კორონავირუსის მზარდი დადასტურებული შემთხვევების შემდეგ იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იტალიაში ბოლო მონაცემებით 12 462-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 632 ადამიანი. ამ მონაცემებით იტალიას მხოლოდ ჩინეთი უსწრებს. ირანში, სამხრეთ კორეასა და საფრანგეთში ჯამში (384) იტალიაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა. იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 5%-იანი მაჩევნებელია, რაც ბევრად აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს – 3,4%-ს.
განახლება: იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 016-მდე გაიზარდა
როგორ დაიწყო იტალიაში ვირუსის გავრცელება?
Time-ის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად 20 თებერვალს დადასტურდა, როდესაც 38 წლის კაცმა საკუთარი ინიციატივით ლომბარდიის რეგიონის ერთ-ერთ კლინიკას მიმართა და გამოკვლევის შედეგად ვირუსი დაუდასტურდა.
იტალიის ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პირველი შემთხვევის დადასტურებამდე კარგა ხნით ადრე ვირუსი იტალიაში ტრიალებდა.
„ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ჩვენთან გრიპის შემთხვევები პიკს აღწევდა და ადამიანებს გრიპის სიმპტომები აღენიშნებოდათ“, – აცხადებს ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი.
ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ კოდონიოში პირველი შემთხვევის დადასტურებამდე პნევმონიის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი შეინიშნებოდა. ადგილობრივი კლინიკის დირექტორი, სტეფანო პელია იტალიურ პრესასთან ამბობს, რომ, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულებს კლინიკებში ისე მკურნალობდნენ, როგორც სეზონური გრიპით დაავადებულებს, რამაც საავადმყოფოები ინფექციის კერად გადააქცია.
Washington Post-ის ინფორმაციით, ლომბარდიაში სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა 10% დაინფიცირდა. დავირუსებულთა 5% ჯამში მედიკოსია.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი იტალიის ოცივე რეგიონში გავრცელდა, ყველაზე მეტად ვენეტოს, ლომბარდიისა და ემილია-რომანიას რეგიონებში მცხოვრები ადამიანები დაზარალდა. ინფიცირებულთა 85% და გარდაცვლილთა 92% სწორედ ამ რეგიონებიდან არიან.
რამ გამოიწვია იტალიაში კორონავირუსის გავრცელება?
Scientific American-ის მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, იტალიის მოსახლეობის ასაკი იყოს. The New York Times-ის ინფორმაციით, იტალიის პოპულაცია ევროპაში ყველაზე ასაკოვანია. მოსახლეობის 23% 65-ის ან მეტი წლის არის. ქვეყანაში მედიანური ასაკი 47,3-ია, მაგალითად, აშშ-ში კი 38,3. იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი, ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, 81 წელია. ასაკოვანი ადამიანები კი კორონავირუსის რისკჯგუფში არიან. მაგალითად, ჩინეთში დაღუპულთა დაახლოებით 80% 60 წელს გადაცილებული იყო.
Scientific American-თან მიჩიგანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეპიდემიოლოგი ობრი გორდონი ამბობს, რომ კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც კონკრეტულ რეგიონში სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ – ერთ რეგიონში კონცენტრირებული მძიმედ დაავადებული ადამიანების სიმრავლემ, შესაძლოა, სამედიცინო სისტემა გადატვირთოს. გორდონი იტალიის შემთხვევას ჩინეთის შემთხვევას ამსგავსებს (უხანში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 5,8% იყო მთელ დანარჩენ ჩინეთთან შედარებით (0,7%).
კიდევ ერთი სარისკო ფაქტორი მწეველებს უკავშირდება. კორონავირუსი რესპირატორული დაავადებაა, რომელიც იწვევს პნევმონიას, სუნთქვის უკმარისობას და ყველაზე ცუდ შემთხვევაში სიკვდილს. მოწევა კი ასუსტებს ფილტვების მუშაობასა და იმუნურ სისტემას, ასევე იწვევს მძიმე რესპირატორულ დაავადებებს. კვლევის მიხედვით, იტალიაში მოსახლეობის 21%-ზე მეტი მწეველია, შედარებისთვის აშშ-ში ეს მაჩვენებელი 14%-ია.
დამატებითი რისკფაქტორი, შესაძლოა, ადგილობრივ ჩვეულებებსაც უკავშირდებოდეს. სოციალური დისტანცია კორონავირუსის გავრცელებისგან თავის არიდების ერთ-ერთი საშუალებაა. ვირუსის მასშტაბურ გავრცელებამდე კი იტალიელები მეგობრებსა და ახლობლებს ორივე ლოყაზე კოცნით ესალმებოდნენ.
Time-ის მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილს მიაჩნია, ვირუსის გავრცელების ასეთი მაჩვენებელი იმითაცაა გამოწვეული, რომ ის შეუმჩნევლად გავრცელდა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით გამოკვლევა უფრო მეტ – 42 ათას ადამიანს ჩაუტარდა, ამიტომაცაა, რომ დადასტურებულ ინფიცირებულთა რიცხვიც მაღალია.
ლომბარდიის ერთ-ერთი კლინიკის დირექტორი, ლორენცო კაზანი მიიჩნევს, რომ სიკვდილიანობის საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი იმანაც გამოიწვია, რომ ტესტირება მხოლოდ კრიტიკულ შემთხვევებში ტარდება – „ჩვენ იმდენს არ აკეთებთ, რამდენიც საჭიროა“.
კაზანის თქმით, ჩრდილოეთ იტალიაში ჰაერის დაბინძურებაც სიკვდილიანობის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ. შვეიცარიული ჰაერის მონიტორინგის პლატფორმა IQAir-ის ანგარიშში 100 ყველაზე დაბინძურებულ ევროპულ ქალაქს შორის 24 ქალაქი იტალიაშია.
„კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს მაღალი კორელაცია რესპირატორული დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და ჰაერის დაბინძურებას შორის“, – ამბობს კაზანი.
მზად იყო თუ არა იტალიის ხელისუფლება ვირუსისთვის?
იტალიაში პირველი შემთხვევის დადასტურებამდე ერთი თვით ადრე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსთან საბრძოლველად სპეციალური ჯგუფი შექმნა. იტალია პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.
თუმცა, როგორც Time წერს, პირდაპირი რეისების შეჩერებამ, შესაძლოა, მოგზაურები წაახალისა, რომ იტალიაში ტრანზიტული რეისებით ჩასულიყვნენ და არ გაემჟღავნებინათ, რომ ჩინეთიდან ჩამოვიდნენ. ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ, შესაძლოა, ვირუსმა იტალიაში ქმედითი ნაბიჯების დაწყებამდე კარგა ხნით ადრე შეაღწია და ქვეყანაში შეუმჩნევლად გავრცელდა.
როგორ პასუხობს მთავრობა გამოწვევებს ახლა?
იტალიის მთავრობამ ვირუსთან საბრძოლველად ჩინეთის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ნაბიჯები გადადგა. იტალიის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, სახლები მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების შემთხვევაში დაეტოვებინათ. Time-ის მიხედვით, მკაცრი საყოველთაო იზლაციის პირობებში, ადამიანები შეიძლება დააჯარიმონ, თუ ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ ნებართვის გარეშე იმოგზაურებენ. თუმცა უცხოელებს კვლავ შეუძლიათ იტალიაში მოგზაურობა. აიკრძალა საჯარო ღონისძიებები და შეწყდა სასწავლო პროცესი. სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, დაიკეტა თითქმის ყველა საჯარო სივრცე: კლუბები, სავარჯიშო დარბაზები, თეატრები და კინოთეატრები. პირები, რომლებიც იზოლაციის წესებს დაარღვევენ, შესაძლოა, დააკავონ ან 234 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხით დააჯარიმონ. ახალი წესების მიხედვით, აიკრძალა საპატიმროებში ვიზიტები, რასაც 27 საპატიმროში პროტესტი მოჰყვა.
როგორ უმკლავდება კორონავირუსს იტალიის ჯანდაცვის სისტემა?
Bloomberg-ის ინფორმაციით, ლომბარდიის საავადმყოფოებში საწოლების 80% კორონავირუსით ინფიციერებულებს უკავიათ. ადგილების გათავისუფლების მიზნით გაუქმდა გეგმური ოპერაციები.
იტალიის ცენტრალური ჯანმრთელობის სამსახური პაციენტებს უფასო მკურნალობას სთავაზობს. თუმცა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩადებული ინვესტიციები მშპ-ის 6,8%-ია, რაც ჩამორჩება სხვა ევროპული ქვეყნების, მაგალითად, საფრანგეთისა და გერმანიის მაჩვენებლებს.
„ჩვენ მზად არ ვიყავით. არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ექიმები, არ გვაქვს გეგმა პანდემიისთვის“, – ამბობს კაზანი.
კორონავირუსის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ინფექციურ პალატებში საწოლების რაოდენობა გააორმაგა. თუმცა კაზანი ამბობს, რომ ლომბარდიაში ინტენსიური მკურნალობის განყოფილებებში თავისუფალი საწოლები აღარ არის. მისი თქმით, ექიმებს მძიმე გადაწყვეტილების მიღება უწევთ: ვინ გადარჩება და ვინ არა, ვის ეყოლება ზედამხედველი, ვინ მიიღებს რესპირატორსა და საჭირო ყურადღებას.