რუსული მახე: მშობლიური მიწის საუკეთესოები

ნათია ორმოცაძე

ცოტახნის წინათ ახლობლის ქორწილში ვიყავი. პატარძალიც და სიძეც უცხოეთის, მსოფლიოს ერთ–ერთ წარმატებული და განვითარებული ქვეყნის მოქალაქეები არიან. ქორწილი საქართველოში იყო, თუმცა ქართული ტრადიციული სუფრისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. თქვენი არ ვიცი, მე კი მსგავსი ღონისძიებით ნამდვილი გართობის სიამოვნება პირველად ვიგემე. ბევრი ჩვენისგან განსხვავებული და პროგრესული მომენტის გამოყოფა შეიძლებოდა, თუმცა ახლა ქორწილზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. აქ მე ერთმა საინტერესო მომენტმა სასიამოვნოდ მომჭრა ყური და თავი დამამახსოვრა. სადღეგრძელოში სიძის დედამ თავდაპირველად დაქორწინება მიულოცა წყვილს და თავისი მოკლე და საოცრად გულწრფელი სიტყვა დაახლოებით ასე დაასრულა – მან თქვა, რომ თვითონ ჰოლანდიელია, ქმარი ჰყავს ირანელი, პირველი რძალი უკრაინელი და ახლა ოჯახს ქართველი რძალიც შეემატა, „და ეს ძალიან მაგარია!“ – კი, ეს ბოლო სიტყვები ზუსტია, დანარჩენი იყო პერიფრაზი.

და უცებ ძალიან შემშურდა… გამახსენდა მშობლიური გურია, იქაური ქორწილები, სუფრული აურზაურები; შეჯიბრი, ვინ ვის აჯობებდა სმაში; წაქცევამდე თრობა, ერთმანეთს აკიდებული მთვრალების ბარბაცი, და რაც მთავარია… კიდევ ის გამახსენდა, რისთვისაც ეს საუბარი წამოვიწყე: არათუ სხვა ეროვნების, აქვე გურული თუ მეზობელი კუთხის წარმომადგენელზე ქორწინდებოდა, იყო სულ „ფუ“-ს ძახილი და შეკურთხება. თუ საქართველოს აღმოსავლეთიდან იყო მეორე ნახევარი, ხომ საერთოდ – კახელს და უჯიშოს რამ გააყოლაო. მხოლოდ ჩვენ, გურულები ვიყავით კარგები და ჯიშიანები. ისევე როგორც სხვა კუთხის წარმომადგენლებს ეგონათ, რომ თვითონ იყვნენ სამყაროს ჭიპი.

ერთი ჩვენი ახლობლის ბიძაშვილი კახელს რომ მისთხოვდა (გაიპარა), ოჯახში გლოვა და წივილ–კივილი იყო. იმის შემდეგ ის გოგო კიდევ სამჯერ გათხოვდა, თუმცა ამისთანა წიოკობა მის ოჯახში აღარ შექმნილა. არა, ის დანარჩენი ქმრებიც უვარგისები აღმოჩნდნენ, მაგრამ ადგილობრივი, მშობლიური უვარგისი მაინც სულ სხვა უვარგისია. შედარებაც არ შეიძლება – სად ჩვენებური მამაპაპური, გურული უვარგისი, და სად კახელი უვარგისი. ის თან კახელია და თან უვარგისი…

ასე ვიყავით მუდამ ჩვენი კუთხის განსაკუთრებულობის მტკიცებაში. საკუთარი კუთხის სიყვარული კარგია, მაგრამ პრობლემა იწყება იქ, სადაც საკუთარი კუთხის განსაკუთრებულობის დასამტკიცებლად სხვისი დაკნინება გვჭირდება.

კუთხეებს შორის ქიშპობას გრძელი ისტორია აქვს და მის ფესვებს ისევ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისკენ მივყავართ, რომელსაც გულს უხეთქავდა ქვეყნის შიდა ერთობა.

მისი პოლიტიკა საქართველოში „გათიშე და იბატონეს“ კლასიკურ პრინციპს ეფუძნებოდა. ამ სტრატეგიის მთავარი მიზანი ერთიანი ეროვნული თვითშეგნების შესუსტება და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის ერთმანეთისგან გაუცხოება იყო, რათა იმპერიას რეგიონის მართვაზე დიდი ძალისხმევა არ დაეხარჯა. ამისთვის მათ რამდენიმე ტაქტიკა გამოიყენეს და სხვადასხვა მხრიდან შეუტიეს საქართველოს მთლიანობას.

ადმინისტრაციული დანაწევრება და ისტორიული სახელების წაშლა ერთ–ერთი პირველი ამოცანა იყო მათ შორის. XIX საუკუნეში საქართველოს ტერიტორია დაიყო გუბერნიებად (თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები) და ოლქებად (მაგალითად, ბათუმისა და სოხუმის ოლქები). ოფიციალური დოკუმენტაციიდან ამოიღეს სახელწოდება „საქართველო“ და ის ჩაანაცვლეს ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „ამიერკავკასია“ და ცალკეული გუბერნიების სახელები.

ამის პარალელურად ავტონომიების შექმნით იმპერიამ „ნელი მოქმედების ნაღმები“ ჩაალაგა ამ ტერიტორიებზე. 1920-იან წლებში საქართველოს შემადგენლობაში შექმნა სამი ავტონომიური ერთეული – აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. აჭარის ავტონომიის შექმნა უპრეცედენტო იყო, რადგან ის არა ეთნიკურ, არამედ რელიგიურ ნიშანს ეფუძნებოდა.

ეროვნული მთლიანობის გასათიშად აგორებული კამპანიის ნაწილი იყო ენობრივი პოლიტიკის ბრძოლის იარაღად გადაქცევა, რაზეც წინა ბლოგშიც ვისაუბრე – XIX საუკუნის მეორე ნახევარში რუსმა მოხელეებმა და მკვლევრებმა მეგრული ენისთვის სცადეს, შეექმნათ კირილიცაზე დაფუძნებული ანბანი. მათი მიზანი იყო სამეგრელოს სკოლები ამ ანბანზე გადაეყვანათ და ასე შეესუსტებინათ ქართული სალიტერატურო ენის მნიშვნელობა. ეს არ გამოუვიდათ, რადგან ამ პოლიტიკას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ქართველი მოწინავე მამულიშვილების მხრიდან.

დღესაც კი სამეგრელოში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ქართველები კი არა, მეგრელები არიან, რაც ამ კამპანიის შედეგი მგონია.

რუსული ხელისუფლება ხელს უშლიდა ქართული სკოლების გახსნას აჭარაში და ადგილობრივ მოსახლეობას რელიგიური ნიშნით აცალკევებდა დანარჩენი ქართველებისგან და მათ არა ქართველებად, არამედ მუსლიმებად და თათრებად მოიხსენებდა. ამავდროულად, სამცხე–ჯავახეთსა და სხვა სასაზღვრო ზონებში განხორციელდა მიზანმიმართული დემოგრაფიული ცვლილებები – სხვა ეთნიკური ჯგუფების ჩასახლება, რამაც საქართველო ტერიტორიულადაც დაანაწევრა.

საბჭოთა აღწერებში (განსაკუთრებით 1926 წლის აღწერაში) შემოიღეს ქართველთა ქვეეთნიკური ჯგუფების (მეგრელები, სვანები, ლაზები, აჭარლები) ცალ–ცალკე აღრიცხვის პრაქტიკა, რაც ხელოვნურად ამცირებდა ქართველების საერთო რაოდენობას და აღვივებდა სეპარატისტულ განწყობებს.

ქართველის ცნობიერებაზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად ზეპირი აქცენტები კეთდებოდა ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებზე (ხაზი ესმებოდა მათ ქართლელობას, კახელობას, გურულობას, იმერლობას და ა.შ.), და არა ზოგადად ქართველებზე,

კუთხეებს შორის ქიშპობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. თუმცა ამ ბუნებრივი განსხვავებების დაპირისპირებად ქცევასა და მათ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაში რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. პროპაგანდამ ბევრი ოფლი ღვარა სტერეოტიპებისა და კუთხური შუღლის გასაღვივებლად. მეტი დამაჯერებლობისთვის ეს ისე ეშმაკურად გააკეთა, რომ ბულინგი ამ კუთხეების ავთენტურ მახასიათებლებს დააშენა. კუთხეებს შორის არსებულ ბუნებრივ, ყოფით განსხვავებებს აზვიადებდა და  სხვადასხვა კუთხის შვილების დახასიათებას სასაცილო და ირონიულ ელფერს სძენდა. ქმნიდა და ავრცელებდა სტერეოტიპებს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელთა ხასიათის, პრივილეგიებისა თუ ჩამორჩენილობის შესახებ. 

ასე დაიწყო ერთმანეთისთვის სახელების შერქმევა საკუთარი უპირატესობის განცდით. ასე გაჩნდა გამოთქმა, რომ რაჭველი ქალის მოფსმულზე ბალახი არ ამოდის; რომ კახელი ხისთავიანია; ქართლელი – ხეპრე და ტეტია; იმერელი – კუდაბზიკა; გურულები აბდლები და მაგათ ფსიქიატრიულის პაციენტისგან დიდად ვერ განასხვავებ, აჭარელი „ხიხოებისადმი“ დამოკიდებულება კიდე საერთოდ ბულინგის მწვერვალი იყო და ა.შ.

ასე ცდილობდა პროპაგანდა განხეთქილება ჩამოეგდო პატარა ერის კიდევ უფრო პატარა კუთხეებს შორის და ამ გზით აღეგავა ისინი მიწის პირისგან. სინამდვილეში კი, პატარა ერები სამყაროს ყველაზე დიდი და ბრჭყვიალა სამკაულებია. სწორედ ამგვარი პატარა ერების მოცილებაა მნიშვნელოვანი უფერული ერთსახოვნების მისაღებად და სამყაროს მარტივად სამართავად. თუმცა ჩვენ არ გვეყო გონიერება, არ წამოვგებოდით ამ პროვოკაციას.

დაბოლოს, მე მაინც ვერ შევეგუები გურულების აბდლად მოხსენებას და შეურაცხყოფას (როგორც ჩანს, მეც თავისი დაღი დამატყო პროპაგანდამ, ჩემი გურულები საუკეთესოები რომ მგონია). სწორედ ჩვენ ვიყავით ის ხალხი, რომლებმაც საბჭოთა ხელისუფლებას ამ ხალხური ლექსით დასცინა:

„ქალო, დროშა მიგიღია,

გევიგე და გევიხარე.

ჭინჭით ტრიკო შეიკერე,

ტარი **აკში გეიყარე“.

———————–

რუსული მახე: ენა – იდენტობის ხერხემალი
რუსული მახე – კერპი, რომელმაც თავისუფლება წაგვართვა

დაგვიანებული ბოდიში დედას
რუსული მახე: ჩვენი ღირსება ჩვენსავე წინააღმდეგ
რუსული მახე: რატომ შევიძულეთ მეზობელი
რუსული მახე: საბჭოური დიფ-სტეიტი