განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დანიშვნის ბრძანებას დღეს მოეწერა ხელი.
მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რიგით მეთერთმეტე მინისტრი იყო – ის 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და თანამდებობა 8 თვის განმავლოვაში ეკავა. ჩხენკელი მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის წარდგენით, მიხეილ ბატიაშვილმა ჩაანაცვლა. მას შემდეგ, რაც ბატიაშვილმა თანამდებობა 7 ნოემბერს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, მთავრობამ არჩევანი კვლავ მიხეილ ჩხენკელზე შეაჩერა, რომელიც მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ განათლების საკითხებში პრემიერის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.
ჩხენკელის რვათვიანი მინისტრობის პერიოდის შეფასებისას განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ თავის დროზე მიხეილ ჩხენკელს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა სფეროში გასარკვევად, მაშინ კი როცა შეხვედრები დაიწყო დარგის სპეციალისტებთან, საზოგადოებასთან, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„ერთადერთი უმაღლეს განათლებაზე რომ იყო უფრო მეტად კონცენტრირებული, ეს ვიცით, ვიდრე ზოგად განათლებაზე. ეტყობა თვითონაც, რადგან მეტი გამოცდილება აქვს ამ სფეროში მუშაობის“, – განმარტავს ჯანაშია.
სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება საინტერესოა,- ერთი მხრივ, ეს შეიძლება, განვიხილოთ, როგორც საიმედო ნიშანი საიმისოდ, რომ ჩხენკელი არ იყო პოპულისტი მინისტრი, რომელიც წინასაარჩევნოდ შეიძლება მთავრობამ გამოიყენოს, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, მთავრობა თავად აპირებს პაპულისტური გადაწყვეტილებების მიღებას და მას სწორედაც პასიური მინისტრი სჭირდება საამისოდ, – „ჩხენკელის მინისტრობის პერიოდში ჩვენ ვერ დავინახეთ მისი მხრიდან აქტიურობა, ამიტომ შესაძლოა, მთავრობის გადაწყვეტილება ამასაც ნიშნავდეს“.
სიმონ ჯანაშია იმედოვნებს, რომ მიხეილ ჩხენკელი თავის გეგმებს იმ რეალობიდან გამომდინარე განავითარებს, რა მოცემულობაც დღევანდელ განათლების სისტემაშია და არ შეაჩერებს ბატიაშვილის გადაწყვეტილებებს, მაგალითად, სკოლებში ახალი კადრების შესვლასთან დაკავშირებით.
„იმ დროის განმავლობაში, რაც ჩხენკელი მინისტრი არ იყო, რაღაც პროექტები დაიწყო და იმედია, გაგრძელდება, მაგალითად, ახალი მასწავლებლების შესვლა სისტემაში, რაც ბატიაშვილმა დაიწყო საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს შეთავაზებით, რადგან ეს არის შესაძლებლობა, რომ უფრო მოტივირებული ხალხი შევიდეს სისტემაში.
ასევე, პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებას არ აპირებდა ჩხენკელი და ბატიაშვილის მინისტრობისას შეიცვალა. მნიშვნელოვანია, ესეც შენარჩუნდეს. ცვლილება შეეხო ეროვნულ და საატესტატო გამოცდებსაც. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამ ცვლილებებს მოჰყვეს სკოლისა და უმაღლესების განვითარებისკენ მიმართული ნაბიჯები, ძალიან მნიშვნელოვანია, ბატიაშვილის დაწყებული ნაბიჯების განგრძობითობა თუ იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოცემულობიდან გააგრძელოს და სწორად წარმართოს ეს ინიციატივები“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.