29 მაისიდან 30 ივნისზე გადასვლისა არ იყოს, 2 ივნისის დაწყებაც პირველი ივნისიდან გვიწევს და ცოტა მოგვიანებითაც კი გავიგე, რატომ მოგვიხდება, დღეებისა და დროის პოკერის კარტივით აჭრა… დროის, რომელსაც მოხუცი მეიდნელი მესაათე ებრაელი იცხაკა ასწორებდა, მე და „ვორ ვ კონფლიქტე“ რევაზა შავიშვილს კი უკანასკნელი ფრაერებივით გვეგონა, რომ საათებს ასწორებდა და აკეთებდა…
როდესაც გოგა და მე პირველი ივნისის დილას მატარებლით ლვოვში შევდიოდით, კიევში დათო აბულიძე, ჩვენი „თუში“ და „უცხოური ლეგიონის“ სხვა მებრძოლები დილის ხუთ საათზე სრულიად მოულოდნელად წამოყარეს სამხედრო განგაშზე და სამხედრო ვერტმფრენებით გადასხეს ლუგანსკში, ნახევრად ალყაშემორტყმული სევერნოდონეცკის მიმართულებით… (ამის კადრებიც არსებობს და ამაზე ახლა უკვე შეიძლება ლაპარაკი). სევერნოდონეცკი ამ დროს უკვე ორმხრივ საარტილერიო ცეცხლში იყო გახვეული, აქედან უკრაინული არტილერია და ზალპური ცეცხლი მუშაობდა, იქიდან რუსული, რომ ერთმანეთის ქვეითი ნაწილებისთვის ქალაქის გაკონტროლების საშუალება არ მიეცათ.
მრავლისმნახველმა და რამდენიმე ომის ვეტერანმა „თუშმაც“ კი მოგვიანებით მომიყვა: „მსგავსი ჯოჯოხეთი არასოდეს მინახავს; შესვლიდან 5 წუთში 3 კაცი დაგვეჭრა მძიმედ; ერთი მათგანი ევაკუირების დროს ჩაგვაკვდა ხელში. სულ სამი დღე გავჩერდით და მსხვერპლის გარდა, მთელი და დაუჭრელი ერთი კაცი არ გადაგვრჩენია, ყველანი დავიჭერითო… დილით რომ წამოგვყარეს და ვერტმფრენებში გვანაწილებდნენ, ერთი კი დავიძახე, ორი ქართველი მყავს, შეპირებული ვარ, წამოსვლა უნდათ–თქო, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის, თანაც იმ შენს ქართველებზე „დაბრო“ არ მოსულა და „დავაი“ ვერტმფრენებშიო…
„თუში“ თვითონაც მაგრა დაიჭრა, ფეხზე აესხა ჭურვის ნამსხვრევები და ყურის ბარაბანიც გაუსკდა… ახლა ოპერაცია სჭირდება, რომ ცალ ყურში სმენის 50 პროცენტი მაინც აღუდგეს… ჩვენც მაგრად გადავრჩით, თორემ იქ რომ ვყოფილიყავით, ჩვენზე მაგარი ბიჭები დაიჭრნენ და დაიხოცნენ – უკრაინელებიც, ქართველებიც და ჩვენ ეგეთს რას გაგვიმართლებდა; კი ვართ მე და ჭყონია იღბლიანები, მაგრამ არც მაგდენად…
ისე ცოტათი რომ დავჭრილიყავით, ჭყონია ახლა ცხვირჩამოშვებული, დაძმარებული და მოწყენილი არ იჯდებოდა ნატალი ტროხიმის მშვენიერ აყვავებულ ეზოში და ცოტა უფრო გახალისებული იქნებოდა, გამოჭიმული კიევის სამხედრო ჰოსპიტალში, მაგრამ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხდება და ყველაფერი ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული…
ყველაფერი გოგა ჭყონიას რომ არ დავაბრალო, სინამდვილეში მეც გვარიანად მოვიწყინე, მით უმეტეს, რომ გუშინდელი სამმაგი სირენებისა და დაბომბვის შემდეგ ქალაქში საოცარი სიწყნარე და სიმყუდროვე იყო, თითქოს აქ, ლვოვსა და უკრაინაში კი არა, საერთოდ მთელ მსოფლიოში, სამოთხისებური იდილია და კაცთა შორის სათნოება სუფევდა…
სწორედ ამ „იდილიიდან“ და „სათნოებიდან“ თავდასახსნელად და კიდევ იმიტომ, რომ ძალიან გვერიდებოდა ჩვენი მასპინძლების და კიდევ ერთი კვირა ფაქტობრივად უსაქმოდ და უფუნქციოდ ლვოვში ყურყუტის, მთელი დღის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდით კრაკოვიდან საქართველოში გადმოსაფრენი ბილეთების ცოტა აქეთ გადმოცვლას… უფრო სწორად ამაოდ კი არა, იმხელა თანხა მოგვიხიეს, გადმოცვლა კი არა, ფაქტობრივად, ბილეთების თავიდან ყიდვა გვიწევდა, თანაც თანხის დამატებით. ამდენი ფული კი ალალად არ გვქონდა; ისედაც ამ ჩვენი უკრაინაში ზევით–ქვევით წანწალის გამოისობით, ძალიან გავწეწეთ მეგობარ–ახლობლები.
მთელი დღე ფეხით დავბორიალობდით ლვოვში. უკვე, ძირითადად, ჩუმად. როდესაც ორი ადამიანი თითქმის მთელი თვე ერთად მოძრაობს უსასტიკესი ომით მოცულ ამხელა ქვეყანაში, მათ ერთდროულად, თითქოს სასაუბრო თემაც ელევათ და ამავე დროს, უნდათ თუ არა, უსიტყვოდაც უგებენ ერთმანეთს. ამიტომ ნელ–ნელა, ძველ საკაიფო „ვესთერნებში“ რომ ორი ტიპი უცხო და სახიფათო ადგილებში ეძრობიან, მხოლოდ ერთმანეთის იმედად არიან და თან ორივე თავის საფიქრალსა და დარდისას ფიქრობს, დაახლოებით ეგრე ვიყავით…
ზაფხულის მეორე დღე იყო. გვარიანად დაცხა, ღია კაფე–ბარს შევაფარეთ თავი და ადგილობრივი ლუდი შევუკვეთეთ, რომელიც უზარმაზარი დაცვარული ქარვისფერი კათხებით მოგვიტანეს… პირველი დღეების მერე ჭკუა ვისწავლეთ და ლვოვში არაფრის დიდებით რუსულად არ ვიღებდით ხმას. უკრაინის სხვა ქალაქებში კი, ბატონო, არანაირი პრობლემა არ იყო, თუნდაც შუა ფრონტის ხაზზე რუსულად ლაპარაკის, მით უფრო, როდესაც ჩვენს, განსაკუთრებით კი ჩემს გადასარევ აქცენტზე ხვდებოდნენ, რომ ქართველები ვიყავით. აქ კი ნებისმიერ ენაზე სჯობდა დალაპარაკებოდი, თუნდაც მართლა პუშტუნურად, ოღონდ, არა რუსულად… არა, არც აქ დაგიშავებდა ვინმე რამეს, უბრალოდ, ზედაც არ შემოგხედავენ; არც იმის კვლევას დაიწყებენ, ქართველი ხარ, ლიტველი თუ ჩერქეზი, არც კი შემოგიბღვერენ, უბრალოდ, არ შეგიმჩნევენ, არა ხარ, არ არსებობ, ვერ დაგინახეს და მორჩა… ამიტომ პირდაპირ ქართულად ვიწყებდით ლაპარაკს… და მერე გოგა ინგლისურზე გადადიოდა. სხვათა შორის, ეგეც აქ აღმოვაჩინე, რომ ჭყონია ინგლისურად ლაპარაკობს; აბა, თბილისში, უბანსა და „ციყვებში“ ინგლისური არ დაგვჭირვებია და…
ისე, ეს ამბავი, ალბათ, ცალკე ტრაგედიაა – ისე როგორ უნდა შეაძულო მთელ სამყაროს თავი, რომ შენი დედაენის გაგონებაზე, რომელზეც მართლა მსოფლიო ლიტერატურული შედევრები შეიქმნა, ან ეგრევე შენი მოკვლა უნდოდეთ, ან უკეთეს შემთხვევაში, კეთროვანებივით გაგირბოდნენ… როდესაც თავადაც ვერ გაგირკვევია, მთელი ისტორიის განმავლობაში მცირე გამონაკლისების გარდა (მაგალითად, როდესაც ფაშისტური გერმანია დაესხათ თავს და აქაც უამრავი კითხვის ნიშნებია დარჩენილი ისტორიაში), ვერ გაგიგია, ვერ ჩამოყალიბებულხარ როგორც სახელმწიფო, რისთვის ებრძვი თითქმის ყველა მეზობელს, რა გინდა და ვის რას ერჩი… რაის „რასშირიაც როდინუ…“ რას ჰქვია „რასშირიაც როდინუ?..“ და საერთოდ, სამშობლო როგორ უნდა გააფართოო?.. ან რატომ?.. აი, როგორ უნდა გააფართოო, ვთქვათ, ვარძია ან გრემის ტაძარი?.. მართლა ამათი საბჭოთა „კვარტირნი ვაპროსი“ ხომ არ არის, ასეთი და ამხელა სულიერი და მისტიკური, ასეთი სადავო და იდუმალი სუბსტანცია, როგორიც სამშობლოა?..
ადრეც, წინა დღეებშიც გავიხსენეთ ისევ უკრაინასთან, და არა მარტო უკრაინასთან, დაკავშირებით რუსეთის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფოსი, ნიკლაი ბერდიაევი, რომელიც რუსულ „ბაბია დუშაზე“ მოთქვამდა და აცხადებდა, რომ „როსია ჟივიოტ ვო ვრედ სებია ი ნა ზლო დრუგიმო“ და რატომ ხდება ასე?.. რატომ ხდება ასე, თან ამდენი ხნის განმავლობაში?.. და რატომ ვერ აკეთებს ეს ამხელა ქვეყანა და ამ რაოდენობის ხალხი ელემენტარულ დასკვნებს?.. იმპერიების მეტი რა ახსოვს მსოფლიო ისტორიას, დაწყებული რომის იმპერიიდან – სხვათა შორის, დღემდე მთელი ევროპა რომაელების გაყვანილი გზებით დადის – დამთავრებული ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის იმპერიებითა და თავისი კოლონიებით, სადაც მზე არასდროს ჩადიოდა, მაგრამ ყველა იმპერიამ, ნებსით თუ უნებლიეთ, ძალით თუ ნებით რაღაც დასკვნები გააკეთა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ხელისუფლებას შემოუბრუნდა… და ამ ქვეყანას და ამ ხალხს რა სჭირს ასეთი, რომ ვერაფერს ითვალისწინებს, ვერაფერს უხერხებს ვერც თავს და ვერც თავის ხელისუფლებას და ისევ ის ურჩევნია, იმ უკიდეგანო ზიზღს, სიძულვილსა და მტრობას შეეგუოს, რომელიც ყოველი მხრიდან შემოირტყა და გამოიწვია თავისი საკუთარი პოლიტიკით და უსასტიკესი აგრესიით?..
და ისევ ნიკოლაი ბერდიაევი: „გარეგანი ჩაგვრისგან მხოლოდ მაშინ გავთავისუფლდებით, როცა შინაგან მონობას დავაღწევთ თავს, ანუ საკუთარ თავზე ავიღებთ პასუხისმგებლობას და შევწყვეტთ ყველაფერში გარეგანი ძალების დადანაშაულებას…“ და ეს აუცილებელი აქსიომა და ჭეშმარიტება უდავოდ და თანაბრად ეხება როგორც ერთ კონკრეტულ პიროვნებას, ისევე ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს… ხომ თითქოს ცხადზე ცხადი და გასაგები ჭეშმარიტებაა, მაშინ რატომ უჭირს ასე, როგორც კონკრეტულ ადამიანებს, ასევე კონკრეტულ სახელმწიფოს ამ ყველაფრის გათავისება?.. იმიტომ ხომ არა, რომ როგორც ერთ კონკრეტულ ხელმოცარულ, აგრესორ და სამარცხვინო მარცხისთვის განწირულ სახელმწიფოს, ისე კონკრეტულ ადამიანებს ურჩევნიათ, რაღაც იდიოტურ, ფსევდოიდეოლოგიურ, ფსევდომაღალმატერიებსა და ზეაღმატებულ, არარსებულ მიზნებს ეპოტინებოდნენ ჰაერში („რუსული ნაციონალური იდეა“ „თავის დამკვიდრება“, „გამდიდრება…“ „კაცობრიობის განათლება და გაბრწყინება“ „ჭეშმარიტი უფლის გზა“ – გენიალური მაჰათმა განდი: – „უფალს რელიგია არ სჭირდება“), ვიდრე, უბრალოდ, გზის პირას დაჯდეს, თასმები შეიხსნას, ფეხსაცმელებიდან, ყოვლად სასაცილო ეგოცენტრიზმის ამპარტავნების, ეგოიზმისა და ამბიციის ქვა ამოიგდოს და გემრიელად თავის გემოსა და ნებაზე გააგრძელოს ცხოვრება და ეს ორი წამის წუთისოფელი?..
თქვენი არ ვიცი და მე კი ასეთი ღრმა და ბრძნული აზრები, სექსისა არ იყოს, ძალიან მაშინებს – შეიძლება, იმიტომ რომ, კაცობრიობას დღემდე სექსზე ღრმა და ბრძნული არც არაფერი მოუგონია და მადლობა ღმერთს, დღემდე სწორედ ასე მრავლდება, ყოველი სულდგმული ამ ცოდვილ და აალებულ დედამიწაზე – განსაკუთრებით, თუკი კაი ბარაქიანი კათხით ლუდიც მიაშველე ამ ფიქრებს, ამიტომ ორი სტეიკი და დიდი „საინით“ სალაც შევუკვეთე თანაც ქართულად… უნდა მოგახსენოთ, რომ პან მიმტანმა ყველაფერი მშვენივრად გაიგო; ალბათ, იმიტომ, რომ ქართულად სხვა ენებისგან განსხვავებით გადასარევად ვლაპარაკობ – სწრაფად, ენერგიულად და საფუძვლიანად…
ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, კიდევ ორი კათხა ლუდიც მივუმატეთ…
უნდა გამოგიტყდეთ, რომ სტეიკები დიდი ვერაფერი შვილი იყო, აი, სალა კი, მართლაც, საგანგებო გახლდათ… ვინც უკრაინაში არ ყოფილხართ და მხოლოდ საქართველოში მიგირთმევიათ სალა, ჩათვალეთ, რომ სულ სხვა საჭმელი გიჭამიათ… ეს იგივეა ფშავში, ჩემი მათურას მთავარანგელოზების ხატში, ხინკალს რომ შეჭამთ და სადმე ევროპაში რესტორანში გაკეთებული ხინკალი ერთმანეთს შეადაროთ…
ალბათ, ამ სალის წყალობით იყო, რომ მესამედაც მოვითხოვეთ თითო კათხა ლუდი და ასე მძიმედ და კვლავ მდუმარედ ამოვუყევით კნიაგინია ოლგას აღმართს სახლისკენ…
სახლში მოსულებს ამბავი დაგვხვდა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსებმა დონეცკი ლუგანსკის ტრასა დაბომბეს, ბახმუტი ლისიაჩინსკის მონაკვეთზე, ჩვენკენ, დასავლეთ უკრაინაში კი სპეციალურად დაარტყეს მარცვლეულის (ხორბლის, მზესუმზირის და ა. შ.) უზარმაზარ საწყობებს და იქაურობა ცეცხლს მისცეს. უბრალოდ, ჯინაზე, რომ მთელ მსოფლიოში ამდენი ადამიანი შიმშილობს, თორემ მარცვლეულის საწყობებს რა სამხედრო დანიშნულება უნდა ჰქონოდათ…
მერამდენედ ვიმეორებ და ალბათ, სამწუხაროდ, მთელი ცხოვრება მომიწევს გამეორება, რომ ომზე დიდი საშინელება არ არსებობს, მაგრამ აი, ასეთი სადიზმისა და მარაზმის წინააღმდეგ, მართლა ალალი და აუცილებელია, ბრძოლაც და ომიც… თორემ ისევ შეგვახსენებს საკუთარი ორლულიანი თოფით თავდაბრედილი ერნესტ ჰემინგუეი რომ:
„ომი საშინელებაა, მაგრამ ომზე უარესი რამეც არსებობს ამქვეყნად – ეგოიზმია ომზე უარესი, ლაჩრობაა ომზე უარესი, ღალატია ომზე უარესი…