5 ივნისი
ღამე რამდენჯერმე გაგვაღვიძა განგაშის სირენებისა და დაბომბვის ხმამ, მაგრამ ლოგინიდანაც აღარ ავმდგარვართ… მიხასი, ულიანა და ბავშვებიც კი არ გამოსულან საძინებლიდან და ჩვენ რაღა გვრჯიდა ამ ბერიკაცებს, რომ წამოვმხტარიყავით… სად გვერბინა და გვეძუნძულა აქეთ–იქით. თან უკვე ვარჩევდით ხმაზე, ქვევით ქალაქში ურტყამდა რკინიგზის ვაგზლისკენ… ისე ახლოს არ იყო, დნეპრში დრონები ზედ თავზე რომ გვედგა და ვადიმას მთელ სასტუმროს ზედ გვამხობდა… ისევ ევროპიდან შემოსულ სამხედრო ეშელონებზე ნადირობდნენ ბოზის დაზრდილები…
დილით გაირკვა, რომ ისევ „ისკანდერებით“ გვბომბავდა რუსული კასპიის ზღვის სამხედრო ფლოტილია… კასპიის ზღვიდან ლვოვს!… რა მეომრებიც არიან რუსები, მაგაზეც ეტყობათ, ახლოს რომ ვერ მოდიან, 5000 კილომეტრის სიშორიდან ბრმად ირტყმევინებიან… კასპიის ზღვიდან არა, ბარემ ურიუპინსკიდან და ჩებოქსარიდან ისროლონ და მაგრად მოარტყამენ მიზანში…
ასეც მოხდა – მეორე დილას მთელი ლვოვი სიცილით კვდებოდა და ერთმანეთს უყვებოდნენ, როგორ დაეცა ლვოვის მიმდებარე სოფელში „ისკანდერის“ რაკეტა, სოფლის ოთხი ფიცრით შეკრულ ტუალეტს. „ჩეჩმას“, ბატონო, აი, ადრე სოფლებში რომ „უბორნიები“ იყო, იმას ხიეს ნახევარი მილიონის ღირებულების რაკეტა ამ გოიმებმა. აესე, არც მეტი არც ნაკლები, ნახევარი მილიონი დოლარი ჩაახალეს, ოთხ ფიცარს, რომელშიც, საბედნიეროდ, არავინ არ იყო და რომლის წაქცევასაც, თუ მაინცდამაინც გალიჩინელების სოფლის „ჩეჩმის“ ჯინი სჭირთ კრემლში, ერთი ლაზათიანი წიხლიც ეყოფოდა. ნახევარი მილიონი დოლარი ნამეტანი ძვირი დაუჯდათ ამ ბითურებს… სამაგიეროდ, გახალისდნენ გალიჩინელები, რომლებმაც გადასარევად იციან ყველაფრის ფასი, მათ შორის „უბორნიისა“ და ცხოვრების. მთელი დღე მეასედ და სულ სხვადასხვა ვარიაციით ჰყვებოდნენ და უკვე ახალ–ახალ ანეკდოტებს თხზავდნენ „კაცაპების“ენით აუწერელ იდიოტიზმსა და უთავბოლობაზე… თან არც „მოსკოლიატ ნა ვილახ, რუსკიე პიდარასსი და პუტინ ხუილოს…“ მოძახილი ავიწყდებოდათ…
სამწუხაროდ, „მოსკალიატებიც“ ყოველთვის არ აცილებენ ან ნახევარს აცილებენ, მაგრამ ის ნახევარიც, რასაც მიზანში არტყამენ, სრულიად საკმარისია, რომ სიცილიც მოგისხიპოს და მთელი დღით გაგიფუჭოს ხასიათი… ლვოვის მერე, შუადღისკენ, კვლავ დაუნდობლად დაიბომბა უკრაინის ქალაქები, თანაც სწორედ ის ადგილები, სადაც მე და გოგა ვიყავით და ლამის მშობლიური გახდა ჩვენთვის – ისევ დაარტყეს ქალაქ დნეპრს, კერძოდ, „დნეპროვკისა“ და „დარნიცის“ რაიონებს, დაბომბეს კიევიც… რა თქმა უნდა, სასწრაფოდ დავუკავშირდით და მოვიკითხეთ ჩვენები – ვადიმ გეფტერი და ვალერი სერგეევი და პასუხად მათთვის დამახასიათებელი ფრაზები მოვისმინეთ – „ტა ია ვას უმოლიაუ უ ნიხ ტამ ვ კრემლე ვესტიბულ გარიტ… მი პობედიმ… აბნიმაიუ… ბერეგიტე სებია…“ და ძიაძია ვალერას მძიმე ბასი… „სვოლოჩი… ადნო სლოვა სვოლოჩი… ბუდტე პო ოსტოროჟნეე… სეგოდნია ფუტბოლ უელს–უკრაინა…“ როგორც ამბობენ, ეს კიევის ყველაზე ძლიერი დაბომბვა იყო აპრილის შემდეგ… ყველაზე ძლიერი ცეცხლისა და დარტყმის ქვეშ სწორედ ჩვენი ბიჭების – არჩილ შერვაშიძის, კახა მოსაშვილისა და მეიდნელი გიორგას უბანი მოჰყვა. აი, სადაც კაფე „თბილისიდან“ კიევის ალყის, ირპენისა და ბუჩის ბრძოლების დროს ყოველდღიურად უფასოდ არიგებდნენ პურს. მოგიყევით მათი ამბები 29-30 მაისს… მადლობა ღმერთს, ჩვენებიც უსაფრთხოდ გადაურჩნენ რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს და კაფე „თბილისოც“ ისევ თავის ადგილას იდგა… ისე კი კარგი სანახავი და მოსასმენი იქნებოდა, დაბომბვის დროს მეიდნელი გიორგა როგორ „შადიოდა რუსეთის მდგომარეობაში…“ და რა პირით უკითხავდა რუსებს თბილისური უბნების ყველა ენასა და დიალექტზე დედას და ყოველივე კარგებს, კეთილებსა და საუკეთესოს თავისი განუმეორებელი მიხვრა–მოხვრისა და ყიჟინის თანხლებით… მგონი რომ დაიწყო მშობლიური მეიდნიდან და კლორთაღიდან, აგე ორთაჭალასა და ნავთლუღს გაახედა. მე შენ გეტყვი, დაიზარებდა და მოიბეზრებდა თუ რა?..
თუმცა ჭყონიას საბედნიეროდ მეიდნელი გიორგა შორს იყო – 700 კილომეტრით იქით კიევში; ნერვებს ვეღარ მოუშლიდა ამას და აჩიკო შერვაშიძეს. ამ „პიდარასტმა რუსებმაც“ თითქოს დღევანდელი 5 ივნისის დაბომბვის გეგმაც შეასრულეს – მთელი თვეა აქა ვარ და ვერაფრით ვერ გავიგე, ამ აცაბაცა და უაზრო დაბომბვას რა სამხედრო მიზანი და აზრი აქვს, გარდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკების, უსახლკაროდ დატოვებისა და ამოწყვეტის, რაც მერე ერთი ათასად უბრუნდებათ, მთელ მსოფლიოში ტერორისტული სახელმწიფოს იმიჯს უძლიერებთ და დაშინებითაც უკვე ვეღარავის ვერ აშინებენ. პირიქით უფრო ამწარებენ ყველას და ამით საკუთარ კრახსა და გარდაუვალ აღსასრულს იახლოებენ, თავისი ჰააგის ტრიბუნალით, თუ კიდევ უარესით არა…
ეს ბოლო დღეები ძალიან გაგვეწელა. მას შემდეგ, რაც ბილეთების გადაცვლის იმედი გადაგვეწურა, მე და გოგა უკვე საათებს ვითვლიდით… დღეს საღამოს ორი ფეხბურთი გველოდა და ეგ ამბავი ცოტათი გვახალისებდა. უკრაინა უელსს ხვდებოდა. გადამწყვეტი თამაში იყო. გამარჯვებული შემოდგომაზე კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე გადიოდა (ესეც ფიფას კორუფცია, უსინდისობა და იდიოტიზმი; ჯერ რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი და ახლა კატარში, თანაც ნოემბერ–დეკემბერში. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატია თუ თანღუთური აქლემების დოღი), მოგვიანებით კი ჩვენები ეთამაშებიან ერთა ლიგაზე ბულგარეთს… ბულგარეთთან მხოლოდ ერთხელ გავიმარჯვეთ – 1995 წელს, როდესაც ბულგარეთს თავის ისტორიაში საუკეთესო გუნდი ჰყავდა. წინა (1994) წელს ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილზე გავიდა, სტოიჩკოვი და სასტავი ჰყავდათ, მაგრამ მაინც დავამყნეთ თბილისში 2:1, მაგრამ მაშინ 90-იან წლები იყო და ჩვენც სხვა ბრიგადა გვყავდა… მას შემდეგ, სადაც დაგვიჭირეს, იქ გადაგვახიეს ბურთი თავზე – სუ 6:2 და რავი… აგე, შარშანაც 4:1 მოგვართვეს. ასე რომ, უკრაინა–უელსს უფრო ველოდებოდით… მიხასსა და ულიანას სახლში პრინციპულად არ ჰქონდათ ტელევიზორი და ფეხბურთისადმიც საკმაოდ გულგრილები იყვნენ. ასე დავრჩით ჩვენი მობილურებისა და ინტერნეტის ანაბარა… აი, სად ვინატრეთ კიევი, „სლავუტიჩუს“ უბანი, ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი და ნამდვილი გურმანი ძიაძია ვალერა და ფართოეკრანიანი ტელევიზორი, მაგრამ ეგეც არაფერი, ყველაზე კარგი იქ არის, სადაც ჩვენ ვართ… ასე რომ, გაუმარჯოს ლვოვს ლომების ქალაქს…
და გოგამ და მე გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შემოგვევლო ლვოვის ქუჩებისთვის და სადმე კაფესთვის შეგვეფარებინა თავი… ჩავსხედით ჩვენს მშობლიურ N3 ტრამვაიში და გავყევით ბოლომდე, ვიდრე ჩვენთვის უცნობ ქუჩებში არ ამოვყავით თავი… ჩამოვხტით ტრამვაიდან და დავიწყეთ ბოდიალი…
გოგას ისედაც კადრების დარდი ჰქონდა, ამიტომ დააძრო ვადიმ გეფტერისეული ვიდეოკამერა და გადაიღო და გადაიღო, აღარც გამორთო… აღარ გამორთო და როგორც 14 მაისს კიევში, ახლაც შეგვიპყრეს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ შევეხეტეთ უადგილო ადგილას, არამედ გაჩერებაზე ერთმა მოწინავე და შეგნებულმა „სტუკაჩმა“ დაგვაფიქსირა და თვითონ კი არ გვკითხა, ვინ ოხრები ხართ და რას იღებთო, არამედ იქ დარეკა, სადაც ჯერ არს… ისიც კი გვესმოდა, როგორ გვაბეზღებდა: „დვოე პოდოზრიწელნიე, ი ნა ვიდ დავოლნა აპასნიე, ადინ ვისოკიი, ვ ბეზრუკავკე ცვეტა კამუფლიაჟა…“ თან, რატომღაც, რუსულად ელაპარაკებოდა, რაც, როგორც მოგახსენეთ, უიშვიათესი მოვლენაა ლვოვში…
გასაგებია, რომ ომია და ყველაფერი… მაგრამ ისე გულდასმით ხალისიანად და გულმოდგინედ ჩაგვიშვა, აშკარა იყო, პროფესიონალთან გვქონდა საქმე, აი, თავის მეზობლებზეც რომ ეგრე კოხტად რეკავს, საქმის ცოდნით… გაგვიმეტა რა… უკრაინელ ძალოვნებს ხუმრობა ნამდვილად არ უყვართ, მით უმეტეს აქ, ლვოვსა და გალიჩინაში – ისე გემრიელად მიგვაყენებდნენ კედელთან და მიგვახვრეტდნენ, შენი მოწონებული, გეძახა მერე: „თქვენები ვართ, ბიჭოო და „იაკ აშობოჩკა ვიშლა“… რო გაგვაფართხალებდნენ იქა და გაგვაფშეკინებდნენ ფეხებს საკაიფოდ…
– რა ვუყოთ ამ ჩემისას–მეთქი? – გოგას ვკითხე…
– რა უნდა ვუყოთ, ერთი მაგის ოხერი ნასედკა დედაც ვატირე, ხო არ ვესვრით; ღირსი კია, მარა არ გვაქვს სასროლი… რო გავიქცეთ, სად გავიქცეთ და როცა მოვლენ და დაგვიჭერენ, დაგვიჭირონო…
ვახ, გიჟია ესა, გეუბნებით… თან კი არ გამორთო ეს ოხრად დასარჩენი ვიდეოკამერა. რას ატანდა, მე რომ ვადიკა გეფტერის ყოფა ვატირე… სულ წაღმა–უკუღმა იღო – აეგრე, იგრე, ხელუკუღმა, გარეკაური, „ჩერეზსებია“; რავი, ღმერთმა ნუ იცის ამის „მხედრიონელი,“ პოეტი და რეჟისორი თავი და ტანი…
„ხარაშო და ხვალე გნახავთ“… როგორც ჩემი შპანა ვამბობდით ავბედით და სამგზის შეჩვენებულ 90-იან წლებში, როცა შპანა–შპანა დავდიოდით. კაი ხნის მივიწყებული გვქონდა ეს ტერმინი, მაგრამ აგე, სად გამახსენდა და აღვადგენ აწი…
იმ ქუჩაზე არა, მეორე ქუჩაზეც არა და მესამე ქუჩაზე კი გადმოგვიჭრა ორმა ველოსიპედიანმა პოლიციელმა გზა და შეგვაყენეს… ველოსიპედიანი ეძახე და გადასარევად იყვნენ შეიარაღებულები, ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები, ხელკეტები, პატარა იარაღი და ახალთახალი „უზებიც…“ ისრაელის, თუ არ შემეშალა… კიევში რომ დაგვაკავეს, ისინი უფრო პოსტსაბჭოთა „სავოკი“ მენტები იყვნენ, ესენი კი – სუფთა ევროპელები…
– ზრასწე – ისეთი უაქცენტო და სუფთა რუსულით მიესალმა ეს ჩემის ცოდვით სავსე ჭყონია, თან კამერამომარჯვებული, რომ ლვოველი პოლიციელი სიმწრისგან ჩაბჟირდა და ხელი იარაღისკენ გაექცა…
– შჩო ზრასწე?.. შჩო ზრასწე?.. – ამოიხიხინა გაავებულმა.
– გამარჯობა!.. სასწრაფოდ ქართულად მივესალმე. – ქართველები ვართ, ძმა. – განვაგრძე ისევ ქართულად. ამ გოგას აფხაზურმა, სუფთა რუსულმა, უდარენიებმა, როდებმა და პადეჟებმა ხომ ბოლო მომიღო, რა…
– შჩო?.. – მომიბრუნდა ახლა მე, მაგრამ ცოტა შეცვლილი ინტონაციით. – ნა ვას ზვანოკ ბილ; შჩო სნიმაიტე?..
– და სლიშალი მი, კაკ ონ ზვონილ; ეტატ ნე ხაროშიი ჩელოვეკ. – ესლი ბი სპროსილ, ატვეტილი ბი პო ჩელოვეჩესკი, მი გრუზინი, ცელიი მესიაც ზდეს. ია პისატელ, პიშუ კნიგუ პრო უკრაინუ (რაც მე აქ დაპატიმრებებისას ვიბრალე, მწერალი ვარ–თქო, ტყუილია რა) ონ რეჟისორ, სნიმაეტ ფილმ – ვოტ, რადი ბოგა, სმოტრიტე, ჩიო მი სნიმალი…
კი ჩახედეს კამერას, მარა ესეც ისე; მაინცდამაინც მიწაზე არ დავუყრივართ, ხელები არ გადაუგრეხიათ; აშკარად დამშვიდდნენ თვითონაც.
– ბუძ ლასკა დოკუმენტი – კამერის თვალიერებას რომ მორჩნენ, პასპორტები მოგვთხოვეს…
მეორედ მაშინ დაფეთდნენ, როდესაც ორივესი – ჩემი და გოგას პასპორტები მე ამოვიღე გულის ჯიბიდან და არხეინად გავუწოდე…
– ტა ეტა იაკ, პოჩემუ ობე პასპორტა უ ტებია?.. და ეგეთ დროს ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა მიედ–მოედო და უბრალოდ სიმართლე უნდა თქვა…
– და პატამუ შტო, ონ ნე ტოლლკა რეჟისორ, პოეტ, რასწერიანნი, ვსო წერიეტ; ესლი ონ პასპორტ პაწერიაეტ, ტაგდა ვი პუსწიწე ნას ნა გრანიცე პოლში?.. ნამ უჟე სკორა დამოი, 11იუნია ვილეტემ ჩერეზ კრაკოვ…
იცინეს გულიანად… არც არაფერი წაუშლიათ, არც ის უთქვამთ, არ გადაიღოთო, ისევ მე დამიბრუნეს ორივე პასპორტი, მოასხდნენ თავიანთ ველოსიპედებს და ხელი დაგვიქნიეს…
– ეე, მოიცათ. – ბარემ პოდსკაჟიწე, კოგდა ვაში იგრაიუტ ს უელსამ ი ნა კაკომ კანალე მოჟნა პოსმოტრეწ?..
ითათბირეს, იკამათეს და ბოლოს საათიც გვითხრეს და ტელეარხიც. ბოლოს, გამომშვიდობებისას, ისეთი დავიღრიალე „სლავა უკრაინე!“, რომ ცოტა ზედმეტიც მომივიდა .და ლვოველი პოლიციელები ველოსიპედებიანად შეხტნენ. – „გეროიამ სლავაო“ – მოგვაძახეს და დაატრიალეს პედლები… მგონი იფიქრეს, ვერ არიან ესენიო!..
და განა ტყუოდნენ ლვოველი პოლიციელები, პატივცემულო მკითხველებო?.. არა!.. რა ქნა ჭყონიამ?.. შეწყვიტა გადაღება?.. !.. გააგრძელა გადაღება?… არა!.. უარესი… ჩემს ჭირად, იქვე მახლობელ ეკლესიაში დიდ ქორწილს გადააწყდა და, რატომღაც, იმ ქორწილის გადაღება დაიწყო. თან „ობშჩიი კადრს“ კი არ დასჯერდა, გაერია შიგ მაყრიონში და ყველას სათითაოდ იღებდა. მღერის ეს ხალხი ამ ომიანობის დროს, გალობს… ჯვარს იწერენ მონა ღვთისა და მხევალი ღვთისა… და დადის ჭყონია და იღებს… არ დატოვა მაყარი, მეჯვარე, ხელისმომკიდე, სიძე და პატარძალი… პატარძალიცა, კაცო… პატარძალსაც იღებდა… ვაა, გიჟპოეტაა რა, გეუბნები; თან არ დაგავიწყდეთ, სრულიად ფხიზლები ვართ; გუშინს აქეთ წვეთი არ გვაქვს დალეული… მართლა, დედას ვფიცავ…
რაღა დამრჩენოდა?.. შევდექი შემაღლებულზე და მექორწილეებში საქმიანი სახით მობორიალე კამერამომარჯვებულ ჭყონიას თვალს არ ვაცილებდი, რომ, როცა მისი ოპერატორული ნიჭით თავმობეზრებული მაყრიონი თავ–პირში წაუშენდა, დროზე ჩავშველებოდი და მეც ჩემი წილი მომხვედროდა გვერდებში… თან იქვე მოწყალების სათხოვნელად გამოსულ აქაურ ლოთ ბიჭებსა და ჯიგრებს უშურველად ვურიგებდი გრივნებს, რომ სრულიად უდანაშაულო და ცამდე მართალ ლვოველ მექორწილეებთან ხელჩართული ჩხუბი თუ მოგვიწევდა, ძალიან მაგრად არ დავებეთქეთ…
აგე, რო ატყდებით ხოლმე, ღმერთი არ არიო!… როგორ არ არის?.. გაჭრა კოლეგა ლვოველი ბომჟებისა დ აბრაძიაგების გალიჩინურმა ლოცვებმა და, რატომღაც, არ გვცემეს, თუმცა ჭყონიას ისე უბღვერდნენ, რომ, როდესაც ისევ ჩვენს N3 ტრამვაიში ავედით, კარიც საიმედოდ დაიგმანა და ტრამვაიც ჭრიალ–ჭრიალითა და რახრახით დაიძრა სახლისკენ, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით…
ამ ყოფით მივაღწიეთ ჩვენს სახლამდე; მიხასისა და ულიანას აყვავებულ ბაღში დავსხედით; ახალი თავგადასავლებიდან თავდაღწეულებმა ჩვენ ჩვენი მობილურები მოვქოქეთ, საფეხბურთო არხებიც დავიჭირეთ, ლუდი და ჰორილკაც მოვიმარაგეთ და სულით და გულით ვგულშემატკივრობდით უკრაინას უელსთან მატჩში… სხვათა შორის, უელსიც 1958 წლის შვედეთის ჩემპიონატის მერე აღარ გამოჩენილა მსოფლიო ჩემპიონატებზე, 1958 წელი კი 17 წლის ბრაზილიელი პელეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, სადაც ეგრევე გაიბრწყინა და მეოთხედფინალში სწორედ უელსს გაუტანა ერთადერთი გოლი…
ადრეც მოგახსენეთ, მიხასი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ იყო, თანაც, როგორც ყოველთვის, დიდი სტუმრიანობა ჰქონდა, ამიტომ უკრაინას, ძირითადად, ორი ქართველი, კიევში კი ძიაძია ვალერა ვგულშემატკივრობდით… თუმცა გოგოები – ულიანა და მისი მეგობარი ნატალია ჰერა (სწორედ ასეთი საინტერესო და მითოლოგიური გვარი ჰქონდა) გვერდით მოგვისხდნენ და ფეხბურთზე მეტად ჩვენს თბილისურ შეძახილებს, ყიჟინას, ხელების შლას და ჩახვეულ ქართულ–ხალხურ სკაბრეზებს ადევნებდნენ თვალყურს…
არა, ერთი ორჯერ მიხასამაც დაგვხედა, ვიღაც ბიჭი მოიყვანა და გაგვაცნო, მწერალიაო… რომ ავხედე, გულმა რეჩხი კი მიყო – მართლა მწერალსა ჰგავდა – მე კიდევ ცუდად მაქვს ეგ დაცდილი, მასტი რომ მართლა იმას ჰგავს, რასაც ამბობს, რომ ესა ვარო ან მასზე რომ ამბობენ, ეს არისო… აი, მაგალითად, ტიპი რომ ამბობს, მაგარი ნაშამორი ვარ, ქალები ჩემზე გიჟდებიანო ან სხვები ამბობენ, ბიჭო ამან ჯადოსნური სიტყვა იცის ქალებთანო… ეგეთი გამოზმანული, ტკბილმოუბარი, თმებგადავარცხნილია და „მხოლოდ შენ ეერთს…“ და, ცხონებული პაკოს თქმის არ იყოს, აუცილებლად „ფსევდობაბნიკი“ გაიჩითება… ან მაგარი დაკუნთული ტიპია, მე ისეთი მაგარი ვარ, რო აი, ძაან მაგარი, „ქუჩის აკადემია, ძმაო“ და მორჩენილია მაგის საქმე, აკადემია არა ლიცეუმი… აზრზე არ არის და ვერაფერი შვილია ქუჩის საქმეებში.. მწერალი ვარო და პას ეგრევე… გია ყანჩელსა და ბიძინა კვერნაძეს ასი წელი ვერ შეატყობდი, რომ გენიალური კომპოზიტორები იყვნენ… დათო ყიფიანზე, მას შემდეგ, რაც ლონდონის „ვესთ ჰემი“ გაანადგურეს, „გარდიანმა“ დაწერა, კოლეჯის პროფესორს ჰგავსო; ქერა მიშა მესხი წესიერ ფრიადოსანს ჰგავდა და მთელ მსოფლიოს ამატავებდა; მურთაზ ხურცილავა მოჭიდავეს ჰგავდა; რეზო ინანიშვილი – მოწინავე მევენახეს; ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი წარმატებულ კლერკს; ჟან პოლ სარტრი ელამ ბუღალტერს; ანტუან დე სენტ ეკზიუპერი მფრინავს… მე რომ ლიტრიანი ან, როგორც ჩემი ებრაელი აბრამსა იტყვის ხოლმე, კილო არაყი მაქვს იღლიაში ამოჩრილი და „ციყვებისაკენ“ მივდივართ, კაცი რომ შემომხედავს, ვინა ვარ და ლოთი… მაგრამ აბა ვერ გავლოთდი, არ გამოვიდა ჩემგან არაფერი; ეგრე ადვილი კი არ არის გალოთება… ხოდა, ეს მიხასას მწერალიც შეხედავდი და სუფთა მწერალი იყო, მაგრამ მე ვინ მეკითხებოდა, სტუმარი ვიყავი და სტუმრად მოვიდა – ავდექი ხელი ჩამოვართვი – მოდი–მეთქი, ძმაო, დაგვეწვიე; აგე, თქვენები მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გავიდნენ, უელსს თუ მოუგებენ… და ამან, ამ მწერალმა – აჰ, არა, არ მაინტერესებს ფეხბურთი, არაინტელექტუალური თამაშიაო…
ისეთი სახე გამიხდა და ისე შევხედე, ჭყონიამ ეგრევე ხელი მტაცა, – დაჯე, გაანებე თავიო – „ე, წატი–მეთქი, შენი ინტელექტუალური და მწერალი დედაც…“ ამ ერთი თვის განმავლობაში რა არ გადაგვხდა, მაგრამ ერთადერთი უკრაინელი აღმოჩნდა, ვინც მაგრა არ დამევასა… მიხასმაც იგრძნო და სასწრაფოდ გაგვარიდა. მოგვაშორა იქიდან… – აეხლა ამან რა უნდა დაწეროს ამ ბითურმა–მეთქი – შევჩიოდი ჭყონიას. – ამ ჩემს ფეხებს, თუ ვერც დაწერს, ეგ მადარდე ახლა; დაანებე თავი, ერთი მაგის დედის ტრაკიც… ფეხბურთს მაყურებინეო, – მეჩხუბა ჭყონია.
წავაგეთ. წააგო უკრაინამ და დარჩა, ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე… არადა, როგორ გვჭირდებოდა ეს გამარჯვება, მთელ უკრაინას და ჩვენ ყველას ერთად… მე ცალკე ავტყდი: „ამ მწერალმა დაგვთარსა, მე ამის არიფი, ინტელექტუალი და ეგზისტენციალური ჭმუნვები და სუყველაფერი რო….“ ნატალის, მიხასასი და ულიანას შემცხვა, თორემ გავგლეჯდი შუაზე, გავაყრევინებდი მთელ მუზებს… ეტყობა, თვითონაც იგრძნო, როგორი წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა როგორც შემოქმედმა, მოაზროვნემ და ინტელექტუალმა და სასწრაფოდ გაერიდა იქაურობას. ფეხბურთი ვიდრე დამთავრდებოდა, მანამდე მოცოცხა…
ბულგარეთი–საქართველო, ვეღარ დავიჭირეთ; ფხიზლებიც ვერ ვერკვევით ეგეთებში და უკვე ნასვამებმა სულ ვერაფერი გავაწყვეთ…
ვერ გავაწყვეთ და გამოუვარდით მე და ჭყონია ამ ჯავრიან გულზე უკრაინელ ჰორილკას ინტელექტუალურად და კარგა რიგიანადაც ჩამოვთვერით, შენ ხარ ჩემი ბატონი…