სკოლა პრაქტიკოსის სტატუსის მქონე 8 200-მდე პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა - პროექტი დასრულდა

სალომე გორგოძე

პენსიონერი პედაგოგებისთვის განკუთვნილი პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში სკოლა პრაქტიკოსის სტატუსის მქონე 8 200-მდე პენსიონერმა დატოვა. მონაცემი „პუბლიკას“ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მოაწოდა.

აღნიშნული პროგრამა ერთჯერადი იყო და ორი ძირითადი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე გასული სასწავლო წლის დასაწყისისთვის სკოლა 6 365 პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა. მეორე ეტაპი კი 2019 წლის დეკემბერში დასრულდა.

„ეს ჯილდო ერთჯერადი პროექტი იყო, თუკი გაგრძელდება რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არავინ არ იქნება, საკმაოდ კარგი პროექტი არის და ნამდვილად იმსახურებენ ჩვენი მასწავლებლები განსხვავებულ გაცილებას პროფესიიდან. ამ ეტაპზე ის მოაზრებული იყო ერთჯერად პროექტად“,- უთხრა „პუბლიკას“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, მანანა რატიანმა.

სამინისტროს ინიციატივით იმ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პენსიონერ პედაგოგებს, რომლებსაც სურვილი არ ჰქონდათ გამოცდაზე გასვლით დაედასტურებინათ კომპეტენცია ან ორჯერ მცდელობის მიუხედევად, ის ვერ დაადასტურეს, მიეცათ პრივილეგია, სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი, სადაზღვეო პაკეტი  და შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა.

გასულ ზაფხულს, როცა სამინისტროს ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი სისტემაში სულ 12 111 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პენსიონერი ასწავლიდა.

პროექტის პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ ქალაქის სკოლებში ვაკანტური ადგილების შევსება უფრო მარტივად მოხდა, კონკურენციაც მაღალი იყო, სოფლებში კი, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში კადრების შევსება გაჭირდა.

პროფესიონალი კადრების დეფიციტის საპასუხოდ მიმდინარე წელს ამოქმედდა „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომელიც როგორც მასწავლებლის სახლში განმარტავენ, იმ ძირითად გამოწვევებს პასუხობს, რომლებიც პროფესიაში შეიქმნა. კერძოდ, სკოლამ მასწავლებლობის მსურველები და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები საგნობრივ ჯგუფში ან მომიჯნავე საგნებში მოამზაადა, რომ მათ მცირეკონტინგენტიან სკოლებში ერთზე მეტი საგნის სწავლება შეძლონ.

უფრო დეტალურად თუ რა გამოწვევები დარჩა მასწავლებელთა საკადრო პოლიტიკაში პენსიონერი პედაგოგების ნაწილის სისტემიდან გასვლის შემდგომ, წაიკითხეთ ვრცლად სტატიაში: