ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

პუბლიკა

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დამნაშავედ არ ცნო. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ არც ნიკოლოზ ბასილაშვილი და არც ნელი დოროყაშვილი. გადაწყვეტილება საქმეზე მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა.

ნიკოლოზ ბასილაშილის საქმეზე საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი, თოთქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, 2022 წლის 21 ოქტომბერს გამოიტანა.


ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისთვის. ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდზე ედავებოდა. მათ შორის ერთ-ერთია, 2020 წლის 21 მაისის შემთხვევა, რა დროსაც ჩოგბურთელი პოლიციამ ძალადობის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით კი სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.