„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი ევროპარლამენტის მიერ გუშინ, 18 მაისს მიღებულ რეზოლუციას „ფარატინა ქაღალდს“ უწოდებს და ამბობს, რომ ევროპარლამენტი „შანტაჟის ენას იყენებს“.
ჭეიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, გააუქმოს მიღებული კანონები.
„ეს რეზოლუციები ფარატინა ქაღალდად რჩება, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკის შეცვლას არ ვაპირებთ, არც კანონების უკან გაწვევას. ჩვენ მიერ მიღებული კანონები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ეს იქნება „გამჭვირვალეობის შესახებ” თუ „ოჯახური ღირებულებების შესახებ” კანონები. ეს კანონები ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. ევროკავშირთან და ბრიუსელთან დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენს ხედვასა და პოზიციებს ყველამ პატივი უნდა სცეს”, – თქვა „ოცნების“ წევრმა.
17 ივნისს ირაკლი ჭეიშვილმა თქვა, რომ „ოცნება“ მზად არის „გამჭვირვალობის კანონსა“ და ნებისმიერ სხვა საკითხზე დიალოგისთვის“.
16 ივნისს, ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ქართულმა მხარემ ლუქსემბურგს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების საკითხი დააყენოს.
სამხარაძის თქმით, საქართველო მზად არის კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ. მისივე განცხადებით, ლუქსემბურგის მხარემ ქართული დელეგაციის პოზიცია კონსტრუქციულად მიიღო.
17 ივნისს მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „ოცნებას“ არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ამავდროულად, დასძინა, რომ დღემდე „არავის მოუსმენია, კონკრეტულად რა პრინციპებს ეწინააღმდეგება ეს კანონები და რა არის ასეთი მიუღებელი და შეუთავსებელი ევროკავშირის სტანდარტებთან“.
ევროკავშირი „ქართულ ოცნებისგან“ სხვადასხვა მიმართულებით მიღებული რეპრესიული კანონების გაუქმებას მოითხოვს.
ამავდროულად, 17 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოხსენიებულია, როგორც დე ფაქტო.
რეზოლუციაში დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება.
ევროპარლამენტი ევროკავშირისგან მოითხოვს, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე.
რეზოლუციით დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება.