„ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან,
დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით”
იდიოტი, პროვოკატორი მემატიანე
მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს ქართველი ხალხი მშვიდად თანაცხოვრობდა მოძმე თურქ-სელჩუკთა ტომების გვერდით. უფრო მეტიც, თვითონ სელჩუკები გაცილებით უფრო დაჩაგრული იყვნენ სისტემისგან, ვიდრე ჩვენ და სხვათა შორის ჩვენგანაც არ აკლდათ დაჩაგვრა. (ვისაც ეს პერიოდი ახსოვს – უეჭველად დაგვეთანხმება).
ფაქტია, თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო თავისით იშლებოდა. ახალგაზრდა მეფე სრულიად უაზროდ დაუპირისპირდა მათ, როდესაც 1099 წელს ხარკის გადახდა შეუწყვიტა, რაც იყო სრული სისულელე და სიბრიყვე.
ამას მოჰყვა საშინელი შედეგები. გააფთრებული გიგანტი, რომელიც შეურაცხყოფილი იყო ჩვენი „ღალატით”, შურისძიების რეჟიმში. გადავიდა.
ესევითარცა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტანისა წინაშე… და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა.
მათ უზარმაზარ კოალიციურ ლაშქარს მოუყარეს თავი, რომლის რაოდენობაც 300 000-ს აღემატებოდა. დავით აღმაშენებლის სამხედრო ძალის რაოდენობა, სომეხი ისტორიკოსის, მათეოს ურჰაეცის ცნობით, შეადგენდა 40 000 ქართველს, 15 000 ყივჩაყს, 500 ოსსა და 100 ფრანგ (ევროპელ) ჯვაროსანს. სელჩუკების კოალიციის თითო წევრს თითო ჩექმა რომ გადმოეგდო, მხოლოდ ამით მოგვიგებდნენ, თუმცა დავით აღმაშენებლემა ვერ გააცნობიერა მოსალდონელი საფრთხე, დაიღუპა უამრავი ჩვენი სრულიად უდანაშაულო მოქალაქე… და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთებმა ვერ გაიაზრეს რიგი კანონზომიერებებისა და ძალაუფლების დემონსტრირება გადაწყვიტეს.
თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო ნადგურდებოდა ყველა შემთხვევაში. იშლებოდა სრულიად სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ საკუთარი „წვლილი” შეგვეტანა ამ პროცესში და მართლაც შევქმენით ეს ილუზია – რამაც გამოიწვია კიდეც კატასტროფული შედეგები ქვეყნისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელმა სერიოზული პროვოკაცია ჩაიდინა – მან 200 მეომარი გაგზავნა სელჩუკთა რიგებში, რომელთაც მოულოდნელად იშიშვლეს ხმლები, დაერივნენ მათ და არევ-დარევა კი შეიტანეს, მაგრამ თვითონ სრულად დაიხოცნენ, ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ მტერია და მოგკლავს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! (ეს მემატიანის ემოციური ჩანართია).
ძალიან დიდი სისხლიანი ფასი გადაიხადა ჩვენმა ხალხმა და ქვეყანამ იმისთვის, რომ „ვეთამაშეთ” იმ დაუნდობელ ძალას და ისევ „სისხლიანი ფასის” გადახდა მოგვიწია.