3 ივნისი
მოკლედ ჩემო ბატონო, რაკი ვერც ჩავიხოცენით და ვერც საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები გადმოვცვალეთ და ასე ხელმოცარულნი შემოვრჩით უკრაინას – სახლში წამოსვლამდე ცთითქმის ერთი კვირა იყო დარჩენილი, სხვა რა დაგვრჩენოდა ჭყონსკის და მე გარდა იმისა, რომ ლვოვში უსაქმოდ და უმიზნოდ ყიალი გაგვეგრძელებინა. ერთმანეთს არ ვუტყდებოდით, მაგრამ ორივეს აშკარად მოგვენატრა თბილისი და სახლეულობა. კი, ლვოვი მართლაც მშვენიერი ქალაქია, თუმცა ჩემი მეგობრებისგან და კოლეგებისგან – სოფო წულაიასგან, კატო ჯავახიშვილისგან და შოთა იათაშვილისგან განსხვავებით, რომლებსაც განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებთ ლვოვთან და ბევრს მისცემდნენ, რომ თუნდაც ომის დროს, ასე ჩვენსავით ებოდიალათ მის უცნაურ და ულამაზეს ქუჩებში, ბოლომდე გულწრფელი თუ ვიქნები ჩემი ქალაქი მაინც არ არის.
აბა ჩემი ქალაქი რომელია და: – „ეჰეიი აგერ გამოჩნდა მშვენიერი ქალაქი ისტამბული…“ კონსტანტინოპოლი, ცარგრადი, კუნსტანტინია… ქალაქი რომელშიც სამი ზღვა და ორი სრუტე აქვს და შუქნიშანზე მარშუტკა და გემი ერთად დგანან… ქალაქი რომელშიც ორი კონტინენტი, ევროპა და აზიაა გაერთიანებული და სამყაროსავით იდუმალი, უსასრულო, გამოუცნობი და ხოშიანია…
აქაც ჩაუდენიათ ამბები გურჯებს, ბიზანტიონიდან მოყოლებული, ოსმალეთის ხონთქრის კარით დამთავრებული, განა არა… ძალიან კი გვიმტკიცებენ გარეული და შინაური მტრები, რომ არაფრის მაქნისი ხალხი არა ვართ და მხოლოდ „ხაჩაფური“ უნდა ვუცხოთ და „მრავალჟამიერი“ ვუმღეროთ, მაგრამ მაგათ ყველაყისამან აი… ისტორია სულ სხვა რამეს მოგვითხრობს, ამ ისტორიას კი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ქართველი მეომრები უკრაინაში და კიდევაც დავადასტურებთ, სადაც კი მტერს წავისწრებთ, გარეულსაც და შინაურსაც, შინაც და გარეთაც…
ქალაქები კი უნდა გამოვტყდე უფრო სამხრეთული მევასება – მაგალითად ვგიჟდები ლიტვაზე და ლიტველებზე, უამრავი მეგობარი მყავს, ჩემი მოთხრობები ისე თარგმნეს და უპრესტიჟულეს ჟურნალ „ბალტიაში“ ისე გამოაქვეყნეს, არც გამიგია, მაგრამ ვილნიუსიც ლვოვია ჩემთვის, იმ თვალსაზრისით რომ, ორივე ქალაქი ძალიან ევროპული, ლიტვურ–პოლონური, სახელმწიფოებრიობის და დიდი რეჩ პოსპოლიტიას პირმშოა. სამხრეთი კი სულ სხვაა, ძალიან ჩემია, შეუდარებელი იტალიური აპულია და ბარი თავისი უნიკალური წმინდა ნიკოლოზის ტაძრით, რომელიც ერთადერთი კათოლიკური ტაძარია, ( თუ არ ვცდები) სადაც მართლმადიდებლური ქვეყნების, ქართული, ბერძნული და რუმინული კელიებია. ადრიატიკის ზღვის სანაპირო, უზარმაზარი, მონუმენტური, უძველესი საზღვაო ციხე სიმაგრე, რომელიც ძირითადად სწორედ ოსმალური სტამბულიდან თავდასაცავ ციტადელად იქცა და რა თქმა უნდა თავად სტამბულიც, რომლის ხსენებაზეც, პირველ რიგში, ციხე – მონასტერ ცეტინაში ალყაში მოქცეული, იატაგანმოღერებული ჩერნოგორიელები და მათი განწირული და გამაყრუებელი სიმღერა: -„ზახვაატიშეეე იისტამბულეე!..“ მახსენდება… კიდევ სად ვიყავი სამხრეთში და ჩვენი ერევანი და ბაქოც კაი ჯიგრიანი ქალაქებია და ყოველთვის სიამოვნებით ჩავალ კიდევ… კიდევ სად ვარ ნამყოფი?.. არა ქაბული არ მომენატრება, ქაბული და ჰელმანდი მეყო, მთლად ეგეთი სამხრეთელიც ვერა ვარ…
აი ეგეთი სისულელეები დამდიოდა თავში, როცა გონს მოვედი, კვლავ ლვოვში აღმოვჩნდი და მივხვდი რომ კვლავ მის ქუჩებს ვსერავდი… ხო კიდევ რა შეგრძნება გამიჩნდა და ამაზეც აუცილებლად ვკითხავ სოფოს, კატოს და შოთას თბილისში რომ დავბრუნდები, მათაც თუ დამართნიათ იგივე… აი, მეორედ ვარ ლვოვში და არ მტოვებს შეგრძნება რომ როდესაც პირველად ვიყავი ლვოვში, სულ სხვა ქალაქში ვიყავი და ახლა მეორედ რომ ვარ სულ სხვა ქალაქში ვარ… არ ვიცი ომის ბრალია თუ რა ხდება, თუმცა არა მგონია… მეტიც, მესამედ რომ ჩავალ ლვოვში და დარწმუნებული ვარ აუცილებლად ჩავალ, ალბათ ახლა მესამე ქალაქს აღმოვაჩენ… არ ვიცი, ალბათ ჩემი გიჟური შეგრძნებებია, თორემ ლვოვი ერთია და დგას და იდგება უკუნისამდე…
დღეს საღამოს ჩემს აქაურ ბიძაშვილ ლევან ქურხულს ვხვდები და ძალიან ვღელავ. ლევანი მეხუთე თაობაა უკრაინაში ცხოვრობს. ჩემი პაპის მამა გიორგი ქურხული დ ამისი პაპის პაპა დიდი ლევან ქურხული ალალი ძები იყვნენ. 26 მაისის დღეს უკვე მოგიყევით ამ ამბებზე. ის დიდი ლევან ქურხული 1924 წელს შეიარაღებული აჯანყების დროს ჩეკისტებმა წამებით მოკლეს , რადგან თანამებრძოლები არ გათქვა… პაპის მამა, დიმიტრი ქურხული უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკლეს და ეს შტო მთლიანად გადმოიხვეწა უკრაინაში… ქართული აღარ ახსოვთ, მაგრამ სახელი და გვარი არ დაუკარგავთ… ყველა ლევან ქურხული და დიმიტრი ქურხულია, ასე პაპიდან შვილიშვილზე გადადის სახელი ძველი ქართული წესით…
ამ ამბებზე ბევრი მაქვს დაწერილი… „ორი მთვარის ამბავი“ „ლერრა Масква…„ რავი სუ ქურხულებზე და ჩემს წინაპრებზე არ ვწერ?… და 90-იანებზე… ამის გამო სულ მსაყვედურობენ და მაკრიტიკებენ, მარა რავი, მე რაც მტკივა იმაზე ვწერ, აბა „სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედო“… „დროს ავუწყო ფეხი“ და ამათ ბითურულ და სიაფანდ მოდას და მეინსტრიმს ვსდიო?… რაც მტკივა და მაწუხებს იმის წერა მეზარება და ამთ ტყუილები სად ვუწერო და სად ვისპეკულიანტო და ვიბარიგო, რომ „ცნობადი სახე“ გავხდე და „თავი დავიმკვიდრო?..“ ისედაც ხოშიანად მიცნობენ ჰინდიყუშის მთებიდან კარპატებამდე და დაღესტნიდან აპენინამდე, თანაც არა მარტო როგორც მწერალს, იგრედაც…
ორჰან ფამუქმა თქვა ერთხელ, თუმცა არც ფამუქი, არც მურაკამი და არც ხალედ ჰოსეინი ჩემი მწერლები არ არიან, რაღაცა ხელოვნურად გამოყვანილი კასტა მგონია მწერლობაში და არა ნამდვილი ლიტერატურა, მაგრამ ის კი კარგად მოარტყა ჩვენებურად: – „მთელი ცხოვრება გამიტრაკეს საქმე, რა სულ ძალუაშენზე, მამიდაშენზე და ბებიაშენზე წერ სხვა რამეზეც დაწერეო, მე კიდევ მგონია რომ ბებიაჩემზე რომ ვწერ, მთელს სამყაროზე ვწერო…“ ნაღდია!… და ამის მაგალითი ჩვენცა გვაქვს, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი…“ მთელი მსოფლიოს გურული ოლღა ბებია… მეც როდესაც ჩემს წინაპრებზე და 90-იან წლებზე ვწერ, მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი სამყაროს და მსოფლიოს წინაპრებზე და ომით დაგლეჯილი თაობების ტკივილებზე ვწერ და მაგასაც ვნახავთ ვისი რა დარჩება სამუდამოდ… მასეთი „მეინსტრიმის“ და დროისა და სიტუაციის ფეხის აწყობით“ და კაი სქლად მტვერწაყრილი მაკულატურით არის სავსე ლიტერატურული სანაგვეები… აგე უნიჭო პროლეტმწერლების მთელი ბრბოები და გამოცემული ტომები, ლეგიონია მათი სახელი, გადაშალონ და ნახავენ…
არ გააჩმახეს მართლა?.. აგე ლვოვშიც კი გამახსენდნენ… სიწყნარეა არ ისვრიან და ეტყობა მაგიტომ, თორემ სროლაში ეგენი არ გაგახსენდეს კაცს, მეტი არაა ჩემი მტრისა და რუსეთის თავი…
მე და ლევანი საღამოს შევთანხმდით შეხვედრაზე, თვითონ გამოგივლიო… მიხასი და ულიანა დიდსულოვნად დაგვთანხმდნენ კიდევ ერთ სტუმრობაზე, ყველამ ერთად მაყალიც გავახურეთ და შამფურებიც ისე გამოვამზეურეთ, ჰა ლვოვი და ჰა ჩემი მშობლიური საგარეჯო… ლევანი ლვოველი იყო, აქ ცხოვრობდა და მუშაობდა, ასეთი გაუკრაინელებული ქურხული გახლდათ… ომის დაწყებისთანავე გამოცხადდა კომისარიატში, მაგრამ სტუდენტია და უთხრეს ჯერ ისე არ გაგვჭირვებია, რომ გამოუცდელი მოსწავლეები და სტუდენტები წავიყვანოთ, ასე რო შენს რიგს დაელოდეო… მიხასი და ულიანა ცოტა გაკვირვებული და შემცბარი ღიმილით უყურებდნენ ჩემს ნერვიულობას… ეს ბებერი და ვრედნი „მხედრიონელი,“ გურული ჭყონია კიდევ მეკაიფებოდა: – „რა შეგვჭამე ყველა ამ შენი ქურხულებით, აი რას ვიხალისებ, ეგეთი მწვანედ თმაშეღებილი, ტატუებით მოხატული და ყველგან პირსინგგაყრილი თანამედროვე ჯიგარი თინეიჯერი რო მოგადგესო…“ აი ცუდი მასტი როა და ნერვებს მიშლის თორე პირსინგის დარდი კი არა აქვს, თვითონ ჰყავს ყველანაირი მეგობრები ტოო არხეინად, მაგრამ მე უნდა მაღადავოს რა, აეგრე დამცინოს სახალხოდ ლვოვიდან თბილისამდე
კარგიი…
დარეკა მოვედიო და ჭყონიას ვუთხარი ეზოდან ფეხი არ გამოადგა ჯერ მე უნდა ვნახო სიმონ შანსი არაა… გამოვედი, ბიჭო და მოდის ტიპი… მოდის და მგონი მართლა სჯობდა გინდა მწვანედ ჰქონოდა თმა შეღებილი გინდა წითლად, გინდა სუ ჰიპი ყოფილიყო, მე რო ჩემი საკუთარი და გაგიჟებული ჯიში აჰაა…
მე მოვდივარ რა ფაქტიურად, ოღონდ 20 წლისა ვარ და უკრაინელი, ლვოველი ვარ, ჩემი შვილი მოდის, ძმისშვილი, რავი… მაღალი, თხელი, გრძელი ხელ–ფეხით, ჩვენი კლასიკური დიდ–პატარა ფეთიანი თვალებით… სისხლი ტო, გენი 100 წლის მერე, ალალი ძმების შთამომავლები, ლვოვში, ნატალია ტროხიმის სახლში, მიხასასთან ულიანასთან, ემელიანასთან და მელანიასთან, „ჩერვონნაია 21“ რანაირად შეიძლებოდა აეგრე დაგებულიყო, მე რო ბულგაკოვის და ვოლანდის სუ ძალიან კეთილები…
ჰა ჭყონი, გამო აბა ერთი–მეთქი, გამოდი გარეთ!.. ავღრიალდი გულზე მოსული… და გამოცვივდა მთელი ეზო გარეთ და დააღო ჭყონიამ პირი… ეგრევე შევარდა სახლში ვადიმ გეფტერის გამოტანებული კამერის გამოსატანად, რომ ჩვენი შეხვედრა გადაეღო, მაგრამ ვინ უყურებდა ტო, მაგის „მატორსა“ და „დუბლი ერთი, დუბლი ორს…“ ვიდექით ეგრე, ვუყურებდით ერთმანეთს, ერთნაირ თვალებში, ზუსტად სწორად, თანაბარ სიმაღლეზე… ეს ბავშვიც აშკარად გაოგნდა… ვდგავართ ეგრე…
– წამო, ჰა აბა წამო… ამოვღერღე როგორც იქნა… ქართულად რა თქმა უნდა, სად მქონდა რუსულის და უდმურტულის თავი იქა… წამო შევიდეთ, წამო… ეს მიხასაა, ეს ულია, აგე ბავშვები, ჭყონიაა ეს. გოგა ჰქვია… გოგა ამასობაში გვიღებდა, ცდილობდა ყოველ შემთხვევაში…
ვისხედით, მე აქაურ ამბებს ვეკითხებოდი, ის ქურხულებისას მეკითხებოდა, მამაჩემი დიმიტრიც მიყვებოდაო… ზოგი ამბები იცოდა, ზოგი არა… კარგად ვარო, პროგრამისტი ვარ თან ვსწავლობო, არ მიჭირსო…
ჩამოვრეკეთ ყველგან თბილისში, სახლში სანათესაოში… ჩვენს განთქმულ და მრისხანე ლამარა მამიდასაც დავურეკეთ („სამოთხიდან გაქცეულებში“ რომ ლამარა მამიდაა, ცოცხალია, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს 85 წლისაა) – აბა სათვალე გაიკეთე მამიდა ამ ბიჭს თუ იცნობ მეთქი… რათ მინდა ბიჭო სათვალე ლევანიაო – გაგვეპრანჭა სასწრაფოდ… მერე დაკითხა როგორც იცის ხოლმე „ს პრისტრასწიემ“ – სად სწავლობს, სად მუშაობს, შეყვარებული თუ ჰყავს, მერე მე მომადგა, რას ჰგავხარ რამხელა წვერი გაქვს რატომ არ იპარსავო… „ვა მეთქი, გოგო აქ სილამაზის სალონში კი არა ვარ, ომია, რა წვერი“… „შენ ყველგან ეგეთი მოუწესრიგებეილ ხარ, ომშიც და მშვიდობაშიც, არ დალიოთ ახლა და არ გაგიჟდეთ თქვენებურად, არ შემოიხედიოთ მთელი ლვოვიო…“ დამტუქსა სასწრაფოდ.
დავლიეთ მა რა ვქენით… გვდიოს ეგე ლამარამ დიღმის მასივიდან ლვოვამდე, აღარ მეშინია, ბოლოსდაბოლოს 47 წლისა ვარ, ვაა…
ლამის 10 საათზე გავიშალეთ. 11-ზე კომენდანტის საათი იწყებოდა აქაც. ომია მართლა მაინც… ტაქსი გამოვიძახეთ და გავაცილე… გაუხვია მოსახვევში, თვალს მიეფარა დაკიდევაც დაგვიშვეს ამ ბოზიშვილმა რუსებმა, ჩაირთო განგაშის სიგნალი, წივილი–კივილი… გადამიქანდა გული…მეთქი ეს ძლივს ნაპოვნი ბავშივი არ მომიკლან ამ დედაატირებულებმა. დავურეკეთ ეგრევე, მაგრამ იყოჩარეს, გაასწრეს, მიაღწია სახლამდე… მაგრად იყო, არ შეშინებია. მე შემეშინდა სამაგიეროდ…
როგორც ჩანს ისევ რკინიგზას და სამხედრო ეშელონებს ურტყამდნენ… იმედია ლევანასი არ იყოს მათაც გამოასწრეს… მიხასმა მობილურით გადაღებული ვიდეო გვაჩვენა, სადაც რუსებს უკრაინის ქალაქებში „ბელორუსი“ ტრაქტორის ლაფეტებით, ლენინის ძეგლები დააქვთ და სასწრაფოდ ამონტაჟებენ, დანგრეულ და გადაბუგულ მოედნებზე…
აი მართლა ვერ არიან რა…. კაი იპყრობ, იპყრობ, გაგიწყდა ჯიში, ბოლოს რასაც დაიპყრობს და მიიღებს მაგასაც ვნახავ, მაგრამ, მართლა მეტი საქმე არა გაქვს ლენინის ძეგლები რომ არ ათრიო აქეთ–იქით ჟანგიანი ლაფეტებით და არ ამონტაჟო ტო… არ გამიკვირდება ეგეც მაგათი პატრიარქის კირილის ლოცვა–კურთხევით და ხელდასმით ხდებოდეს… რაც ლენინი ჰყავთ ისიც „საპატრიარქო“ აქვთ…
ჩემს მეგობარს, მწერალ ირაკლი ლომოურს ედო თავის გვერდზე: -„უმომ რასიუ ნე პანიაწ ა დრუგიმ მესტომ ოჩენ ბოლნა“…
გენიალურია… და როგორც ყველაფერი გენიალური – ზუსტი!