8 ივნისი
დილიდან მოყოლებული, მთელი დღის განმავლობაში, ყველა მხრიდან მოგვაწვნენ რუსები განსაკუთრებით კი სამხრეთ–აღმოსავლეთის მიმართულებით: – ზაპოროჟიე, დნეპრი, ნიკოლაევი, აქეთ აღმოსავლეთიდან, ბახმუტი, ლისიჩინსკი, თითქმის ბოლომდე მოაქციეს ალყაში სევეროდონეცკი, რამდენჯერმე კვლავ დაბომბეს ოდესა … რუსის ლოგიკას და სტრატეგიას ხომ კაცი ვერ გაიგებს, ოტო ფონ ბისმარკით დაწყებული ჩემით დამთავრებული… ერთი რამე ფაქტია, რომ რუსულმა არმიამ, საბოლოოდ თქვა უარი, კონტაქტურ და მობილურ ბრძოლაზე და გადაწყვიტა მაქსიმალურად გამოიყენოს, საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო უპირატესობა და ამას უკვე საკმაო წარმატებითაც ახერხებს. უკრაინული არმია საკმაოდ მწყობრად და ორგანიზებულად, მაგრამ მაინც უკან იხევს. უკან დახევასთან ერთად მატულობს მსხვერპლი, როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში… მათ შორის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა. კირილე შოთას ძე შანავა, მამამისი აფხაზეთიდან – ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარადან არის… გუშინწინ გიორგი გრიგოლია დაგვეღუპა, დღეს კირილე შანავა. ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია, ქართველებს ამ ომში მსხვერპლი როგორ არ გვქონია, მაგრამ ასე ზედიზედ მიყოლებით არ მახსენდება… მსხვერპლის მატებასთან ერთად, მოსახლეობაშიც მატულობს დაძაბულობა, გაურკვეველი მომავლის შიში… მიუხედავად იმისა რომ კაცების, ქვეყნიდან გასვლა კატეგორიულად აკრძალულია (იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემასთან არის დაკავშირებული), უკრაინიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, (თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ, ყველაზე მეტი დევნილი პოლონეთმა მიიღო) საბოლოო ჯამში 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა – თქვენ წარმოიდგინეთ ეს საქართველოს მთლიან მოსახლეობაზე ბევრად მეტია… სერიოზული ლაპარაკია, რომ რუსები შეეცდებიან სამხრეთ–დასავლეთით განავითარონ შეტევა ოდესაც ჩაიგდონ ხელში, დნესტრისპირეთშიც შევიდნენ და უშუალოდ დაემუქრონ მოლდოვის დანარჩენ ტერიტორიას და კიშინოვს – ამით სრულ საზღვაო ბლოკადას მოუწყობენ მთელს უკრაინას და დანარჩენი მოლდავის თუ არა, დნესტრისპირეთის ხელში ჩაგდებითაც კი უშუალო საფრთხეს შეუქმნიან სამხრეთიდან, დასავლეთ უკრაინის ყველაზე დაცულ რეგიონსაც – გალიჩინის, თავის ივანო–ფრანკოვსკით და ლვოვით – იქიდან კი ზაკარპატიე უჟგოროდი და ევროპული ქვეყნებიც ხელის ერთ გაწვდენაზეა. ამას გარდა მას შემდეგ რაც ლიეტუვამ დაბლოკა და რკინიგზის და ყოველგვარი სახის მიმოსვლა შეეზღუდა რუსეთს თავისი ანკლავის – „კალინინგრადის ობლასტის“ – (ესეც ბედის ირონია და რუსული ცინიზმი დიდი გერმანელი ფილოსოფოსის ემანუელ კანტის მშობლიურ ქალაქს – კენინგსბერგის – მოხუცი მარაზმატიკის მიხეილ კალინინის სახელი რომ ჰქვია, რომელსაც თავად სტალინი დაცინვით„კაზიოლ ვსესაუზნის“ ეძახდა…) რუსეთი პირდაპირ დაემუქრა ლიეტუვას სამხედრო ინტერვენციით, რამაც ვილნიუსის და საერთოდ ნატოს სამხედრო ბლოკის საკმაო შეშფოთება გამოიწვია…
სწორედ ამ მიზეზების გამოა, რომ უკრაინის მთავრობა, ევროპას და ამერიკას, სულ უფრო მტკიცედ და დაჟინებით სთხოვს სამხედრო–მატერიალური დახმარების გაზრდას და მართლაც გაუგებარია, რატომ უზოგავს დასავლეთი აშკარა, თავხედური და დამპყრობლური აგრესიის წინაშე უკრაინას მისთვის ასე აშკარად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თავდაცვით შეიარაღებას.
თთქოს საკმაოდ შავ–ბნელი სურათი დაიხატა, ჩენი კიევში ყოფნის ერთი თვის თავზე, მაგრამ ყოველგვარი ყალბი ოპტიმიზმის იდიოტური პროპაგანდისა და რაღაც ფსევდოპატრიოტული ლოზუნგების გარეშე უნდა მოგახსენით – რომ სრულიად დარწმუნებული ვარ რუსეთის დამარცხების გარდაუვალობაში, და ასევე ზუსტი არგუმენტები მაქვს რატომაც: პირველი რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალის, აბსოლუტური არაადექვატურობა და უუნარობა აწარმოოს ამხელა მასშტაბის ომი… მეორე თავდაცვის მინისტრი შოიგუ და მისი გენშტაბი რომლებმაც გარდა იმისა რომ სულ არაკომპეტენტურობა და უცნაურობა გამოავლინეს, არამედ ელემენტარულად გაძარცვეს და კორუფციის ჭაობში ჩაახრჩვეს, მთელი რუსული არმია… უბრალოდ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ტანზე და ფეხზე გახადეს საკუთარ ჯარს და ვიღაც ზავხოზები და ღამის დარაჯები გამოუშვეს კეტებით და კირზის ჩექმებით ამ სასაკლაოზე და კრემაციის მანქანებიც გამოაყოლეს თან, რომ ფერფლად აქციონ და უკვალოდ გააქრონ, მათი ოჯახი კი ზეთით „გრეჩიხით“ და „რაკუშკა“ მაკარონით ანუგეშონ, ან უკეთეს შემთხვევაში სარეცხი მანქანით… ამას გარდა რაც უნდა ულევი მარაგი ჰქონდეთ ამ ჯართი ჯავშანტექნიკისა, ფაქტობრივი მსოფლიო ბლოკადის პირობებში, გამოულეველი რესურსები უბრალოდ არ არსებობს და ბოლო და მთავარი – „დიდ უმაღლეს მთავრასარდალს“ ვლდაიმერ პუტინს და მის ასევე „დიდ მთავრასარდალს“ შოეუიგეს, დღემდე არ ჩამოუყალიბებიათ, არც სამხედრო –სტრატეგიული, არც სამხედრო – პოლიტიკური, არც სამხედრო–ოპერატიული ამოცანა – ანუ ადამიანურ ენაზე რომ მოგახსენოთ – „რა დედისა უნდათ?“ გარდა რაღაც იდიოტური „დენაციფიკაციისა“… და ეს „დენაციფიკაცია“ რას ნიშნავს თავადაც არ იციან და ვერ ჩამოყალიბებულან… კიევის აღებას და ზელენსკის ლიკვიდაციას?… ზელენსკის დამხობას და მისი ხელისუფლების პრორუსული მთავრობით ჩანაცვლებას?… უკრაინისთვის ტერიტორიების წართმევას ფინეთივით და საქართველოსავით და მათ ასევე სამუდამოდ გადამტერებას…
მოკლედ კითხვები უამრავია, პასუხები კი არ ჩანს, და სწორედ ეს მაფიქრებინებს, ერთის მხრივ იმას რომ ეს ომი გაგრძელდება დროში და სამწუხაროდ შეიძლება, კიდევ უფასო სასტიკი და სისხლისმღვრელი აღმოჩნდეს ვიდრე აქამდე იყო, ყოველ შემთხვევაში, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ 2023 წელსაც გადმოგვყვება… ხოლო მეორე მხრივ რუსეთი როგორც გადაიტანს მომავალი წლისთვის ამ ომს, ასევე სწორედ ამ ომითვე მოეღება ბოლო და გული მიგრძნობს რომ მოძალადისა და ბრუტალური მონსტრის იმიჯით დაწყებული ომს საცოდავი მსხვერპლის როლში მყოფი დაასრულებს, ხოლო უმაღლესი მთავარსარდალი ვლადიმერ პუტინი, თავისი შოიგუთი, ლავროვით და კადიროვით თუ გაუმართლა ჰიტლერივით , ჰებელსივით, ჰიმლერივით და გერინგივით თავის მოკვლას მოასწრებს და თუ ნაკლებად გაუმართლებთ მუსოლინისა არ იყოს თავად თავისივე რუსები გააცნობენ ძალიან ახლოს ბენზინგასამართ სადგურთან, მაღალ ფარანს, ფეხებით თავქვე დაკიდებულები…
9 ივნისი
ხვალ 11 საათისთვის ავიღეთ ლვოვი–კრაკოვის ავტობუსის ბილეთი. ვბრუნდებით. მთელი ღამე განგაშის ხმა არ გაჩერებულა. ყველანი მაქსიმალურად ვცდილობდით ბავშვებს არაფერი შეემჩნიათ. უკრაინა საარტილერიო და სარაკეტო კანონადით გვეშვიდობებოდა. ძალიან გულნაკლულები მოვდიოდით, არ გვინდოდა წამოსვლა. აქ ვტოვებდით მიხასას, ულიანას, დაჭრილ „თუშს“ დათო აბულიძეს, ჯაბა ხოფერიას, ანდრეი სემენჩენკოს, არჩილ შარვაშიძეს, კახა მოსაშვილს, მეიდნელ გიორგას, ვალერა სერგეევს, ვადიმ გეფტერს, ათას ნაცნობ თუ უცნობ ქართველს და უკრაინელს, მაგრამ მეტი გზა აღარ გვქონდა, ყველა რესურსი ერთ თვეზე გვქონდა გათვალისწინებული და აქამდეც ჩვენი მეგობრების დახმარებით გავქაჩეთ… დღის განმვალობაში გავიგეთ, რომ ამ დღეს, დაბომბვისას კიდევ ერთი ქართველი მეომარი დანიელ გერლიანი დაგვეღუპა. ისიც აფხაზეთიდან იყო წარმოშობით… საერთოდ აფხაზეთიდან უამრავი ქართველი ჰყავდა უკრაინას შეფარებული და ქართველებიც თავდადებით იბრძვიან დღეს თავისი ახალი სამშობლოსთვის – უკრაინისთვის – ძველი მტრის რუსეთის წინააღმდეგ. დანიელ გერლიანის მამა ფრონტის ხაზზე დარჩა შვილის სისხლის ასაღებად, დანიელს კი კიევში სამხედრო პატივით დაკრძალავენ…
ეს უკვე მეოთხე ქართველო მებრძოლი დაგვეღუპა ჩვენს აქ ყოფნაში, აქედან სამი მათგანი ბოლო ოთხ დღეში… ამას გარდა დაიღუპა კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ბიჭი, რომელიც ჩვენებთან იბრძოდა და უკრაინელი სამხედრო მეთაური „კუმი“ რომელსაც ჯერ კიდევ თბილისიდან წამოსვლისას დავუკავშირდით…
ჩვენების გარდა ლისიჩინსკისა და სევერნოდონეცკში დაბომბვებისას მარტო 9 ივნისის განმავლობაში კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა დაჭრილების რაოდენობა კი ჯერჯერობით დაუზუსტებელია…
პატარა ბიჭები არა ვართ და მშვენივრად გვესმის, რომ ომი მსხვერპლის და დანაკარგის გარეშე არ არსებობს და სულ თავისუფლად შეიძლებოდა ეს მსხვერპლი და დანაკარგი ჩვენ თვითონ ვყოფილიყავით… მაგრამ მაინც ძალიან რთული გადასატანია ეს ყველაფერი, მით უმეტეს რომ როგორც უკვე მოგახსენეთ, მეორე დღეს, 10 ივნისს, ღამიანად გვიწევდა წამოსვლა და სახლში დაბრუნება…
ყოველთვის ძალიან მურტალი შეგრძნებაა ეგ, შენ რომ ბრუნდები და სხვა ვერა… ერთმანეთში უცნაურად შერეული – სიხარულის, რომ ისევ გადავრჩით და ახლობლებს ვნახავთ და ლამის სინდისის ქენჯნის – რომ ჩვენ გადავრჩით და სხვები ვერა და ისღა დაგვრჩენოდა, ერთმანეთი ცალყბად გვენუგეშებინა: – „ჩავთვალოთ, რომ ეს იყო „რაზვედკა ს ბოემ“ მეორედ უფრო მომზადებულები და უკეთესად ორგანიზებულები დავბრუნდეთო…“