Haaretz-ის ცნობით, აზერბაიჯანის ზეწოლის შემდეგ ნეთანიაჰუმ სომეხთა გენოციდის აღიარების კანონპროექტი დაბლოკა 

პუბლიკა

ავტორი: ნეიტ ოსტილერი

Haaretz-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, აზერბაიჯანის ზეწოლის შედეგად დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას უკვე დამტკიცებული ჰქონდა და სომეხთა გენოციდის ოფიციალურ აღიარებას ითვალისწინებდა. გამოცემა ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში გაურკვეველი იყო, რა ბედი ეწეოდა გენოციდის აღიარების პროცესს. ივნისში ისრაელის მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა ინიციატივა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა წარადგინა.

იმ დროს საარმა განაცხადა, რომ გენოციდის აღიარება „მორალური ვალდებულებაა“.

თუმცა, აღიარებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს ფართო სკეპტიციზმი მოჰყვა, მათ შორის სომხეთშიც. ბევრი მიიჩნევდა, რომ შესაძლო აღიარება უფრო გეოპოლიტიკური თამაში იყო და უფრო მეტად ისრაელისა და თურქეთის დაძაბული ვითარების ასახვა იყო, ვიდრე სომეხთა გენოციდის გულწრფელ აღიარების სურვილი.

ისრაელის მთავრობის მიერ რეზოლუციის დამტკიცებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია აზერბაიჯანსა და თურქეთში. თურქეთმა ისრაელი დაადანაშაულა იმაში, რომ ის ცდილობს ღაზაში ჩადენილი „საკუთარი დანაშაულების გადაფარვას“.

თურქეთი უარყოფს სომეხთა გენოციდს, რომელიც მისი წინამორბედი სახელმწიფოს – ოსმალეთის იმპერიის მიერ იყო ორგანიზებული. გენოციდს თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თითქმის 1,5 მილიონი სომეხი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანმა, რომელიც თურქეთისა და ისრაელის მოკავშირეა, აღნიშნულ ნაბიჯს „სერიოზული შეშფოთების საგანი“ უწოდა და ისრაელის მთავრობას მოუწოდა, გადაეხედა იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც „1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების დამახინჯება“ უწოდა.

Haaretz-ის ინფორმაციით, ბაქოს უკმაყოფილება მხოლოდ ოფიციალური განცხადებებით არ შემოიფარგლა. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანმა გავლენიანი საპრეზიდენტო თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევი გაგზავნა, რათა ნეთანიაჰუზე ზეწოლა მოეხდინა და კანონპროექტის განხილვა შეეჩერებინა.

გიდეონ საარის ოფისმა Haaretz-სთან უარყო, რომ ნეთანიაჰუმ კენჭისყრა დაბლოკა, თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, არ განუმარტავს, რატომ არ გავა კანონპროექტი კენჭისყრაზე.

„არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება [გენოციდის აღიარების შესახებ] და ის ერთხმად იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და ისტორიული ფაქტი“, – განაცხადა საარმა Haaretz-თან.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.