4 ივნისი
4 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ ოკუპირებული აზოვის ზღვის კუნძულ „ზმიინის“ „ნატოს“ შეიარაღებული ძალების ავიაგამანადგურებლებმა გადაუფრინეს.
რუსული მასმედია და საგარეო საქმეთა სამინისტრო სრულ ისტერიკაშია… უკრაინული მხარე, ბუნებრივია, ძალიან გახარებულია ასეთი, თუნდაც ფსიქოლოგიური დახმარებით და არც აღფრთოვანებას მალავს და არც ნიშნის მოგებას ერიდებიან… მით უმეტეს, რომ ეს სწორედ ის კუნძული „ზმიინია“, სადაც იშვა ის უკვდავი, უკვე სერიოზულ ბრენდად ქცეული: „რუსკიი კარაბლ, იდი ნა ხუი…“
ისე, რა უცნაურია, ამ ფრაზის ავტორს, რომელმაც დასაღუპავად გახაზირებულმა სასოწარკვეთილი თავგანწირვით მიაძახა რუსებს ეს სიტყვები, თითქმის არავინ ვიცნობთ სახეზე, არც ვინაობა ვიცით… მისი ეს გამოთქმა კი, ისე, რომ იმ წამს თავადაც ვერ წარმოიდგენდა, თითქმის განაღდებული სიკვდილის ან უარესის, ტყვედ ჩავარდნის საფრთხის წინაშე მდგარი, მსოფლიოს ერთ–ერთ უცნობილეს ბრენდად რომ იქცეოდა და მსოფლიოში გავრცელდებოდა, მიაწერდნენ მაისურებსა და ჭიქებზე… ამ ფრაზით აჭრელდებოდა კედლები ასეულობით ქვეყანასა და ქალაქში, ამ ფრაზას დაატრიალებდა მსოფლიოს ყველაზე მოდური და პოპულარული ტელეპროგრამები და მედიაცენტრები…
ძალიან უცნაური რამეა ეს ბედისწერა, როდის რა გახდება უკვდავი და სამუდამო, რომელი ფრაზა, რომელი კადრი… მაგალითად, ერნესტო ჩე გევარას ცნობილი ფოტოპორტრეტი, რომელიც უკვე ამდენი წელია, მთელ მსოფლიოს არის მოდებული, მაისურებზე, ჭიქებზე, ქუდებზე გამოხატული თუ ტატუს სახით გავრცელებული (ყველაზე ცნობილი – მისი ასევე ლეგენდარული თანამემამულის, გენიალური ფეხბურთელისა და ნარკომანის, დიეგო მარადონას ტატუ) სრულიად შემთხვევით გადაიღო კუბელმა ფოტოგრაფმა, ალბერტო კორდამ, რომელიც, ძირითადად, ჰავანის პლაჟებზე შიშველი მოდელი გოგოების გადაღებით იყო დაკავებული და საკმაოდ სახელოვანი ფოტოგრაფიც გახლდათ… აი, ჩეგევარას ფოტო კი, რომელმაც მას, მართლაც, მსოფლიო პოპულარობა, სახელი და აღიარება მოუტანა, სინამდვილეში სრულიად შემთხვევით ჩააჩხაკუნა – ახალი ფოტოაპარატი მიუტანეს და მანაც გამოსაცდელად იქვე, მიტინგზე მდგარ ერნესტო ჩე გევარას შეუბრუნა… ასე ცალი ხელით სპონტანურად ჩაჩხაკუნებული გამოვიდა ის, რაც გამოვიდა – შედევრი!…
ასეთი მაგალითები ბევრია, იგივე მეორე ერნესტის, ჰემინგუეის ცნობილი ფოტო, ჭაღარა წვერ–ულვაშითა და მაღალყელიანი, უხეშად ნაქსოვი ჯემპრეთი, რომელიც ყველა საბჭოთა ოჯახში იდო, როგორც თავისუფლების ლეგენდა და სიმბოლო, როგორც დავითის შურდულის სატყორცნი ქვა, რომლითაც ცდილობდნენ ამ კომუნისტური სულთამხუთავი ბლოკადის განგრევას… თუმცა ახლა უკვე ძალიან კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ამერიკული და მსოფლიო ლიტერატურის ლეგენდა საკმაოდ უბედური და ტრაგიკული ლეგენდა იყო და არც ისეთი მაგარი ბიჭი, როგორადაც აღწერდა თავს და როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო. იქნებ, სწორედ ამიტომაც დაამთავრა ასე უბედურად და ტრაგიკულად თავისი ცხოვრება… სხვათა შორის, თავის სახელს ვერ იტანდა… ამ მხრივ, არ ვიცი, მეორე, არგენტინელ ერნესტო ჩესთან როგორ იყო საქმე… ისიც ხომ საკმაოდ წინააღმდეგობრივი ტიპი იყო, ვისთვის წმინდანი, ვისთვის ჯალათი… ალბათ, იმიტომ, რომ წმინდანიც იყო და ჯალათიც… ისევე, როგორც ჰემინგუეი იყო ლაღიცა და დეპრესიულიც… ხდება ეგეთები; რამდენიც გინდა ხდება, ცხოვრება არა მარტო ურთულესი, ხშირად საკმაოდ უხერხული რამეც არის და „გვაქვს უთვალავი ფერითა“, ძმაო ალემაო…
სად წამოვედი კაცო, საით გამოვუტევ ხოლმე, გამაჩერეთ მაინცა ვინმე მადლიანმა, თორემ ლამის ჩამოვყევი იმ ბოლო კახპის გაგდებულ რუსულ გემს და მის ეკიპაჟს ბოლომდე, როგორც ამას ჩვენი ტყვიებით გათანგული ერნესტოები იტყოდნენ, ჩეც და იგრე, ჩეს გარეშე გრინგო ერნესტიც…
მოკლედ, გადაუფრინეს ამ ბრიტანელმა ავიაგამანადგურებლებმა კუნძულ „ზმეინის“ (ისევ ბრიტანელები რა, ჯიგრები, წმინდაო გიორგი, შენ დაიფარე მხიარული ინგლისი) და რუსეთმა ამ დილაადრიან ისეთი ვიშვიში და სლუკუნი ატეხა, ახლად შეცდენილი „ბარიშნასავით,“ თითქოს მთელი ზამთარი და გაზაფხული ენით აუწერელი კოშმარები მაგათ არ დაეტრიალებინოთ უკრაინაში…
„გადაგვიფრინესო, აი, „Flightrader 24“-ზე დაყრდნობით მოგახსენებთ, რომაო რო… ორი ბრიტანული გამანადგურებლის „Eurofighter Typhoon“ – შემოფრენა დაფიქსირდა რუმინეთის ტერიტორიიდანო და ეგ რა არიო, ეგ რა არიო… ბრიტანელი ავიაგამანადგურებლები ასე თავზე ხელაღებით და დაუფარავად შემოფრინდნენ, მაგრამ სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ ამერიკელი სამხედრო თვითმფრინავები – „f-35“-ებიც დაფრინავენ აქ მაგრამ, მაგ ვერაგებს, ისეთი თანამედროვე ტექნიკა აქვთ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთო… აეგრე დაიფარებენ თავზე იმ თავის თვითმფრინავებში უჩინმაჩინის შლაპებს და ჩვენ ამ ჩვენი საბჭოთა კონსერვის „ბანკებით“ ვეღარ ვაფიქსირებთო.
განსაკუთრებით რუსული პროპაგანდის პუტინის ხელდასხმული ორი „ვარსკვლავი“ – სოლოვიოვი და მარგარეტ სიმონიანი გადაირივნენ. პირველი, რატომღაც, განსაკუთრებით პოლონეთსა და გერმანიას ერჩოდა და ბერლინს ემუქრებოდა – მოვალ, ისევ მოვალ მანდ, მე დავბრუნდები და სეირს გიჩვენებთო, მარგარეტ სიმონიანი კი ასე არ წვრილმანდებოდა და „კაკ მი ჟახნემო“ – მთელ მსოფლიოს ბირთვული ცეცხლის ალში გახვევას და ნაცარტუტად ქცევას ჰპირდებოდა. სულ ეგრე იძახეს: – „ნაცარტუტ… ნაცარტუტო“…
გასაგებია, რომ ნებისმიერი რეჟიმის პროპაგანდისტი და რუპორი ნაძირალა მედროვე და სულგაყიდული გოიმია. ამაზე წინა დღეებშიც ვილაპარაკეთ და აქ ბევრი არც არაფერია სათქმელი, მაგრამ პროპაგანდისტობას, ნაძირალობასთან ერთად, ეტყობა, მაინც სჭირდება გარკვეული ნიჭიც… ეს სიმონიანი და სოლოვიოვი, მართლა ნამეტანია… ასეთი უნიჭო და იაფფასიანი ტრიუკები და ფეხების ბაკუნი… რაც მთავარია, არც არავის არ ეშინია მათი მუქარის. მართალია, ომის პროპაგანდისტები შეიარაღებულ მკვლელზე მეტი თუ არა ნაკლები დამნაშავეები ნამდვილად არიან… აგერ იყო გებელსი, მაგრამ გებელსი, თავისი ვიზუალის მიუხედავად, სასაცილო ნამდვილად არ ყოფილა, რეალურად საშიში იდეოლოგიური სისხლისმსმელი ჯალათი იყო: – ესენი ამხელა მსხვერპლის დროსაც კი ამაზრზენად სასაცილოები არიან. გებელსს „წატი შენი პრასტიტუტკა, მაიმუნი დედაცო…“ ასე იოლად ამ სიმონიან–სოლოვიოვივით ხელს ვერ აუქნევდი… საბჭოთა და სტალინური რეჟიმის პროპაგანდისტი იყო ჩემგან 15-16 მაისს უკვე ნახსენები მიხეილ კოლცოვი – როდესაც ქალაქ დნეპრის ამბებს აღვწერდი, მაგრამ უნიჭიერესი კაცი იყო. თანაც სწორედაც რომ თავისსავე ნაქებ, საბჭოთა რეჟიმსა და სტალინურ რეპრესიებს შეეწირა, 1938 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომიდან დაბრუნებისთანავე და რა ვიცი, რა ვიცი ესენი როგორ დაამთავრებენ.
სხვათა შორის, მისი საომარი დღიურების – „ესპანეთი ცეცხლის ალში.“ 1936 წლის 9 აგვისტოს ჩანაწერებში, ანუ, როდესაც გენერალ ფრანსისკო ფრანკო ბაამონდეს მიერ რესპუბლიკური ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება – ე,წ, ხუნტა სულ ახალი დაწყებული იყო, ბარსელონაში კატალონიელ ანარქისტებთან შეხვედრის დროს ძალიან საინტერესო კონტექსტშია ნახსენები უკრაინა:
– „ჩვენ (იგულისხმება კატალონია და ბარსელონა) ესპანეთის უკრაინა ვართ“ – განგვიცხადა კატალონიელი ანარქისტების ლიდერმა, სოციალისტური მოძრაობის გამოცდილმა ლიდერმა კომორერამ… ჩვენზე და ჩვენს მომავალ ბედ–იღბალსა და ბრძოლაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუ ვერ გავერთიანდებით, ვერ გავიმარჯვებთ და არ აღვკვეთთ, სხვადასხვა ჯურის ტერორისტების პროვოკაციებს, პირდაპირი ინტერვენციის საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდებით და არა მარტო იტალიისა და გერმანიის მხრიდან; ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, ბოლო ძალები უნდა მოვიკრიბოთ, მთელი პასუხისმგებლობა და ნებისყოფა, რომ მარცხი თავიდან ავირიდოთ…“
ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დიალოგია კომორერასა და კოლცოვს შორის ზუსტად 86 წლის წინ და ძალიან უცნაური პარალელიც გამოვიდა. და არა მარტო იმიტომ, რომ „ესპანეთის უკრაინა“ – კატალონია ისევე, როგორც ნამდვილი უკრაინა, ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო, ინდუსტრიულად განვითარებული, მანქანათმშენებელი და გემთმშენებელი ქარხნებით, საზღვაო ზოლით, პორტებით, ფაბრიკებით, მეტალურგიით, ასევე, ძალიან ძლიერად განვითარებული აგრარული სექტორით (თუმცა იმ დროს, 1936 წელს, უკრაინა ჯერ კიდევ იშუშებს მოსკოვის მიერ მოწყობილი კოლექტივიზაციისა და „გულოდომორის“ იარებსა და შედეგებს), არამედ იდეოლოგიურადაც… „ორივე უკრაინაში“ კატალონიასა და უკრაინაშიც ძალიან გავრცელებული იყო მაშინ ძალიან პოპულარული ანარქისტული იდეები და პარტიები… უკრაინაში მთელი ეპოქა, სახელმწიფო სახელმწიფოში შექმნა ცნობილმა ნესტორ მახნომ (1888-1934), რომელიც ერთნაირი წარმატებით ებრძოდა როგორც თეთრ, ასევე წითელ რუსეთს და ასეთივე ნიშანდობლივი დევიზიც ჰქონდა: „ბეი ბელიხ, პოკა ანი ნე პაკრასნეიუტ ი ბეი კრასნიხ, პოკა ანი ნე პაბელეიუტ“, ხოლო ანარქისტული კატალონია ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში, მთელი 4 წლის განმავლობაში, 1936-1939 წლებში, დე ფაქტო დამოუკიდებელი გახლდათ, მათი ყველაზე ცნობილი მებრძოლი ლიდერი დურუტი ბუანავენტურა (1896-1936) კი სწორედ ამ ომს შეეწირა…
სხვათა შორის, ძალიან ცოტას თუ ახსოვს, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ასევე ძალიან პოპულარული იყო ანარქისტული მოძრაობა საქართველოშიც და უმაგრესი ხალხიც ჰყავდა. ამას ჩვენ არ გვასწავლიდნენ, რადგან ქართველი ანარქისტები, ხმალამოღებულნი და თავგანწირვით ებრძოდნენ ჯერ ცარისტულ შემდეგ კი წითელ ბოლშევიკურ რუსეთს… რუსული იმპერიალიზმისა და, რაც მთავარია, საბჭოთა მენტალიტეტისგან თავის დაღწევა კი არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც ჩვენ გვეგონა, ამიტომ ვალდებულები ვართ, ჩვენ შვილებსა და შთამომავლებს მაინც დავუტოვოთ მათი სახელები და ვასწავლოთ საქართველოს რეალური ისტორია:
ვარლამ ჩერქეზიშვილი (1846წ. საგარეჯო-1925წ. ლონდონი) გასაოცარი ბიოგრაფიის კაცი იყო – კახელი თავადიშვილი, რომელიც მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში თავგამოდებით ებრძოდა რუსეთის იმპერიას – თეთრსაც და წითელსაც. სულ დევნილი და გაქცეული იყო, რის გამოც ბოლოს ქართულად ლაპარაკიც უჭირდა, მაგრამ ეს მას არ უშლიდა ხელს, ევროპაშიც დღე და ღამე საქართველოზე ეფიქრა. სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილმა გააცნო ქართველ საზოგადოებას და ილია ჭავჭავაძეს „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურად პირველი მთარგმნელი მარჯორი უორდროპი. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე 72 წლის მოხუცი სამშობლოში დაბრუნდა და თავისუფალი საქართველოს სამსახურში ჩადგა. 1921 წელს, როდესაც ამჯერად უკვე ბოლშევიკური რუსეთი კვლავ შემოიჭრა საქართველოში, ღრმად მოხუცებული თოფით ხელში გაემართა კოჯრისაკენ, თავისი ქვეყნის დასაცავად… საქართველოს დამარცხების შემდეგ, 1921 წლის თებერვალში ამჯერად უკვე საბოლოოდ გადაიხვეწა საქართველოდან. გარდაიცვალა 1925 წელს ლონდონში… სიკვდილის წინ დაავიწყდა ყველა ევროპული ენა, რომელზეც მშობლიურზე უკეთ ლაპარაკობდა, გაახსენდა მივიწყებული ქართული და ასე დალია სული…
არჩილ ჯორჯაძე (1872 წ. თბილისი-1913 წ. ბათუმი) ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე სწავლობდა პეტერბურგის, ვარშავის, ლონდონისა და პარიზის უნივერსიტეტებში. სწავლის დროს თანამშრომლობდა ჯეიმს გილიომთან, პეტრ კროპოტკინთან, ელის რეკლიუსთან, ლუიჯი ბერტონისთან, თავის თანამემამულე, ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ ვარლამ ჩერქეზიშვილთან…
გიორგი გოგელია (1878 წ. ოზურგეთი-1924წ. თბილისი) დაამთავრა ლოზანის უნივერსიტეტი შვეიცარიაში. აქტიურად იბრძოდა ცარისტული რუსეთისა და იმპერატორის წინააღმდეგ.
მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878 წ.ცხრუკვეთი-1965 წ. მიუნხენი) სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში. დაამთავრა სორბონისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტები… 1910 წელს სიტყვით გამოვიდა ლონდონში გამართულ „ჩაგრულ ერთა ყრილობაზე“, სადაც ღიად მოითხოვა საქართველოს გათავისუფლება რუსეთის იმპერიისგან. 1914 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ასირიოლოგიაში. აქვე გამოაქვეყნა თავისი პირველი ცნობილი ნაშრომი „შუმერული და ქართული ენები“, რომელიც მალევე ითარგმნა ინგლისურად და ფრანგულად. ამას მოჰყვა მონოგრაფია „შუმერული და ქართველური ენები…“ არჩეული იყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფოს სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილ წევრად, პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიაში დააარსა საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი, გამოაქვეყნა საქართველოს გათავისუფლების გეგმა – „საქართველო და დღევანდელი ომი.“ თარგმნა ქართულად შუმერული „გილგამეშიანი“ და სხვათა შორის, საბჭოთა საქართველოში მშვენივრად ისარგებლეს იმით, რომ მიხაკო წერეთლის ხსენებაც კი არ შეიძლებოდა და მშვენივრად მიითვისეს და დაინაწილეს მისი ნაშრომები. 1916 წელს წყალქვეშა ნავით არალეგალურად შემოიტანა საქართველოში რუსეთს იმპერიისგან სამშობლოს გასათავისუფლებლად დიდძალი იარაღი და ფული…
ჰოდა, ეს მსოფლიო და ევროპული დონისა და მასშტაბის მეცნიერები, რომლებსაც კიევის, ლონდონის, ლოზანის ვარშავის, პარიზის, ჰაიდელბერგისა და სანქტ–პეტერბურგის უნივერსიტეტები თავზე ჰქონდათ დამხობილი, სამშობლოს დასაცავად 72 წლის ასაკში ვარლამ ჩერქეზიშვილი თუ თოფით ხელში გარბოდა კოჯრისკენ და ეს ნარჩევი პროფესორები, კარაბინსა და ტყვიამფრქვევს რომ არ სჯერდებოდნენ, წყალქვეშა ნავებით მოძრაობდნენ და ისე შემოჰქონდათ არალეგალურად, იარაღისა და ფულის პარტიები, ამ ჩვენს მდაბიო ხელისუფლებას, წნორის უნივერსიტეტში სამჯერ რომ არიან ჩარჩენილები, – რა „ომი გინდათ… ომი გინდათ“ – აუტყდათ ამ შობელძაღლებს, თუ მაშინდელი რუსეთის იმპერია ნაკლებად სასტიკი და საშიში რუსეთის იმპერია იყო?.. წარმომიდგენია, თოფიანი ვარლამ ჩერქეზიშვილისთვის ან წყალქვეშა ნავში მიხაკო წერეთლისთვის ვინმეს რომ ეთქვა, რას აკეთებ, რუსეთის იმპერიას ნუ გააღიზიანებთ, აბა ომი გინდათო?…“ გაკვირვებისა და გაოგნებისგან როგორ დააჭყეტდნენ თვალს და საფეთქელთან თითს როგორ დაუტრიალებდნენ ამის შემკითხველს: შენა, ბიჭო, ცოტა ხო არ გაგიფრენიაო?.. გასაგებია, რომ ჩერქეზიშვილი და წერეთელი კახელი და იმერელი თავადიშვილები იყვნენ და დათა თუთაშხიასი არ იყოს, ამ ჩვენ ბოგანო და ბარიგა მთავრობას „საფრთხის სიყვარული ვერ ექნება და არც უნდა ჰქონდეს,“ მაგრამ ჩვენ მაინც გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას და ვიმეორებ, შთამომავლობას მაინც დავუტოვოთ ეს ამბები, თორემ ამ გაჭირვებული „ქოცების“ შემხედვარე
„დიდება რუსის უებრო ძმობას,
არ დამარცხება ვინც იმას ენდო“…
(აკაკი ბაქრაძე „მწერლობის მოთვინიერება„ გვ.29)
ამ ლექსის ანაბარა არ დავრჩეთ…
„უებრო რუსს“ და მის ძმობას რა დაამარცხებს, რას ამბობთ, თან „ერთმორწმუნეა…“ აგერ, დღესაც დონეცკის ოლქის სოფელ სვიატოგორსკში, სვიატოგორკის ლავრის მე-16 საუკუნის, ხის მართლმადიდებლურ ტაძარს, რომელიც მსოფლიო კულტურის უნიკალურ ძეგლთა სიაში იყო შეტანილი, „ერთმორწმუნეობრივად“ ესროლეს 11 რაკეტა. ხის ტაძარს მაშინვე ცეცხლი მოედო, მაგრამ მიაყოლეს და მიაყოლეს, ემანდ, ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოასწრონო და ვიდრე ბოლომდე არ დაფერფლეს და მიწასთან არ გაასწორეს უდიდესი მართლმადიდებლური სიწმინდე, არ გაეშვნენ. და, რა თქმა უნდა, „ერთმორწმუნე უებრო ძმებმა“ 11-ივე რაკეტა შემთხვევით ესროლეს და მოარტყეს მართლმადიდებლურ მონასტერს, ორი ბერი და სამი მონაზონიც შემთხვევით შეეწირა ამ ვანდალურ დაბომბვას და ათამდე ბერ–მონაზონიც შემთხვევით დაიჭრა… საერთოდ, 153 მართლმადიდებლური ეკლესია–მონასტრებიც შემთხვევით გადაწვეს და გაანადგურეს „უებრო რუსებმა“ ამ ომის განმვალობაში და ათეულობით სამღვდელო პირიც შემთხვევით შემოაკვდათ…
სულ შემთხვევით…