დღეიდან ყოველ პარასკევს „პუბლიკა” მოკლედ შეაჯამებს განვლილი კვირის მნიშვნელოვან ამბებს, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო მასშტაბით. რუბრიკა განკუთვნილია მათთვის, ვინც შესაძლოა ვერ ახერებდეს ახალი ამბებისთვის ყოველდღიურად თვალის დევნებას, ანდაც სურს მოკლედ გადაავლოს თვალი გასული კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ-სოციალურ მოვლენებს.
- გასულ დღეებში 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და ყველა, 64-ივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდებულთა ნაწილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობაში ედებოდა ბრალი. 64-დან 30-მა ბრალი არ აღიარა, 34-მა საპროცესო შეთანხმება გააფორმა, ხოლო სამი მსჯავრდადებული მიმალვაშია.
- ყურადღების ცენტრში რჩება დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ჯერ კიდევ 17 ივნისს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხოშტარიას აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს წერას და გადაადგილებისას ჯოხი სჭირდება. პენიტენციური სამსახურმა კი ხოშტარიას ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა. უწყების განცხადებით, ხოშტარიას „ჯანმრთელობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესებულა“.
გუშინ, 25 ივნისს ელენე ხოშტარიას პირადმა ექიმმა მაკა იოსელიანმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ის შეხვდა პაციენტს. მისი თქმით, ხოშტარიას „აქვს ძლიერი ტკივილი და უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება“. ექიმის აცხადებს, რომ პაციენტის სრულყოფილი დათვალიერება ვერ მოხერხდა და გამოკვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს.
„ჩემი შვილი ვნახე მოხრილი, ნატანჯი სახით და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა ტკივილისგან… ეს უნდა მორჩეს“, – თქვა „ფორმულასთან“ ხოშტარიას დედამ, ირინა გუნცაძემ.
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ხოშტარიასთან დაკავშირებით 19 ივნისს აღნიშნა, რომ მზად არის შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, რისთვისაც ხოშტარიას თანხმობაა საჭირო. იოსელიანმა დასძინა, რომ გასული წლის მარტში ხოშტარიას დაკავების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელს სურდა შეხვედრა პოლიტიკოსთან, რაზეც ხოშტარიამ მაშინ უარი განაცხადა.
ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოხმაურება მოჰყვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE), სადაც ელენე ხოშტარიასთვის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა და „რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება“ მოითხოვეს.
- პარალელურად, საზოგადოების ინტერესის საგანი იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთი დამნაშავედ ცნო და 395 000 ევროს გადახდა დააკისრა. ქართველ სამხედროებს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება 23 ივნისს გამოიტანა
- კვირის კიდევ ერთი მთავარი თემა იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო მკაცრი რეზოლუცია (83 ხმით 5-ის წინააღმდეგ) საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების“ შესახებ. რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მზადყოფნას, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები. PACE მოითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ გაიწვიოს ოპოზიციური პარტიების გაუქმების შესახებ მათ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი; გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ და კანონი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და სხვა ახლახან მიღებული რეპრესიული კანონები.
„ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეზოლუციის შესახებ.
რეზოლუციის მიღებამდე კი კობახიძემ შეაფასა აღნიშნული პროექტი. მან რეზოლუციას „აბსურდი“ უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიაში მოწინავე ქვეყანაა.
„ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში“.
- კობახიძის ამ განცხადებას ასევე წინ უძღოდა კიდევ ერთი ამბავი – ევროპარლამენტმა საქართველოს პარლამენტი არ მიიწვია გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 24 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა.
ამის პასუხად კი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებას შეადარა და თქვა, რომ „რუსეთის ფედერაცია და კიდევ ოთხი სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ანალოგიურად, ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე“.
- ამ კვირის ამბებიდან ყურადღებას იმსახურებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმე. 24 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ გახსნეს სქემა, რომელიც 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეხებოდა. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის ერთი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ყოფილი მოადგილე, ირაკლი მხეიძეა.
- 19 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, შეფასება მისცენ იმ პირთა ქმედებებს, რომლებმაც 6 ივნისს თბილისში რუსული ენის დღის აღნიშვნა გააპროტესტეს. პოლიტიკური მოძრაობა „ქართული რესპუბლიკა“ ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს მოვლენები რუსეთის საგარეო უწყებისთვის უნდა იყოს ნათელი მაგალითი: მათი თანამშრომლების ნებისმიერი პოლიტიკური დემონსტრაცია ქართულ საჯარო სივრცეში გამოიწვევს მხოლოდ უკუშედეგს“.
- აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია პირველი 2 500 ლარით დააჯარიმა. როგორც კომისიამ წინა სხდომაზე განმარტა, მონიტორინგმა 7 დარღვევა გამოავლინა. საუბარია იმ ტერმინებზე, რომლებსაც ჟურნალისტები ახალი ამბების პროგრამაში იყენებდნენ. მაგალითად: „ოლიგარქი”, „ივანიშვილის რეჟიმი”, „არარსებული დანაშაული”, „ოცნების გამოძიება”, „ცრუ მოწმე” და სხვ.
- „TV პირველის” ინფორმაციით, მოქალაქეებზე პოლიციელთა ძალადობის კადრების მომპოვებელი გიორგი კვიცარიძის დედა ამბობს, რომ მის შვილს ციხეში დედაზე ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ინტერვიუ 20 ივნისს „ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა.
ეთერ კვიცარიძე ამბობს, რომ მის შვილს ციხეში პროკურორი დაემუქრა, რომელიც მისგან დანარჩენი კადრების გადაცემას მოითხოვდა:
„პროკურორი შემოვარდა ჩემთან, კადრებს მთხოვდაო. მე ვუთხარი, აღარ მახსოვს და გავაგდე აქედანო. სანამ გავიდოდა, მოტრიალდა და მითხრა – რაც იმ კადრებშია და როგორც თქვენ ამბობთ, საშინელი კადრებიაო – იმაზე საშინელება და უარესი დაემართება დედაშენსო“, – თქვა ეთერ კვიცარიძემ ინტერვიუში.
არხის ინფორმაციით, 32 წლის IT-სპეციალისტმა, გიორგი კვიცარიძემ სამართალდამცველების მხილების მიზნით პოლიციელების ჩატში შეაღწია და ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა. დღეს კვიცარიძე პატიმრობაშია. როგორც მისი დედა, ეთერ კვიცარიძე ამბობს, კადრების გამო მას პოლიციელებმა ნარკოტიკი ჩაუდეს და გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. კადრები „TV პირველს“ სწორედ კვიცარიძის დედამ მიაწოდა.
გასულ დღეებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო–სამეურნეო საყოველთაო აღწერის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა. აღწერის თანახმად, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 ადამიანი შეადგინა, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 ადამიანი) შედარებით 5.8 პროცენტით (215 777 ადამიანი) მეტია.
სამუშაო კვირა დასრულდა საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომით, სადაც ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. სხდომა ხელჩართული ჩხუბის ფონზე წარიმართა. ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი შარაშიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა. გაიხსენა ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე კუთხეში იდგა, რაც, მისი თქმით, მის რეალურ როლზე მიუთითებდა. დაახლოებით ამ დროს ვიდეოში ისმის „ქართული ოცნების“ დეპუტატების ხმამაღალი შეძახილები, დარბაზში ჩხუბი იწყება და პარლამენტის პირდაპირი ეთერი წყდება.
ადგილიდან მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირება იწყება პარტიების, „გახარია საქართველოსთვის” წევრ გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ხელაძეს შორის. ისინი ერთმანეთს ურტყამენ, მალევე კადრებში ჩნდება ლაშა ტალახაძე, რომელიც ფარულავას ჩაარტყამს და შემდეგ ადგილიდან არიდებენ.
დეპუტატების ნაწილი ცდილობს გააშველოს დაპირისპირებული მხარეები, ჩხუბი ინაცვლებს გვერდითა მხარეს, ხელჩართულ ჩხუბში მონაწილე პირთა რაოდენობა იზრდება, მათ შორის, კადრებში ჩნდება არჩილ გორდულაძეც.
ჩხუბში სხვადასხვა ეტაპზე კადრებში ასევე ჩნდებიან მალხაზ თორია, ირაკლი კირცხალია და გენო პეტრიაშვილი, კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი და “ქართული ოცნების” დეპუტატი
უცხოეთის ამბები
- მთელი კვირის განმავლობაში უკრაინა აგრძელებდა საჰაერო იერიშებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქზე.
უკრაინამ იერიშები მიიტანა ელექტროსადგურზე და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. საჰაერო იერიშები იყო მოსკოვზეც. 24 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსებმა ომი იგრძნონ.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინის დრონების თავდასხმების შედეგად მიყენებული სერიოზული ზიანის გამო კიდევ ექვსი თვის განმავლობაში არ განაახლებს მუშაობას. უკრაინელებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ორჯერ დაბომბეს – 16 და 18 ივნისს.
რუსეთის ჯარებმა საჰაერო შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. დაიბომბა ავტოგასამართი სადგურებიც. გუშინ, 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ხერსონზე რუსეთის შეტევისას დაიღუპნენ ნორვეგიული ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები. მომხდარის გამო ორგანიზაციამ Norwegian People’s Aid უკრაინაში განაღმვის სამუშაოები შეაჩერა.
25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთზე ზემოქმედების „40-დღიანი ოპერაცია“ დაამტკიცა. ზელენსკის თქმით, ოპერაცია მიზნად ისახავს აგრესორ ქვეყანას, რუსეთს აიძულოს ომის დასრულება.
- მედიისა და უფლებადამცველების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი მედიასაშუალება, OC Media დაბლოკა.
- საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ–ერთი მთავარი ამბავი იყო დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის კირ სტარმერის გადადგომა. სავარაუდოდ, სტარმერის ადგილის დაკავებას ორი ბრიტანელი პოლიტიკოსი შეეცდება: ვეს სტრიტინგი და მანჩესტერის მერი ენდი ბერნჰემი.
სტარმერის გადადგომას ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე: „საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელევიზია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ–მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან. ეს არის კარმა“.
- აშშ–ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 23 ივნისს ჩავიდა აბუ–დაბიში და დაიწყო სპარსეთის ყურის ტურნე. ტურის მიზანი რეგიონში სტრატეგიული სტაბილურობის შენარჩუნება და რეგიონის ლიდერების დამშვიდება იყო, რადგან რეგიონში სკეპტიკურად უყურებენ აშშ–ირანის შეთანხმებას. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა აშშ–მა ირანთან ვიწრო ინტერესებზე მორგებული შეთანხმება გააფორმოს, რის გამოც, ყურის ქვეყნების უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება. ლიდერები შიშობენ, რომ ისინი მარტო დარჩებიან ირანისა და მისი მოკავშირეებისგან მომავალი საფრთხის წინაშე. შეხვედრები რუბიომ 25 ივნისს დაასრულა.