ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება გრძელდება

პუბლიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული დაპირისპირება მე-16 დღეა გრძელდება. სამხედრო მოქმედებები არც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების მიუხედავად გაჩერებულა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, შაბათს, ღამით სომხური არტილერიის მიერ აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯის დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა.

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის არტაკ ბეგლარიანის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ ყარაბაღში 5 მოქალაქე დაიღუპა, 1 კი დაშავდა.

სამხედრო მოქმედებები გრძელდებოდა გასულ ღამესაც. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეფანიანის თქმით, გასულმა ღამემ „მეტ-ნაკლებად სტაბილური დაპირისპირებით“ ჩაიარა. დაპირისპირების ცენტრი იყო სამხრეთ ფრონტზე, სადაც, მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა ჰადრუტი დაბომბეს, თუმცა ერევანში ამტკიცებენ, რომ დღეს მათ აზერბაიჯანული ძალების ჰადრუტში შეჭრის მცდელობა აღკვეთეს.

გუშინ, ასევე, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელზეც, სავარაუდოდ, სირიელი მებრძოლები ჩანან. ერევანში ამტკიცებენ, რომ სირიელი დაქირავებული მებრძოლები აზერბაიჯანში თურქეთის საშუალებით მოხვდნენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს სომხურმა არტილერიამ ყარაბაღის გარეთ აზერბაიჯანის პროვინციების დაბომბვა განაახლა. აზერბაიჯანის ხელისუფლება ასევე ამტკიცებს, რომ გუშინ სომხეთმა მინგეჩაურის ელექტროსადგურის დაბომბვაც სცადა.

დღეს ყარაბაღში დაპირისპირებას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც „სამწუხარო“ უწოდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.