ქართველობამ, სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წლის 27 ოქტომბერს!.. ოღონდ, ჩვენ, პირიქით, ჭუბერიდან კოდორის (იმავე დალის) ხეობაში, გნებავთ, აფხაზეთის სვანეთში გადავედით. სოფელ ჩხალთაში მივიდოდით და როდესაც უღელტეხილი გადავიარეთ და აფხაზეთის სვანეთში გადავედით (ოფიციალურად, კოდორის ხეობა გულრიფშის რაიონში შედის) და მხარ–მარჯვნივ შეფენილი ულამაზესი სოფელი საკენი დავინახეთ (გახსოვთ, ჟორჟიკა შავგულიძე გარმონს რომ გაწელავს ხოშიანადც და მაგრა მღერის – „საკენშია და ერთი ქალი“ – აი, ეგ საკენია), მანდ მომინდა კიდევ ავტოგრაფის დატოვება, თითქოს გული მიგრძნობდაო… კლდეზე ავძვერი და სადაც ქარის, თოვლისა და წვიმის გარდა, ვერაფერი მისწვდებოდა, იქ მივაწერე „ბექა ქურხული 2001 წელი, აგვისტო…“ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და რავი, ახლა რაღამ ამტეხა ეს ბერიკაცი და ირპენის ჰაერში აწეულ და ახლა მდინარე დნეპრში ჩამხობილ ხიდსაც მივაწერე ისევ ქართულად: „ბექა ქურხული გოგა ჭყონია 2022 წლის 29 მაისი“…
ადრეც მოგახსენეთ, თუ გინდათ, ისევ დაიბრუნოთ ის სიამაყისა და ღირსების შეგრძნება, თუნდაც ისტორიული ილუზია, რაც ოდითგანვე გვქონდა ქართველებს, ქართველ სამხედროებთან უნდა იმოძრაოთ – სულ ერთია, სად, ავღანეთში, საქართველოში, უკრაინასა თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ახლაც, როდესაც ჯაბა და ანდრეი ირპენში დაგვატარებდნენ, ადგილობრივები ეგრევე და „ჯაბა“ „ჯაბას“ ძახილით გამოენთნენ… ანუ ჯაბა ხოფერია სხვა ქართველებთან ერთად იმდენხანს იბრძოდა აქ, რომ უკვე სახელითა და მოკითხვით იცნობდა ადგილობრივი მოსახლეობა და დიდი სიყვარულითა და ხელების ქნევით გამოეგებნენ. ისეთ დეტალებსა და ამბებს იხსენებდნენ, რომ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით –უკრაინელებთან ერთად ირპენი და ბუჩა ქართველი მეომრების აღებულიც არის…
თუმცა ომში სიამაყის განცდა ან რაიმეთი კმაყოფილება დიდხანს არასდროს გაგყვება. როგორც კი წელში გაიმართები, თავი მაგარი ბიჭი გეგონება და კისერს მოიღერებ, ღმერთი და ბრძოლის განგება ერთს ისეთს ჩაგაფარებს, იქვე მოგიყვანს აზრზე. ამ წოწიალ–წოწიალში ერთ შედარებით გადარჩენილ სახლს მივადექით, სადაც ეზოში შუა ხნის ქალი და კაცი ისხდნენ და ტიროდნენ… ჯაბა მივიდა: ქართველები ვართ, რა გაგჭირვებიათ, რითი შეგვიძლია დაგეხმაროთო… საწყლები გამწარებულები მოადგნენ ჭიშკარს: აბა რიღათი უნდა დაგვეხმაროთ, ერთი საათის წინ შვილი დავმარხეთ. მთელი ათი დღე ვეძებეთ ბუჩის სამარხებში და, როგორც იქნა, ვიპოვეთ. ხელფეხშეკრული დაუცხრილავთ. ზურგში ჰქონდა ნასროლი და მერე კეფაში საკონტროლო დახლილი… სამხედროც კი არ იყო, რატომ, რისი გულისთვის გაიმეტესო… ახლაც ყურში ჩამესმის: „ტრიდცატ როკოვ ბილა ხლოპცუ, წიჰიი ტაკოი, ტრიდცატ როკივ, ზა შჩოო?.. ზა შჩოო?..“
ვეღარ გავუძელი, მობილური გამოვრთე და ისე გამოვბრუნდი, არავისთვის აღარაფერი მითქვამს. ხო ამეებში გავიზარდე და დავბერდი, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერასოდეს ვერ გავუძლებ, ვერ ავიტან და ვერ შევეგუები… არ გამოვა ჩემგან პროფესიონალი, არაფერში არ გამოვა და ძალიანაც კარგი… არ შემიძლია და არც მინდა, მაგის დედაც ვატირე, რა უნდა გადავიღო და რა უნდა დავწერო… და თქვენის ნებართვით, ვიდეოკამერის გამორთვისა არ იყოს, დღევანდელ დღეზე წერასაც აქ შევწყვეტ…