ავტორი: ანი ღუნილიანი
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი და კიდევ ოთხი პირი დღეს, 25 აგვისტოს დილით კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ხელისუფლება ქოჩარიანს ქრთამის აღებასა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს – კერძოდ, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფად დაუფლებაში.
ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, ქოჩარიანმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ ყალბი საბაბით სახელმწიფო საკუთრებიდან გაიტანეს ღირებული საზოგადოებრივი ქონება და ის საბაზროზე ბევრად დაბალ ფასად შეიძინეს. ამის შემდეგ მათ დაფარეს, რომ ამ ქონების რეალურ მფლობელები იყვნენ, რისთვისაც მათთან დაკავშირებული კომპანიები გამოიყენეს – ასე იქცეოდნენ, სანამ აქტივებს განავითარებდნენ ან ხელახლა გაყიდდნენ.
გამოძიება ასევე ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქრთამის აღების ორ სქემაში მონაწილეობდა. მას ბრალი ედება 2,6 მილიარდი დრამის (7 მილიონი აშშ დოლარი) საერთო ღირებულების 56 უძრავი ქონების მიღებაში იმის სანაცვლოდ, რომ ხელი შეუწყო ოფიცერთა სახლისა და ნალბანდიანის ქუჩაზე მდებარე შენობის უკანონო გადაცემას კომპანია „Piazza Grande“-სთვის.
მეორე შემთხვევაში მას ბრალად ედება Toyota Yerevan-ის 30%-იანი წილის მიღება, რომელიც მისი ვაჟის სახელზე იყო გაფორმებული. გამოძიების თანახმად, ეს მოხდა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაახლოებით მისი სავარაუდო ღირებულების მეოთხედ ფასად გაყიდვის სანაცვლოდ. მიწის სავარაუდო ღირებულება 1,4 მილიარდ დრამს (4 მილიონ დოლარს) შეადგენდა, ხოლო გარიგებამ Toyota-ს სომხეთის ბაზარზე შესვლის გზა გაუხსნა.
გამომძიებლების თქმით, ისინი სწავლობენ სედრაკ ქოჩარიანის სახელზე 2001-დან 2019 წლამდე გადარიცხულ 144 მილიარდ დრამს (310 მილიონ დოლარს), ასევე ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ ათობით უძრავ ქონებას სომხეთსა და საზღვარგარეთ. შესაბამისი აქტივები ხელისუფლებამ დააყადაღა. ქოჩარიანის ოფისმა ეს ქმედება მორიგ პოლიტიკურ „თავდასხმად“ შეაფასა.
გენერალურმა პროკურატურამ რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით. სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია კიდევ ცხრა პირის წინააღმდეგ, მათ შორის სედრაკ ქოჩარიანის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სერჟ სარგსიანის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრანიკ მარგარიანის, ერევნის ყოფილი მერის გაგიკ ბეგლარიანისა და სხვების მიმართ.
რობერტ ქოჩარიანის ოფისმა მალევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბრალდებები აბსურდად გამოაცხადა.
„უაზრო მუხლების ჩამოთვლის სანაცვლოდ, პროკურატურას შეეძლო უფრო მკაფიოდ დაეწერა, რომ პრეზიდენტ ქოჩარიანს ბრალი ედება იმაში, რომ 2000-იან წლებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გაზეთ „Haykakan Zhamanak“-ს (Armenian Times) არ აფინანსებდა, 2008 წელს ხელისუფლება ნიკოლს არ გადასცა, 2018 წლის შემდეგ ნიკოლთან შეთანხმებას არ მიაღწია და აპირებდა მათ მიერ ჩადენილი ეროვნული ღალატისთვის პასუხი მოეთხოვა.
ხალხმა ერთი რამ უნდა იცოდეს: უკვე აქსიომად იქცა, რომ ეს ადამიანები ყოველი მოახლოებული უბედურების წინ პრეზიდენტს აპატიმრებენ – დაელოდეთ შემდეგ ტრაგედიას, რომელსაც ისინი მოგვიტანენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაკავების შემდეგ ანტიკორუფციულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ქოჩარიანს მაღალი არტერიული წნევა დაუდგინდა და შემდგომი გამოკვლევისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ხანგრძლივი კონფლიქტი ფაშინიანთან
დაკავებამდე ერთი დღით ადრე სომხეთის პარლამენტში მწვავე დისკუსია იყო, რომლის დროსაც ფაშინიანმა ლევონ ქოჩარიანს – ოპოზიციონერ დეპუტატსა და რობერტ ქოჩარიანის კიდევ ერთ შვილს უთხრა, რომ მათი ოჯახის აქტივებს სრულად ჩამოართმევენ ახალი მთავრობის იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც უკანონოდ შეძენილი სახელმწიფო აქტივების დაბრუნებას ითვალისწინებს.
ეს ასევე არის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ხანგრძლივი კონფლიქტის გაგრძელება. ფაშინიანმა 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლისას პირობა დადო, რომ ქვეყნის ელიტების მიერ დაგროვილ სიმდიდრეს დაშლიდა და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას დაუპირისპირდებოდა. დასახელებულ პირებს შორის იყო ქოჩარიანიც, რომელიც იყო სომხეთის პრეზიდენტი 1998-2008 წლებში.
2018 წლიდან ქოჩარიანი ფაშინიანის ანტიკორუფციული კამპანიის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. ის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ყოფილ ლიდერებს შორის პირველი ყოფილი სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც თანამდებობის დატოვების შემდეგ დააპატიმრეს. ქოჩარიანს ბრალად ედებოდა 2008 წლის სადავო არჩევნების შემდეგ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივი დარბევის ბრძანების გაცემა, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს. ქოჩარიანმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსად პოზიციონირება დაიწყო და ჩამოაყალიბა „სომხეთის ალიანსი“.
ქოჩარიანის მცველებს ასევე ადანაშაულებდნენ 2001 წელს პოღოს პოღოსიანის მკვლელობაში, მას შემდეგ, რაც მან ქოჩარიანს მიესალმა სიტყვებით: „პრივეტ, რობ“ (გამარჯობა, რობ).
მთავრობის ხუთწლიანი გეგმის წარდგენისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი კაბინეტი გააგრძელებს უკანონოდ და კორუფციის გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცესს. მათ შორის არის უკანონოდ პრივატიზებული ან იჯარით გაცემული ტყეები, პლაჟები, პარკები და ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები.
ორშაბათის სხდომაზე ლევონ ქოჩარიანმა ფაშინიანი პოლიტიკური დევნის წახალისებასა და სასამართლოების საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ასეთი ქცევა დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუთავსებელია.
„რატომ ხარ მილიონერი, რატომ არიან შენი ოჯახის წევრები მილიონერები?“ – უპასუხა ფაშინიანმა.
სანამ ფაშინიანი ქოჩარიანების ოჯახის სიმდიდრის კანონიერებასთან დაკავშირებით კითხვებს სვამდა, ლევონ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ ამ სიმდიდრის კანონიერება თუ უკანონობა ცალკე საკითხია და ეს კანონის ფარგლებში უნდა გამოიძიოს გამოძიებამ და არა თავად ფაშინიანმა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.