საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმისთვის მთავრობა 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს – გახარია

პუბლიკა

„საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24-საათიან რეჟიმში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს: „საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანიც ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. კერძოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს, რომ ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში ღრმა ჭაში ჩავარდნილი ადგილობრივი მცხოვრების დასახმარებლად გაემართა, რომელსაც თბილისში გადმოყვანასა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი უთხრეს.

საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფ ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile