31 მაისი – 1 ივნისი
მთელი ღამე და მომდევნო დღე გზაში ვართ… ძალიან ხშირად ვჩერდებით… ეს გზა, 700 კილომეტრი, რაც ლვოვიდან კიევამდე გამოვიარეთ, ახლა უკან უნდა გავიაროთ. სამწუხაროდ, რუსეთი, როგორც ჩანს, საბოლოოდ მოვიდა გონს, ომის დაწყების პირველი დღეებისა და კვირების გამანადგურებელი მარცხის შემდეგ და ფართომასშტაბიან იერიშზე გადმოვიდა. მასობრივად იყენებს მთელ თავის საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო რაოდენობრივ უპირატესობას… გზაში დაგვეწია ამბავი, რომ მთელი ძალებით უტევენ ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევერნოდონეცკს… გრძელდება ქალაქის საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლით დამუშავება.
ამ ქალაქის დასაუფლებლად გააფთრებულ ბრძოლებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – თუ სევერნოდონეცკი დაეცა, მტერი სრულად გააკონტროლებს ლუგანსკის ოლქს. ამაზე ადრეც მოგახსენეთ, რუსეთმა აშკარად შეცვალა საომარი ტაქტიკა – ასე თავხედურ მარშირებასა და კონტაქტურ ბრძოლაზე მაქსიმალურად უარი თქვეს; შეძლებისდაგვარად, ერიდებიან ახლოს ომს; სამაგიეროდ, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მაქსიმალურად ცდილობენ სოლისებურად შემოღწევას და შემოჭრას, ამ სოლებს შორის დარჩენილ ტერიტორიებს კი, თითქმის ყოველ კვადრატულ მეტრს, შორიდან ამუშავებენ ყველანაირი სარაკეტო, საარტილერიო და საავიაციო ცეცხლით… ეს ტაქტიკა ე.წ. „ვიზჟანნაია ზემლია“ – „გადაბუგული მიწა“, როდესაც მომხდურს არ აინტერესებს შენი არც ქალაქი, არც ინფრასტრუქტურა, არც ბუნებრივი რესურსები და მით უმეტეს, არც მოსახლეობა; მტერს ამ შემთხვევაში აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მიწა და ტერიტორია. მეტიც, როდესაც დამპყრობელს ნაკლებად აქვს დეკლარირებული კონკრეტული სამხედრო–ტაქტიკური, სამხედრო–სტრატეგიული ან თუნდაც სამხედრო–პოლიტიკური ამოცანა და ეს ყველაფერი, რეალურად, უფრო ღია სამხედრო აგრესიას, შანტაჟსა და ერთი ადამიანის მიერ მართული, ერთი ზომბირებული ქვეყნის მანიაკურ–პარანოიდული შურისძიების სახეს იღებს… ამას მოწმობს ის სარაკეტო იერიშები, რომლებიც ყოველდღიურად მეორდება მთელი უკრაინის ტერიტორიაზე ლუგანსკიდან ლვოვამდე, ოდესიდან დნეპრამდე და ზაპოროჟიედან დონეცკამდე.
ხშირად ეს დარტყმები, სამხედრო თვალსაზრისით, საკმაოდ უსისტემო და ალოგიკური, კონკრეტულ სამხედრო მიზანს მოკლებულია და ერთადერთი შედეგი, რაც ამას მოაქვს, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება, მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მშვიდობიანი ინფრასტრუქტურის ნგრევაა. BBC-ის კვლევების შედეგად უკვე დღეისთვის 6 მილიონი უკრაინელია უსახლკაროდ და თავზე ჭერის გარეშე დარჩენილი. 6 მილიონი მშვიდობიანი მოსახლე, ქალი, ბავშვი, მოხუცი…
ეს უკვე კარგა ხანია აღარ არის სამხედრო ოპერაცია. ყველაფერს თავის სახელს თუ დავარქმევთ, ეს გახლავთ ყოველდღიური ტერორისტული აქტი, რომელიც თავისი სისტემატურობითა და ცინიზმით ლამის უკვე სტატისტიკად იქცა… მაგალითად, მხოლოდ დღეს, 31 მაისს, დაარტყეს არა მარტო სევერადონეცკს, არამედ ცეცხლის ხაზს მოშორებულ ქალაქ სლოვიანსკს. დანგრეულია მაღალსართულიანი კორპუსები. არის მსხვერპლი, არის უამრავი დაჭრილი…
ამ ყველაფრის ფონზე დასავლეთმა და ევროპამ გაააქტიურა უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა. სხვათა შორის, ძალიან ნიშანდობლივია, რომ დიდ ბრიტანეთთან ერთად უკრაინის დასახმარებლად ყველაზე მეტად აქტიურობენ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები – ბალტიისპირეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ა.შ., რომელთაც თავის დროზე თავიანთ თავზე აქვთ ნაწვნევი ჯერ ცარისტული, შემდეგ საბჭოთა აგრესია, ოკუპაცია და ტერორი და ახლაც პირდაპირი დარტყმისა და აგრესიის მუქარისა და საფრთხის წინაშე არიან რუსეთის ფაშისტური და ტერორისტული რეჟიმისგან…
ეს დახმარება დასავლეთ უკრაინიდან გალიჩინისა და ლვოვის გავლით შემოდის ევროპიდან. სწორედ იმ რკინიგზის ხაზით, რომლითაც გოგა და მე კიევიდან ლვოვში ვბრუნდებით… ბუნებრივია, რუსეთმა ეს ძალიან კარგად იცის, ამიტომ საარტილერიო, საავიაციო და განსაკუთრებით სარაკეტო დარტყმები განსაკუთრებით გააქტიურდა ამ მიმართულებით. ახლაც ლვოვს ლამის ერთდროულად სამი ზღვის: შავი, აზოვისა და კასპიის საზღვაო ფლოტილიიდან უშენენ, ძირითადად, ისევ „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებს. საბედნიეროდ, მართალია, საკმაოდ არაზუსტად, მაგრამ ნგრევა, მსხვერპლი და უბედურება მაინც საკმაოდ მოაქვს…
1 ივნისი
როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ ლვოვში. ცენტრალურ ვაგზლამდე პატარა ვაგზალია, დაახლოებით ისეთი, როგორიც თბილისშია – ცენტრალურ ვაგზლამდე დიდუბის ვაგზალი… იქ ჩამოვხტით. დილით, ალიონზე მოგვიწია ჩამოსვლა და გადავწყვიტეთ, ცოტა ხანს ქალაქში გვებოდიალა; მოგვერიდა ნატალია ტროხიმის ბავშვები ისევ არ წამოგვეყარა უთენია და დილის ძილი არ ჩაგვეშხამებინა, როგორც 11-12 მაისს შუაღამე გადასულზე წამოვყარეთ საწყლები… ისედაც გავუჭირეთ უკვე საქმე ამ უკრაინაში ყოველ შესვლა–გამოსვლაზე…
ზაფხულის პირველი დღე და გადასარევი დილა, ფანტასტიკური ლვოვის ვიწრო ქვაფენილით მოკირწყლული ოკრობოკრო ქუჩები. როგორ არ უხდება ამ ძალიან ევროპულ საოცრად კოლორიტულ და თავისებურ ქალაქს (რომლის იერსახეც არასოდეს არც ერთ ქალაქში არ აგერევა, ვერც კი მიამსგავსებ სხვა ქალაქს)… ომი ბლოკ–პოსტები და შეიარაღებული პატრული… რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სისულელეს ვამბობ, ომი არც ერთ ქალაქს არ უხდება, არეულ, ხმაურიან, მტვრიან, სიჭრელით, სროლით ყიჟინითა და ბაგაბუგით აღსავსე ქაბულსაც კი და ვერც ვერანაირ ქალაქს ვერ მოუხდება, ომს რომ დაექცეს მომგონი და ომის დამწყების პატრონი დედის სუყველაფერი… მაგრამ ამ ერთი შეხედვით აბსურდულ „ლვოვს ომი არ უხდებაში“, კიდევ სხვა რამეს ვგულისხმობ, რასაც კარგად ვერ გამოვთქვამ, თუმცა, ვინც ლვოვში ომამდე ყოფილა, ძალიან კარგად მიხვდება, რასაც ვბოდიალობ…
ევროპული შენობები, თითოეული ასევე უნიკალური, რომელიც, თავის მხრივ, ლვოვის, როგორც ქალაქის, უნიკალურ ანსამბლს ქმნის… შუა საუკუნეების ტაძრები და სასახლეები, მათ შორის, მორახრახე, ძველი ჭრიალა ორვაგონიანი ტრამვაი, სადაც ბილეთი აღების შემდეგ სპეციალურ მოწყობილობაში უნდა შეჩურთო და დაჩვრიტო, როგორც ფილმებში, რომლებშიც მე-19 საუკუნის ამბებია აღწერილი… და ამ ტრამვაიდ წოდებული დროის მანქანის ფასი, სულ რაღაც, 10 გრივნაა, ანუ, როგორც ლვოველები გამოთქვამენ, „ჰრივნა“!.. მოკლედ, მთელი რიტუალი იყო. ჩვენკენ, ანუ ნატალია ტროხიმის სახლისკენ „ჩერვონნაია 21“ 3 ნომერი ტრამვაი დადიოდა. გაივლიდა კნაგინია ოლგას ქუჩას და ტაატით, ჭრიალითა და ერთის ამბით არახრახდებოდა ჩვენს სახლამდე, მერე კი ზემოთ აგრძელებდა გზას. იქით რაღა ხდებოდა, აღარც ვიცით; მე და ჭყონია, როგორც ზარმაცი ქართველები, ძირითადად, დაღმართზე ვებერებოდით ცენტრისკენ…
ამ კნიგინია ოლგაზე ასეთი ლეგენდა არსებობს: მტრებმა მას შემდეგ, რაც ომში ოჯახის წევრები დაუხოცეს, დანებება შესთავაზეს. კნიგინია ოლგა დასთანხმდა, ოღონდ, ერთი პირობით – მტრებს მტრედები უნდა გაეგზავნათ იმის ნიშნად, რომ ზავი ნამდვილად დაიდო და დადებულ სიტყვას აღარ უღალატებდნენ… მტრებმა სიხარულით შეასრულეს კნიგინია ოლგას მოთხოვნა და მტრედები გაუგზავნეს. კნიგინია ოლგამ ბრძანა ამ მტრედებისთვის, ფეხებზე გრძელი გასანთლული თოკები გამოებათ, ზედ ცეცხლი მოეკიდებინათ და უკანვე გაეშვათ მტრისკენ, რომელიც დამარცხებული და დანებებული კნიგინია ოლგასგან შურისძიებას და წინააღმდეგობას აღარ ელოდა. ამასობაში კი უკან დაბრუნებულმა, ფეხზე ცეცხლწაკიდებულმა მტრედებმა ისე გადაბუგეს ქალაქი და ისე ჩაინაცრნენ, გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს. ისე საინტერესოა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, მზვერავი ვარო რომ დაუღია პირი, ნეტავ, თუ გაუგია ეს ლეგენდა კნიაგინია ოლგაზე; გამოადგებოდა უკრაინელების ხასიათის გასაგებად ან იქნებ, გოგოლის „ვიი“ გადაეკითხა, რა ვიცი… რა ვიცი…
მაინც ადრე მოგვიწია ნატალის სახლში მისვლა; ბავშვებს ეძინათ, გოგა და მე ფეხაკრეფით შევიპარეთ ეზოში, რომ არავინ გაგვეღვიძებინა. გოგა ეგრევე ჰამაკისკენ გაქანდა, გაგორდა და ნატალიას აყვავებული ეზოს დანახვაზე ისევ ჩეხოვს და რუსულ ლიტერატურას მიმართა. მე ძალიან უყურადღებოდ და გულგრილად ვუსმენდი მის ლექციას რუსულ ლიტერატურაზე, პოეზიასა და „ვიშნიოვი სადზე“ და სრულიად უმსგავსოდ ვამთქნარებდი.
ცოტა ხანში კარი გაიღო და ნამძინარევი ულიანკა და მისი გოგონები – ემელიანა და მელანია გამოტანტალდნენ და კიდევ ერთხელ შემრცხვა, ქართულ სტუმარ–მასპინძლობას რომ დავიჩემებთ ხოლმე, ისე გულწრფელად გაუხარდათ ორი სრულიად უცნობი, მაწანწალა, ნათრევი ავანტიურისტი ქართველის დანახვა და ისეთი ყიჟინით დაგვხვდნენ…
– ეი, ია ნე დევოჩკა, ია მელანკა, იაკ ტი?.. მალანკა, მელანკა!.. ემელია, როგორა ხარ?.. მათ დანახვაზე ჩვენც ყველაფერი დაგვავიწყდა… ულიანკა სამსახურში მიდიოდა, ემელია და მელანია კი საბავშვო ბაღში… გაემზადნენ, ბატონო, სამივენი – ისაუზმეს, გამოიპრანჭნენ, თავზე მუზარადები დაიხურეს, თავ–თავიანთ „სამოკატებზე “ შემოხტნენ და ჰერი–ჰერი საქმეებზე… მიხასი მივლინებაშია, ხვალ დილით ჩამოვა, თქვენ კი არ მოგერიდოთ, შხაპი მიიღეთ და მაცივარი გააღეთ, მიირთვით, რაც გაგიხარდებათო…
ძალიან აგვიჩუყდა გული… განსაკუთრებით ჭყონიას, მკაცრი ვარ მე, ძალიან მაგარი და არავინ არ მენატრებაო, რომ ბლატაობდა… წავედით და რისი გურჯები ვიქნებოდით, იქვე უბანში კაი ხორცის მაღაზიისთვის არ მიგვეგნო; ამოვზიდეთ და ისე დავტრიალდი სამზარეულოში, ჩემს მსუქანა გოგიტა ნაბიაშვილს შეშურდებოდა. ისე, ერთი გვერდიდან მანახა, როგორ სასაცილოდ ვირჯებოდით, ვმზარეულობდით და ვჩხუბობდით, ხახვი უნდოდა უფრო მეტი, პილპილი, წიწაკა თუ ნიორი: „ესღა მაკლია, შენ გეკამათო; რაც გინდა, ის ქენი, მაინც ვერაფერს გაგაგებინებ.“ – ბრაზობდა ჭყონია და ამ დაკა–დაკაში ისეთი ვუქენით ულიას სამზარეულოს, რომ მობრუნდა, როგორ არ დაგვხოცა ან როგორ არ გამოაბა მტრედებს ცეცხლწაკიდებული თოკები და ჩვენი ოთახებისკენ არ გამოუშვა, ახლაც მიკვირს… თუმცა სადილი კი მართლა გემრიელი გამოვიდა, რაც მართალია, მართალია…
ჩვენებს ველაპარაკეთ. გაუხარდათ, აქეთ, დასავლეთისკენ რომ გადმოვიწიეთ, მანდ უფრო უსაფრთხოდ ხართ და თან მალე წამოხვალთო…
უფრო უსაფრთხოდო და იმ საღამოს ერთი კი არა, სამი ადგილიდან გვბომბეს ამ ბოზიშვილმა რუსებმა. თან მეგაფონებით აფრთხილებდნენ მოსახლეობას და თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებდნენ… (კიევში, დნეპრსა და ზაპოროჟიეში ასე მეგაფონები არ გაგვიგია)… ულინა ძალიან ნერვიულობდა მიხასაზე. ოღონდ, როგორც უკრაინელ ქალებს ახასიათებთ, თავშეკავებულად და ღირსეულად… ჩვენ დაფეთებული ბავშვების გართობას ვცდილობდით და შიგადაშიგ, გაავებული სისინით სუ ქართულად ვაგინებდით რუსებს დედებს და გვარში ლამაზს…
ამასობაში დაღამდა; განგაშისა და დაბომბვის ხმა არ წყდებოდა. ჭყონიას და მე ყოველთვის ძალიან გვერიდებოდა ვინმეს შეწუხება, მაგრამ დღეს პირველად ვიფიქრეთ, კიდევ კარგი, ჩამოვუსწარით ამ სამ ფრიალათმიან ქერა გოგოებს, ვიდრე მიხასი სახლში არ არისო.